დღის საკითხავები
ლიტ. - 1 ტიმ. 289 დას. VI, 17-21. ლკ. 92 დას. XVIII, 31-34. დიდმოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ინ. 50 დას. XV, 1-7.
1ტიმ. VI, 17-21.
17. მდიდართა ამა ქვეყნისათა ამცნე: ნუ ქედმაღლობენ, და ფუჭი სიმდიდრის იმედი ნუკი ექნებათ, არამედ ცოცხალი ღმრთისა, უხვად რომ გვაძლევს ყველაფერს სამხიარულოდ;
18. რათა ქველმოქმედებდნენ, კეთილი საქმით მდიდრდებოდნენ, გულუხვნი იყვნენ, ხელგაშლილნი,
19. და იუნჯებდნენ სიკეთის საუნჯეს მომავლის მტკიცე საფუძვლად, რათა ეწიონ საუკუნო სიცოცხლეს.
20. ო, ტიმოთე, გაუფრთხილდი, რაც მოგენდო, ერიდე უკეთურ ფუჭსიტყვაობას და ცრუმეცნიერების უკუღმართობას,
21. რაც საქმედ გაიხადა ზოგიერთმა და კიდევაც განუდგა რწმენას. მადლი თქვენთან. ამინ.
ლკ. XVIII, 31-34.
31. წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ კაცის ძისათვის;
32. ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ, აფურთხებენ,
33. სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი.
34. მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ინ. XV, 1-7.
1. მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, და მამაჩემი მევენახეა.
2. ჩემს ყველა ლერწს, რომელსაც არ გამოაქვს ნაყოფი, მოჭრის, და ყველას, რომელსაც გამოაქვს ნაყოფი, გაწმენდს, რათა მეტი მოისხას.
3. თქვენ კი უკვე გაწმენდილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
4. დარჩით ჩემში და მე დავრჩები თქვენში. როგორც ლერწი თავისთავად ვერ გამოიღებს ნაყოფს, თუკი არ შერჩა ვაზს, ასევე თქვენც, თუკი არ დარჩებით ჩემში.
5. მე ვარ ვაზი, ხოლო თქვენ ლერწები ხართ, ვინც ჩემში რჩება, ხოლო მე მასში, დიდძალი ნაყოფი გამოაქვს; ვინაიდან უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათ.
6. ვინც არ დარჩება ჩემში, ლერწამივით გადაიგდება და გახმება; შემდეგ კი აგროვებენ, ცეცხლში ყრიან და იწვის.
7. თუ დარჩებით ჩემში და ჩემი სიტყვები დარჩება თქვენში, ყველაფერი, რასაც ისურვებთ, ითხოვეთ და გექნებათ.