დღის საკითხავები
ლიტ. - 1 თეს. 267 დას. II, 20 - III, 8. ლკ. 59 დას. XI, 29-33. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
1თეს. II, 20 - III, 8.
20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.
1. ამიტომ, რაკი მეტის მოთმენა ვეღარ შევძელით, გადავწყვიტეთ მარტო დავრჩენილიყავით ათენში,
2. და გამოვგზავნეთ ტიმოთე, ჩვენი ძმა და ღვთის მსახური. ჩვენივე თანამოსაქმე ქრისტეს სახარების ქადაგებაში, რათა განგვემტკიცებინეთ და ნუგეში გვეცა თქვენი რწმენისთვის;
3. რათა არავინ შემდრკალიყო ამ გასაჭირში, ვინაიდან, როგორც თვითონვე იცით, სწორედ ამისთვის ვდგავართ.
4. რადგან ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას წინასწარ გეუბნებოდით, რომ დიდი გასაჭირი გველოდა, და ეს, როგორც მოგეხსენებათ, კიდევაც ახდა.
5. ამიტომ მეც ვეღარ მოვითმინე და გამოვგზავნე ტიმოთე, რათა შეგვეტყო თქვენი ამბავი, ხომ არ გაცდუნათ მაცდურმა და ხომ არ გაცუდდა ჩვენი შრომა.
6. მაგრამ უკან მობრუნებულმა ტიმოთემ გვახარა თქვენი რწმენა და სიყვარული, რადგანაც თურმე ყოველთვის კეთილად გვიხსენებთ და ჩვენი ნახვა გწადიათ, ისევე, როგორც ჩვენ - თქვენი;
7. ასე რომ, ძმანო, მთელი ჩვენი გაჭირვებისა და უბედურების მიუხედავად, ნუგეშცემულნი ვიქენით თქვენი რწმენით.
8. რადგან აწ ვცოცხლობთ, რაკიღა მტკიცედ დგახართ უფალში.
ლკ. XI, 29-33.
29. როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას სასწაულისა.
30. ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის.
31. სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია.
32. ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე უმეტესია.
33. არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.