დღის საკითხავები
ლიტ.: 1 პეტ. 1: 1-10 (დას. 64). მკ. 13: 1-8 (დას. 58).
2 პეტ. 1,1-10
1. სიმონ-პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული, - მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა, ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით,
2. მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ ღვთისა და ჩვენი უფლის იესოს შემეცნების წყალობით.
3. რაკიღა მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი, რაც ცხოვრებისა და ღვთისმოსაობისთვის გვჭირდება, მისი შემეცნების მეოხებით, ვინც თავისი დიდებისა და სათნოებისაკენ გვიხმო,
4. რომელთაგანაც გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი, რათა ამ ქვეყნად გულისთქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი საღმრთო ბუნების თანაზიარნი გახდეთ.
5. ამიტომ თქვენც გულმოდგინედ ეცადეთ, რომ თქვენს რწმენას სათნოებაც ზედ მიუსართოთ, სათნოებას კი - შემეცნება,
6. შემეცნებას - თავშეკავება, თავშეკავებას - მოთმინება, ხოლო მოთმინებას - ღვთისმოსაობა,
7. ღვთისმოსაობას - ძმათმოყვარეობა, ძმათმოყვარეობას კი - სიყვარული.
8. თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება, უქმად და უნაყოფოდ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას.
9. ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, თვალდავსილია ან ბეცი, რადგანაც დაივიწყა, რომ უკვე განწმენდილია თავისი უწინდელი ცოდვებისაგან.
10. ამიტომ, ძმანო, უფრო გულმოდგინედ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ.
მკ.13,1-8
1. ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!
2. მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
3. ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
4. გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?
5. მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.
6. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.
7. ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
8. რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.