ძველი სტილი
28 სექტემბერი
კვირა
ახალი სტილი
11 ოქტომბერი
სულთმოფენობიდან მე-18 კვირა. ხმა 1.
ხსნილი ხსნილი
დღესასწაული ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის (პალიასტომის) სასწაულმოქმედი ხატისა. ღირსისა ხარიტონ აღმსარებელისა (დაახლ. 350); წინასწარმეტყველისა ბარუქისა (VI ს. ქრისტეს შობამდე); მოწამეთა: ალექსანდრესი, ალფესისა, ზოსიმესი, მარკოზ მწყემსისა, ნიკონისა, ნეონისა, ილიოდორესი და სხვათა (IV); კრება ღირსთა მამათა, კიევის ახლო მღვიმეში (ღირსისა ანტონისა) დავანებულთა.
დღის ლოცვა
ღირსი ხარიტონ აღმსარებლის კონდაკი:
იშვებდ, ღმრთივგონიერო, მარხვითა და წადიერებასა ხორცთასა აღვირ-ასხენ, გამოსჩნდი სარწმუნოებითა აღორძინებულად და, ვითარცა სამოთხისა ხე ცხორებისა, აღყვავენ, ხარიტონ ღირსო, მამაო ყოვლადსამღვდელო.
დღის საკითხავები
ცისკ. - სახ. მე-7, ინ. 63 დას. XX, 1-10. ლიტ. - 2 კორ. 188 დას. IX, 6-11. ლკ. 17 დას. V, 1-11. ღირ. - 2 კორ. 176 დას. IV, 6-15. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
ინ. XX, 1-10.
1. ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
2. გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
3. გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
4. ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5. დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.
6. მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.
7. ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.
8. მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.
9. რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10. და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
2კორ. IX, 6-11.
6. ამასაც გეტყვით: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
7. ყველამ გაიღოს გულის კარნახით და არა მწუხარებითა თუ ძალდატანებით, ვინაიდან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
8. ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის და ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ და, ამრიგად, ამრავლოთ თქვენი კეთილი საქმე.
9. როგორც დაწერილია: „გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართლე მისი წარუვალია უკუნისამდე“.
10. ხოლო ის, ვინც თესლს აძლევს მთესველს და პურს - საზრდოდ, ზღვად აქცევს თქვენს ნათესსაც და ამრავლებს თქვენი სიმართლის ნაყოფს,
11. რათა ყველაფრით გამდიდრდეთ ყოველგვარი გულუხვობისთვის, ჩვენი მეშვეობით რომ გადებს მადლიერებას ღვთის მიმართ.

ლკ. V, 1-11.
1. ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად გენესარეთის ტბასთან იდგა,
2. დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ.
3. შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა, ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
4. ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და ბადე ისროლე დასაჭერადო.
5. მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს.
6. ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე ეხეოდათ.
7. ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო; ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ.
8. ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.
9. რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ დაჭერილი თევზის სიმრავლემ;
10. ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები.
11. როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
2კორ. IV, 6-15.
6. რადგანაც ღმერთმა, რომელმაც ბრძანა ბნელიდან ნათლის გამობრწყინება, გაანათლა ჩვენი გულები, რათა გავებრწყინებინეთ ღმერთის დიდების შემეცნებით, რომლითაც სხივოსნობს იესოს სახე.
7. ხოლო ეს საუნჯე ჩვენ თიხის ჭურჭლებით დაგვაქვს, რათა ამ ძალის სიდიადე ღვთისაგან იყოს და არა ჩვენგან.
8. ყოველნაირად გვავიწროებენ, მაგრამ დათრგუნვილად არა ვგრძნობთ თავს; გამოუვალ დღეში გვაგდებენ, მაგრამ მაინც ვპოულობთ გამოსავალს.
9. დევნილნი ვართ, მაგრამ არა მიუსაფარნი; გვამხობენ, მაგრამ ბოლოს ვერ გვიღებენ.
10. ყოველთვის თან დავატარებთ სხეულით იესოს სიკვდილს, რათა იესოს სიცოცხლეც გაცხადდეს ჩვენს სხეულში.
11. ვინაიდან ჩვენ, ცოცხალნი, გამუდმებით ვეძლევით სიკვდილს იესოსათვის, რათა იესოს სიცოცხლეც გამოვლინდეს ჩვენს მოკვდავ ხორცში.
12. ასე რომ, სიკვდილი ჩვენში მოქმედებს, ხოლო სიცოცხლე - თქვენში.
13. მაგრამ რაკი რწმენის იგივე სული გვაქვს, რომელზედაც ამბობს წერილი: „მწამდა და მიტომ ვამბობდი“, ჩვენც გვწამს და მიტომ ვამბობთ.
14. რაკიღა ვიცით, რომ, ვინც აღადგინა იესო, ჩვენც აღგვადგენს იესოსთან ერთად და თქვენი თანხლებით წარგვადგენს მის წინაშე.
15. ვინაიდან ყველაფერი თქვენთვისაა, რათა მადლის სიუხვე მრავალთა მადლიერებად გადმოიფრქვეს ღვთის სადიდებლად.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ეპიზოდები წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან
ყრმობა. მღვდლობა. დაპყრობილ ქვეყანაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამავე ქვეყნის წარჩინებულ შვილთა პირად მაგალითს.