დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. მე-6, ლკ. 24: 36-53 (დას. 114).
ლიტ.: 2 კორ. 6: 16-18; 7: 1 (დას. 182, შუა). ლკ. 6: 31-36 (დას. 26).
ლკ. XXIV, 36-53.36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.
52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.
53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.
2კორ. VI, 16 - VII, 1.
16. რამ შეუთავსოს ღვთის ტაძარი კერპებს? რადგანაც თქვენ ხართ ტაძარი ცოცხალი ღვთისა, როგორც თქვა ღმერთმა: „დავმკვიდრდები მათში და ვივლი მათ შორის; მე ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
17. ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
18. მე ვიქნები თქვენი მამა, ხოლო თქვენ იქნებით ჩემი ძენი და ასულნი“, ამბობს უფალი ყოვლისმპყრობელი.
1. ამრიგად, რაკი ეს აღთქმანი გვაქვს, საყვარელნო, განვიწმიდოთ ხორცისა და სულის ყოველგვარი მწიკვლისაგან და სრულვყოთ სიწმიდე ღვთის მოშიშებით.
ლკ. VI, 31-36.
31. როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
32. თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
33. და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
34. თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
35. ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
36. მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.