დღის საკითხავები
ცისკ. - ლკ. 24 დას. VI, 17-23. ლიტ. - ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30. რიგ. - რომ. 108 დას. XII, 1-3. მთ. 39 დას. X, 37 -XI, 1.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.
რომ. XII, 1-3
1. ღვთის მოწყალებით შეგაგონებთ, ძმებო, ცოცხალ, წმიდა და კეთილსასურველ მსხვერპლად უძღვენით თქვენი სხეული ღმერთს, და ეს იქნება თქვენი გონივრული ღვთისმსახურება.
2. ნუ ემსგავსებით ამ ქვეყანას, არამედ გარდაიქმენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული.
3. ჩემთვის მოცემული მადლით მოგმართავთ ყველას: ნურავინ იფიქრებს თავის თავზე უფრო მეტს, ვიდრე უნდა ფიქრობდეს; არამედ იფიქროს ზომიერად, იმ რწმენის თანახმად, ღმერთმა რომ მიაგო თვითეულ თქვენგანს.
მთ. X, 37 -XI, 1
37. ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
38. ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39. ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
40. ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
41. ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
42. და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
1. და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.