დღის საკითხავები
ლიტ. - ფილპ. 242 დას. II, 16-23. ლკ. 27 დას. VI, 37-45. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. მთ. 43 დას. XI, 27-30.
ფილპ. II, 16-23.
16. სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და არც ამაოდ ვიღვწოდი.
17. მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ.
18. მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად.
19. იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით.
20. რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
21. ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
22. მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას - შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად.
23. ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის.
ლკ. VI, 37-45.
37. ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;
38. გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
39. უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?
40. არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი.
41. რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
42. ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.
45. კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.