ლიტ.: იაკ. 2: 1-13 (დას. 52). მკ. 10: 23-32 (დას. 46).
კლიმენტისი: ებრ. 13: 7-16 (დას. 334). ინ. 10: 9 -16 (დას. 36).
იაკ. II, 1-13.1. ძმანო ჩემნო, დაე, თქვენი რწმენისათვის, რომლითაც გწამთ ჩვენი დიდების უფალი იესო ქრისტე, უცხო იყოს მიკერძოება.
2. რადგან თუ თქვენს სინაგოგაში შემოვა ოქროსბეჭდიანი და ბრწყინვალე სამოსით მოსილი კაცი, და შემოვა გლახაკიც ჭუჭყიანი სამოსით,
3. შეხედავთ ბრწყინვალე სამოსით მოსილს და ეტყვით: აქ დაბრძანდითო, გლახაკს კი - მანდ დადექი, ანდა: ჩემს ფერხთით დაჯექიო,
4. განა თქვენშივე არ განიკითხავთ მათ და უკეთური ზრახვით განმკითხველი მსაჯულნი არა ხართ?
5. ისმინეთ, ჩემო საყვარელო ძმანო: განა ამ ქვეყნის გლახაკნი არ აირჩია ღმერთმა რწმენით მდიდრებად და სასუფევლის მკვიდრებად, რომელიც აღუთქვა თავის მოყვარეთ?
6. თქვენ კი შეურაცხყავით გლახაკი. განა მდიდარნი არ გმძლავრობენ თქვენ და არ მიგათრევენ სამსჯავროებში?
7. განა ისინი არა ჰგმობენ იმ კეთილ სახელს, რომლითაც თქვენ იწოდებით?
8. თუ წერილის მიხედვით ასრულებთ სამეფო რჯულს: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“, კარგს შვრებით.
9. მაგრამ თუ გარეგნობის მიხედვით ასხვავებთ ხალხს, ცოდვას სჩადიხართ და მხილებულნი იქნებით რჯულის მიერ, როგორც დამრღვევნი.
10. რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა,
11. რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.
12. მაშ, ისე ილაპარაკეთ და ისე მოიქეცით, როგორც თავისუფლების რჯულით განსასჯელნი.
13. რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
მკ. X, 23-32
23. მიმოიხედა იესომ და თავის მოწაფეებს უთხრა: რარიგ ძნელია მდიდრისათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
24. მოწაფეებს გაუკვირდათ ეს სიტყვები, ხოლო მან ხელახლა მიუგო და უთხრა მათ: შვილებო, რარიგ ძნელია სიმდიდრის მოყვარულთათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
25. აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
26. ხოლო მათ უფრო უკვირდათ, და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
27. იესომ შეხედა და უთხრა მათ: კაცთათვის ეს შეუძლებელია, მაგრამ არა ღმრთისთვის; ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია ღმრთისთვის.
28. დაიწყო პეტრემ და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და შენ გამოგყევით.
29. იესომ პასუხად თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს სახლ-კარი, გინდა და-ძმები, გინდა დედ-მამა, გინდა ცოლ-შვილი, გინდა ადგილ-მამული ჩემი და სახარების გულისთვის,
30. და ახლავე, ამჟამად, ასმაგად არ მიიღოს სახლ-კარიც, და-ძმაც, დედ-მამაც, შვილებიც და ადგილ-მამულიც, ხოლო მომავალ საუკუნეში - საუკუნო სიცოცხლე.
31. მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და მრავალი უკანასკნელი - პირველი.
32. როდესაც იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას ადგნენ, იესო წინ მიუძღოდა მათ, ხოლო მისი მიმდევრები გაკვირვებულნი და შეშინებულნი იყვნენ. კვლავ მოიხმო თორმეტი და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა ელოდა მას:
ებრ. XIII, 7-16.
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.
15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
ინ. 10: 9 -16
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.