დღის საკითხავები
ლიტ. - 1 კორ. 155 დას. XIV, 6-19. მთ. 81 დას. XX, 17-28. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 24 დას. VI, 17-23.
1კორ XIV, 6-19.
6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?
7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?
8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?
9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.
10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.
11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.
12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.
13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.
14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.
15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.
16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?
17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.
18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.
19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.
მთ. XX, 17-28.
17. და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ:
18. აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს;
19. და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.
20. მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.
21. მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.
22. იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
23. ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
24. ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
25. ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
26. ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
27. და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
28. რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. VI, 17-23.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?