წმიდისა დიდმოწამისა ბიძინა ჩოლოყაშვილისა და წმიდათა ორთა ძმათა მოწამეთა შალვასი და ელიზბარისა, ქსნის ერისთავთა (1660-1661);
ღირსისა ევმენი სასწაულმოქმედისა, ჰორტინელი ეპისკოპოსისა (VII);
მოწამისა არიადნასი (II);
მოწამეთა სოფიოსი და ირინესი (III);
მოწამისა კასტორისა;
ღირსი რომილე (XIV);
ღირსი აპფუ, ონსირიქოსის ეპისკოპოსი (IV);
წმინდა ლამბერტ ფრაიზინგელი (+957);
წმინდა არკადი, ნოვგოროდის ეპისკოპოსი (+1165);
ღირსი ილარიონ ოპტელი (+1873); წმინდა მღვდელმოწამენი: ალექსი კუზნეცოვი, პეტრე დიაკონოვი, მღვდლები (+1918); ამფილოქე (სკვროცოვი), კრასნოიარსკის ეპისკოპოსი; მღვდლები: იოანე ვასილევი, ბორის ბოგოლეპოვი, მიქაელ სკობელოვი; ვლადიმერ ჩეკალოვი, ბენიამინ ბლაგონადეჟდინი; კონსტანტინე ტვერდისლოვი (+1937); მოწამე სერგი ვედერნიკოვი (+1937);
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "მკურნალი" (XVIII);
მოლჩეს ღვთისმშობლის ხატი (1405).
დღის ლოცვა
მთავარმოწამე ბიძინა ჩოლოყაშვილის და ორთა ძმათა მოწამეთა შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა
ტროპარი: ღვაწლით შემოსილნო უფლისანო, ნეტარ არს მიწა იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქვენითა და წმიდა სამარხო იგი, რომელთა შეიწყნარეს გვამნი თქუენნი, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი კადნიერად ქადაგეთ, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: მოწყლული სურვილითა მეუფისათა არა რიდებდა ტანჯვასა ხორცთა თვისთასა, მსგავსად იაკობისა, ასოეულად დაჭრასა, ვინა მოვედით, კრებულნო მორწმუნეთანო, და შეუთხზათ ქებაი ღირსსა ქებისასა ბიძინას, რაითა მეოხ იყოს ქრისტეს მიმართ ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: გიხაროდენ, მოწამენო, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა და განწმიდეთ სულნი თქუენნი და სუნნელ იქმენით, ყვავილნო შუენიერნო და ბრწყინვალებანო მორწმუნეთანო ელიზბარ და შალვა, მეოხნო და მცველნო სულთა ჩუენთანო.