დღის საკითხავები
ლიტ. - 1 ტიმ. 278 დას. I, 1-7. ლკ. 75 დას. XIV, 12-15. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19. წმ. - 1 კორ. 151 დას. XII, 7-11. მთ. 34 დას. (შუათგან) X, 1, 5-8.
1ტიმ. I, 1-7.
1. პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, -
2. ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3. მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს,
4. და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.
5. ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
6. რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.
7. რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.
ლკ. XIV, 12-15.
12. ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.
13. არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.
14. და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.
15. ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
1კორ XII, 7-11.
7. ხოლო თვითეულ ჩვენგანს სასიკეთოდ ეძლევა სულის გამოვლენა.
8. ზოგს სულისაგან ეძლევა სიბრძნის სიტყვა, ზოგს - ცოდნის სიტყვა იმავე სულით;
9. ზოგს - რწმენა იმავე სულისაგან, ზოგს - ნიჭი მკურნალობისა იმავე სულით;
10. ვის - სასწაულთმოქმედება, ვის - წინასწარმეტყველება, ვის - სულთა გარჩევა, ვის - სხვადასხვა ენა, ვის კიდევ - განმარტება სხვადასხვა ენის.
11. ხოლო ყოველივე ამის მოქმედია ერთი და იგივე სული, რომელიც იმას უწილადებს თვითეულს, რაც თვითონ ნებავს.
მთ. X, 1, 5-8.
1. მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
5. აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6. არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7. მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8. განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.