დღის საკითხავები
ლიტ. - ქრისტეშობის შემდგ. შაბ. - 1 ტიმ. 288 დას. VI, 11-16. მთ. 46 დას. (შუათგან), XII, 15-21. რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან) I, 3-9. ლკ. 81 დას. XVI, 10-15. პირველმოწ. - საქ. 17 დას. VI, 8-15; VII, 1-5, 47-60. მთ. 87 დას. XXI, 33-42.
1ტიმ. VI, 11-16.
11. შენ კი, ღვთის კაცო, ერიდე ამას და მისდიე რწმენას, სიყვარულს, მოთმინებას, თვინიერებას;
12. იღვაწე რწმენის კეთილი ღვაწლით, შეიტკბე საუკუნო სიცოცხლე, რომლისთვისაც ხარ ხმობილი, და აღიარე კეთილი აღსარება მრავალი მოწმის წინაშე.
13. გამცნებ შენ ყოვლის მაცოცხლებელი ღმერთისა და ქრისტე იესოს წინაშე, პონტიუს პილატეს წინაშე რომ იმოწმა კეთილი აღსარება, -
14. წმიდად და უბიწოდ დაიმარხე მცნება ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლამდე,
15. რომელსაც თავის დროს მოგვივლენს ერთადერთი ნეტარი მბრძანებელი, მეუფეთა მეუფე და უფლებათა უფალი,
16. ერთადერთი მპყრობელი უკვდავებისა, მიუწვდომელ ნათელში მყოფი, რომელიც არ უხილავს არცერთ კაცთაგანს და არც ძალუძს იმისი ხილვა, ვისიცაა პატივი და საუკუნო ძალმოსილება. ამინ.
მთ. XII, 15-21.
15. მაგრამ იესომ გაიგო ეს და გაეცალა იქაურობას; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და განკურნა ყველა.
16. და უბრძანა მათ, არ გამთქვათო.
17. რათა აღსრულდეს თქმული ესაია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18. აჰა, მსახური ჩემი, რომელიც ავირჩიე; საყვარელი ჩემი, რომელიც შევიტკბე სულით; დავსდებ მასზე ჩემს სულს, და აუწყებს სამართალს ხალხებს.
19. არ იდავებს, არ იყვირებს და ვერც ვერავინ მოისმენს ქუჩებში მის ხმას.
20. მოტეხილ ლერწამს არ გადატეხს და მბჟუტავ პატრუქს არ დაშრეტს, ვიდრე არ მოუპოვებს ძლევას სამართალს.
21. და მისი სახელი სასოებად ექნება ხალხებს.
კოლ. I, 3-9.
3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,
4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
ლკ. XVI, 10-15
10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
საქ. VI, 8-15; VII, 1-5, 47-60.
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.
1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.
მთ. XXI, 33-42.
33. სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი, რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
34. და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან.
35. ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს, ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს.
36. ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც იგივე დამართეს.
37. ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
38. მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ.
39. შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს.
40. მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ მევენახეებს?
41. უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს.
42. უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.