2. იმ დღეს იქცევა უფლის მორჩი მშვენებად და პატივად, და მიწის ნაყოფი ღირსებად და დიდებად ისრაელის ნატამალისთვის.
3. სიონს შემონახული და იერუსალიმში დარჩენილი წმიდად იქნება წოდებული ყველა, ვინც განწესებულია იერუსალიმში სასიცოცხლოდ,
4. როცა ჩამორეცხავს მეუფე მწვირეს სიონის ასულებს და გაწმედს იერუსალიმის წიაღს სისხლისაგან განკითხვის სულით და ხანძრის სულით.
5. მაშინ შექმნის უფალი სიონის მთის ყოველ ადგილზე და ყოველ საკრებულოს თავზე ნისლსა და კვამლს დღისით და ცეცხლის ნათებას ღამით, რადგან ყოველ დიდებას საფარველი გადაეფარება.
6. კარავი ჩრდილად იქნება დღის პაპანებაში და თავშესაფრად და საყუდრად ავდარსა და წვიმაში.
1. ვუმღერებ ჩემს შეყვარებულს სიყვარულის სიმღერას მის ვენახზე: ჰქონდა ვენახი ნაყოფიერ გორაკზე ჩემს შეყვარებულს.
2. დაბარა, ქვები მოაცილა, ჩაყარა წითელი ვაზი, ჩადგა კოშკი მის შუაგულში, საწნახელიც ამოკვეთა იქ და დაელოდა, ვიდრე სავსე მტევნებს გამოიღებდა. მაგრამ ხენეში ნაყოფი გამოიღო.
3. ახლა განგვსაჯეთ, იერუსალიმის მცხოვრებნო და იუდას ხალხო, მე და ჩემი ვენახი.
4. კიდევ რა უნდა გამეკეთებინა ჩემი ვენახისთვის და რა დავაკელი? რატომ გამოიღო ხენეში ნაყოფი, როცა სავსე მტევნებს ველოდი?
5. ახლა გაგიცხადებთ, რას დავმართებ ჩემს ვენახს: ღობეს მოვურღვევ, რომ გაპარტახდეს; ზღუდეს მოვუნგრევ, რომ გაითელოს.
6. გავაველურებ, არ გაისხლება და არ დაიბარება, და ამოვა იქ ნარი და ეკალი, ღრუბლებს ვუბრძანებ, წვიმა არ აწვიმოს მათზე.
7. რადგან ცაბაოთ უფლის ვენახი ისრაელის სახლი და იუდას ხალხია, მისი სანატრელი ნერგი, სამართალს მოელოდა და, აჰა, სისხლის ღვრაა! სიმართლეს და, აჰა, სასოწარკვეთილი ძახილია!
დაბ. 3,21-4,7
21. გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა.
22. თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, გახდა ადამი როგორც ერთი ჩვენთაგანი, შემცნობელი კეთილისა და ბოროტისა. არ გაიწოდოს ახლა ხელი და არ მოწყვიტოს სიცოცხლის ხის ნაყოფიც, არ შეჭამოს და მარადიულად არ იცოცხლოს.
23. გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული.
24. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათ
1. შეიცნო ადამმა ევა, თავისი დედაკაცი. დაორსულდა ევა და შვა კაენი და თქვა: კაცი შემეძინა უფლისაგან.
2. მერე შვა მისი ძმა აბელი. აბელი მეცხვარე იყო, კაენი - მიწის მუშაკი.
3. გამოხდა ხანი და მიართვა კაენმა უფალს ძღვენი, მიწის ნაყოფი.
4. აბელმაც მიართვა თავისი ფარის ნათავარი და რჩეული პირუტყვი. მოჰხედა უფალმა აბელს და მის ძღვენს.
5. ხოლო კაენსა და მის ძღვენს არ მოჰხედა. ძალზე გამწარდა კაენი და თავი ჩაღუნა.
6. უთხრა უფალმა კაენს: რად გამწარდი, რად ჩაღუნე თავი?
7. თუ სიკეთის მქნელი ხარ, განა თავაწეული არ უნდა იყო? თუ სიკეთის მქნელი არა ხარ, ცოდვა ჩასაფრებულია კართან, შენსკენ აქვს მას ლტოლვა, შენ კი იბატონე მასზე.
იგავ. 3,34-4,22
34. გალაღებულთ არცხვენს, შეჭირვებულთ კი მადლს ანიჭებს.
35. დიდებას დაიმკვიდრებს ბრძენი ხალხი, უგუნურები კი სირცხვილს წაიღებენ.
1. ისმინეთ, შვილებო, მამის შეგონება! ყურადღებით იყავით, რომ ჭკუა ისწავლოთ.
2. რადგან სასიკეთო დარიგებას გაძლევთ; ჩემი რჯული არ მიატოვოთ.
3. რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი მეც, დედის ნებიერი და ნანინანატრი.
4. მასწავლიდა მამაჩემი და მეუბნებოდა: მიირქვას შენმა გულმა ჩემი სიტყვები, ჩემი მცნებები დაიმარხე და იცოცხლებო.
5. შეიძინე სიბრძნე, შეიძინე გონიერება, არ დაივიწყო, არ გადაუხვიო ჩემს ნათქვამ სიტყვებსო.
6. არ დააგდო და შეგინახავს; შეიყვარე და დაგიფარავსო.
7. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
9. ლამაზ გვირგვინს მოგცემს თავზე დასარქმელად, დიდების შარავანდს გიბოძებსო.
10. ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
11. სიბრძნის გზა მიმისწავლებია შენთვის, სწორ ბილიკზე დამიყენებიხარ.
12. გაივლი, ნაბიჯი არ დაგიმოკლდება; გაიქცევი, არ წაიფორხილებ.
13. ჩაეჭიდე შეგონებას, ნუ დააგდებ; დაიმარხე იგი, რდგან ის არის შენი სიცოცხლე.
14. ბოროტეულთა კვალზე არ იარო, უკეთურთა გზას არ დაადგე.
15. ჩამოსცილდი, ნუ გაჰყვები; გვერდზე გადადექი და გაიარე.
16. რადგან არ ეძინებათ, თუ არ იბოროტეს; ძილი ეფრთხებათ, თუ არ შეაცდინეს ვინმე.
17. რადგან ბოროტეულის პურს ჭამენ და ძალადობის ღვინოსა სვამენ.
18. მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
19. ბოროტეულთა გზა წყვდიადივითაა: არ იციან, სად წაიფორხილებენ.
20. შვილო, შეისმინე ჩემი სიტყვები, ჩემს ნათქვამს ყური მოაპყარი.
21. არ მიეფარონ შენს თვალს, გულის სიღრმეში დაიმარხე.
22. რადგან სიცოცხლეა მათი მპოვნელისთვის და ჯანმრთელობა,
ებრ. XII, 1-10.1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.
მთ. XX, 1-16.
1. ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.
2. დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.
3. მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.
4. და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
5. ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.
6. ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად?
7. მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
8. რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.
9. მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.
10. მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.
11. და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენახის პატრონს
12. და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
13. ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?
14. მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15. იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?
16. ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.