დღის საკითხავები
ლიტ. - ებრ. 313 დას. VI, 9-12. მკ. 31 დას. VII, 31-37. მიც. - 1 თეს. 270 დას. IV, 13-17. ინ. 16 დას. V, 24-30.
ებრ. 6,9-12
9. თუმცა თქვენ, საყვარელნო, მიუხედავად ამ სიტყვებისა, გვწამს, რომ უკეთესნი ხართ და ხსნად მიწევნილნი.
10. რადგანაც ღმერთი უსამართლო როდია, რომ დაივიწყოს თქვენი საქმე და შრომა სიყვარულისა, რაც გამოავლინეთ მისი სახელისათვის, ვინაიდან ემსახურებოდით და ახლაც ემსახურებით წმიდათ.
11. მაგრამ გვსურს, რომ თვითეული თქვენგანი სასოების სავსებისთვისაც ბოლომდე იჩენდეს იმავე გულმოდგინებას.
12. რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
მკ. 7,31-37
31. მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის.
32. მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო მისთვის.
33. ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის ენას შეეხო;
34. ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა! რაც ნიშნავს: გაიხსენ!
35. მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად ამეტყველდა.
36. და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ;
37. დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს: ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო.
1 თეს. 4,13-17
13. მაგრამ არ გვინდა, ძმანო, რომ არაფერი იცოდეთ განსვენებუღთა თაობაზე, რათა მათსავით არ წუხდეთ, ვისაც არა აქვს სასოება.
14. რადგანაც თუ გწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ ღმერთი იესოში განსვენებულთაც მოიყვანს მასთან ერთად.
15. ხოლო ამას გეუბნებით უფლის სიტყვით, რომ ჩვენ, უფლის მოსვლამდე ცოცხლად შთენილნი, ვერ დავასწრებთ განსვენებულთ.
16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.
17. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით.
ინ. 5,24-30
24. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26. ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27. და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28. ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30. მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.