დღის საკითხავები
ლიტ.: ილარიონისთვის - საკითხავი ღირსისა (საზიაროთაგან).
რიგ.: 2 ტიმ. 3: 1-9 (დას. 295). ლკ. 20: 45-21: 4 (დას. 103).
2 ტიმ.3,1-9
1. ეს კი იცოდე, რომ უკანასკნელ დღეებში მოიწევა საზარელი ჟამი.
2. რადგანაც კაცნი იქნებიან თვითმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ქედმაღალნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადურნი, უღირსნი,
3. კაცთმოძულენი, გულღრძონი, მაბეზღარნი, აღვირახსნილნი, გულმხეცნი, სიკეთის მოძულენი,
4. გამცემნი, თავხედნი, მზვაობარნი, უფრო განცხრომის მოყვარენი, ვიდრე ღმრთისა,
5. მოჩვენებითად ღვთისმსახურნი, სინამდვილეში კი მისი ძალის უარმყოფელნი; ამნაირთაგან შორს დაიჭირე თავი.
6. სწორედ ისინი არიან, ზაკვით რომ იპარებიან სახლებში და ატყვევებენ ცოდვებით დამძიმებულსა და სხვადასხვა ვნებით შეპყრობილ ქალებს;
7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას.
8. როგორც იანე და იამბრე უპირისპირდებოდნენ მოსეს, ისე ესენიც უპირისპირდებიან ჭეშმარიტებას: გონებაგახრწნილი კაცნი, რწმენაში უმეცარნი.
9. მაგრამ ამას იქით ვეღარსად წავლენ, რადგან ამათი უმეცრება ისევე ცხადი გახდება ყველასთვის, როგორც იმათი.
ლკ.20,45-21,4
45. ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა:
46. ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა;
47. რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი.
1. გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.
2. დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო შიგ,
3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო;
4. ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი.