დღის საკითხავები
ლიტ. - 1 კორ. 159 დას. XV, 12-19. მთ. 84 დას. XXI, 18-22. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
1კორ XV, 12-19.
12. ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?
13. თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
14. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
15. მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.
16. ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
17. ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
18. და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში.
19. თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
მთ. XXI, 18-22.
18. ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა;
19. დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე. და მაშინვე გახმა ლეღვის ხე.
20. ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ გახმა ლეღვის ხე?
21. ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე.
22. და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.