დღის საკითხავები
ცისკ.: მთ. 11: 27-30 (დას. 43).
ლიტ.: ებრ. 13: 17-21 (დას. 335). ლკ. 6: 17-23 (დსა. 24).
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
ებრ. XIII, 17-21.
17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.