დღის საკითხავები
ცისკ.: სახ. 1-ლი, მთ. 28: 16-20 (დას. 116).
ლიტ.: კოლ. 3: 12-16 (დას. 258). ლკ. 18: 18-27 (დას. 91).
მეფისა: რომ. 13: 1-10 (დას. 111). ინ. 10: 1-9. (დას. 35, შუა).
მთ. 28, 16-20
16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
კოლ. III, 12-16.
12. მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13. შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
14. ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
15. დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16. დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
ლკ. XVIII, 18-27 .
18. ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე?
19. იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა.
20. იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას?
21. ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან.
22. ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე.
23. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
24. დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.
25. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში.
26. ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება?
27. ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის.
რომ. XII, 1-10.
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
4. ვინაიდან როგორც ერთ სხეულს ჩვენსას მრავალი ასო აქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე,
5. ასევე ჩვენც, მრავალნი, ერთი სხეული ვართ ქრისტეში, ხოლო ცალ-ცალკე ერთმანეთის ასოები ვართ.
6. და რაკი ჩვენთვის მოგებული მადლის წყალობით სხვადასხვა ნიჭი გვაქვს, ამიტომ, თუ წინასწარმეტყველების ნიჭი გებოძა, რწმენისამებრ იწინასწარმეტყველე,
7. თუ მსახურებისა - იმსახურე, თუ მოძღვრობისა - იმოძღვრე,
8. თუ შემგონებლისა - შეაგონე, თუ მოწყალების გაცემისა - უშურველად გაეცი, თუ წინამძღვრისა - გულმოდგინედ იწინამძღვრე, თუ ქველმოქმედისა - სიხარულით აღასრულე სიქველის საქმე.
9. დაე, უორგულო იყოს სიყვარული; განეშორეთ ბოროტს, მიეახლეთ კეთილს.
10. ძმური სიყვარულით გიყვარდეთ ერთმანეთი; ერთიმეორეს ასწრებდეთ ურთიერთპატივისცემას.
ინ. X, 1-9.
1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.
3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.
6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.
7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.