დღის საკითხავები
ლიტ.: ებრ. 8:7-13 (დას. 319). მკ. 8: 11-21 (დას. 33).
ებრ. VIII, 7-13.
7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: "აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.
12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.
13. ხოლო "ახალიო" რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.
მკ. VIII, 11-21.
11. გამოვიდნენ ფარისევლები, დავა დაუწყეს და საცდუნებლად სასწაული მოსთხოვეს ზეცით.
12. მაშინ მძიმედ ამოიოხრა და თქვა: რად ეძებს ეს მოდგმა სასწაულს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ მიეცემა სასწაული ამ მოდგმას.
13. და მიატოვა ისინი, კვლავ ნავში ჩაჯდა და გაღმა გავიდა.
14. მოწაფეებს კი დაავიწყდათ პურის წაღება, და ერთი პურის მეტი არ ჰქონდათ ნავში.
15. უბრძანა მათ იესომ და უთხრა: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდეს საფუარს.
16. ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: ალბათ, იმიტომ, პური რომ არ გვაქვსო.
17. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რასა ბჭობთ, პური რომ არა გვაქვსო? ვერც რასა სცნობთ და არც რა გესმით? ნუთუ გაქვავდა თქვენი გული?
18. თვალი გაქვთ და ვერას ხედავთ, ყური გაქვთ და არა გესმით რა და არც რა გახსოვთ?
19. როგორ დავუტეხე ხუთი პური ხუთი ათას კაცს, და ნარჩენებით რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? თქვეს: თორმეტი.
20. ანდა შვიდი - ოთხი ათასს, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? მათ თქვეს: შვიდი.
21. და უთხრა მათ: ახლაც არ გესმით?