ძველი სტილი
8 მარტი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
21 მარტი
დიდი მარხვის მე-2 შვიდეული. ხმა 1.
მარხვა მარხვა
ღირსისა თეოფილაქტე აღმსარებელისა, ნიკომიდიელი მთავარეპისკოპოსისა (845); მოციქულისა ერმესი, 70-თაგანისა (I); ღირსისა დომენტისა (363); პავლე აღმსარებელისა, პრუსიადელი ეპისკოპოსისა (IX); მოწამისა დიონოსისი (დიონისა); მღვდელმოწამისა კირილესი; მოწამეთა ფელიკიტესი, ერენიასი, როგატოსისა, ფელიქსისა, მეორე როგატოსისა, ბეატოსისა, ურბანოსისა, სილვანოსისა და მამილოსისა, აფრიკაში წამებულთა.
დღის ლოცვა
ღირსი თეოფილაქტე აღმსარებელის კონდაკი:
მნათობად ბრწყინვალედ გამოუჩნდი კიდეთა სოფლისათა, წმიდაო თეოფილაქტე, და თანა არსად მამისა და სულისა წმიდისა სიტყუა ჰქადაგე, და საღმრთოთა ცხოვართა კრებული განამტკიცენ, და სათნოდ სამებისა განსცხადენ, რომლისა წინა სდგა, ითხოვე ჩუენთვის დიდი წყალობაი.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. VI, 1-12. მწუხ. - შესქ. V, 1-24, იგავ. VI, 3-20. მოწ. - ეს. XLIII, 9-14. სიბრძ. სოლომ. III, 1-9; V, 15 - VI, 3.
ეს. 6,1-12
1. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს.
2. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ.
3. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!
4. შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი.
5. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს.
6. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით.
7. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა.
8. მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა, ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე.
9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.
11. ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება.
12. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში.


დაბ. 5,1-24
1. ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი: როცა გააჩინა ღმერთმა ადამი, ღვთის მსგავსად შექმნა იგი;
2. მამაკაცად და დედაკაცად გააჩინა ისინი, აკურთხა და უწოდა მათ სახელად ადამი, მათი შექმნის დღეს.
3. ადამმა ას ოცდაათი წელი იცოცხლა და შეეძინა თავისი მსგავსი და თავისი ხატი, და უწოდა სახელად შეთი.
4. შეთის დაბადების შემდეგ შეემატა ადამს რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
5. სრული ხანი ადამისა, რაც იცოცხლა, იყო ცხრაას ოცდაათი წელი და მოკვდა.
6. იცოცხლა შეთმა ას ხუთი წელი და შვა ენოში.
7. იცოცხლა შეთმა ენოშის დაბადების შემდეგ რვაას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
8. სრული ხანი შეთისა იყო ცხრაას თორმეტი წელი, და მოკვდა.
9. იცოცხლა ენოშმა ოთხმოცდაათი წელი და შვა კაინანი.
10. იცოცხლა ენოშმა კაინანის დაბადების შემდეგ რვაას თხუთმეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
11. სრული ხანი ენოშისა იყო ცხრაას ხუთი წელი, და მოკვდა.
12. იცოცხლა კაინანმა სამოცდაათი წელი და შვა მაჰალალეელი.
13. იცოცხლა კაინანმა მაჰალალეელის დაბადების შემდეგ რვაას ორმოცი წელი და შვა ძენი და ასულნი.
14. სრული ხანი კაინანისა იყო ცხრაას ათი წელი, და მოკვდა.
15. იცოცხლა მაჰალალეელმა სამოცდახუთი წელი და შვა იარედი.
16. იცოცხლა მაჰალალეელმა იარედის დაბადების შემდეგ რვაას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
17. სრული ხანი მაჰალალეელისა იყო რვაას ოთხმოდათხუთმეტი წელი, და მოკვდა.
18. იცოცხლა იარედმა ას სამოცდაორი წელი და შვა ენოქი.
19. იცოცხლა იარედმა ენოქის დაბადების შემდეგ რვაასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
20. სრული ხანი იარედისა იყო ცხრაას სამოცდაორი წელი, და მოკვდა.
21. იცოცხლა ენოქმა სამოცდახუთი წელი და შვა მეთუშალახი.
22. დადიოდა ღმერთთან ენოქი მეთუშალახის დაბადების შემდეგ სამასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
23. სრული ხანი ენოქისა იყო სამას სამოცდახუთი წელი.
24. დადიოდა ღმერთთან ენოქი და აღარ იყო, რადგან წაიყვანა იგი ღმერთმა.


იგავ. 6,3-20
3. ამ დროს ასე მოიქეცი, შვილო, და იხსენი თავი, რადგან შენი ახლობელის ხელში ხარ ჩავარდნილი. მიდი, თავი შეაცოდე შენს ახლობელს და შეევედრე.
4. თვალებს ძილს ნუ მისცემ და წამწამებს - თვლემას.
5. იხსენი თავი, როგორც ქურციკმა მონადირის ხელიდან, როგორც ფრინველმა ფრინველმჭერის ხელიდან.
6. მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
7. არა ჰყავს მას არც უფროსი, არც ზედამხედველი, არც ბატონი.
8. ზაფხულობით იმარაგებს თავის პურს, აგროვებს თავის საზრდოს მოსავლის აღებისას.
9. როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
10. მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
11. ყარიბივით მოგადგება შენი სიღარიბე და იარაღასხმული კაცივით - შენი გაჭირვება.
12. უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
13. თვალებს ჭუტავს, ფეხებით ლაპარაკობს, თითებით ასწავლის;
14. ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
15. ამიტომაც ანაზდად ეწევა უბედურებას, ერთბაშად განადგურდება და არავინ იქნება მხსნელი.
16. აჰა, ექვსი რამ უფლის საძულველი, და აჰა, შვიდი სიბილწე მის თვალში:
17. ამპარტავანი თვალები, ცრუ ენა, უბრალო სისხლის მღვრელი ხელები,
18. ავისმზრახველი გული, საბოროტოდ მარდი ფეხები,
19. ტყუილების აღმომსუნთქველი, ცრუ მოწმე და ძმათა შორის შუღლის მთესველი.
20. დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
ეს. XLIII, 9-14.
9. ყოველი ხალხი ერთად შეიკრიბოს და შეერთდნენ ერები! ვინ გააცხადებს მათ შორის ამას და წინანდელ ამბებს ვინ გვამცნობს? მოიყვანონ მოწმეები და თავი იმართლონ, მოისმინონ და თქვან: ჭეშმარიტია!
10. თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი და ჩემი მორჩილნი, რომელნიც ავირჩიე, რომ გცოდნოდათ და გერწმუნათ ჩემი, მიმხვდარიყავით, რომ მე ვარ ეს. ჩემამდე არ გამოსახულა ღმერთი და ჩემს შემდეგაც არ იქნება.
11. მე ვარ, მე ვარ უფალი და არავინაა ჩემს გარდა მაცხოვარი!
12. მე ვთქვი და ვიხსენი და გამოვაცხადე, რომ არ არის თქვენს შორის უცხო ღმერთი, თქვენა ხართ ჩემი მოწმენი, ამბობს უფალი, და მე ღმერთი ვარ.
13. დასაბამიდან მე იგივე ვარ და ვერავინ იხსნის ჩემი ხელიდან. მოვიმოქმედებ და ვინ შეცვლის?
14. ასე ამბობს უფალი, თქვენი მხსნელი, ისრაელის წმიდა: თქვენი გულისთვის გავგზავნე ბაბილონს, წამოვასხი ლტოლვილნი ერთიანად და ქალდეველნი, ხომალდებში რომ ყიჟინებდნენ.

სიბრძ. სოლომ. III, 1-9; V, 15 - VI, 3.

1. მართალთა სულები ღვთის ხელში არიან და ტანჯვა-წამება მათ ვერ შეეხება.
2. უგუნურთა თვალში კი მკვდრებად ჩანან და მათი აღსასრული საუბედუროდ მიუჩნევიათ.
3. ჩვენგან წასვლა კი - განადგურებად, მაგრამ ისინი მშვიდობით სუფევენ.
4. თუმც კაცთა თვალში დასჯილნი არიან, მათი სასოება უკვდავებითაა აღსავსე.
5. მცირედ დასჯილებს სიკეთით უხვად მიეზღვებათ, რადგან ისინი ღმერთმა გამოსცადა და თავისი თავის ღირსად შერაცხა.
6. ქურაში ოქროსავით გამოსცადა ისინი და დასაწველ მსხვერპლად შეიწყნარა.
7. გაბრწყინდებიან ისინი სამაგიეროს მიგების ჟამს, როგორც წალამიდან ავარდნილი ნაპერწკლები.
8. განსჯიან ტომებს და ხალხებს დაიპყრობენ, მათზე კი სამარადისოდ იმეფებს უფალი.
9. უფლის მოსავნი სიმართლეს შეიცნობენ და მორწმუნენი მის სიყვარულში იქნებიან, რადგან მისი მადლი და წყალობა მის რჩეულებზეა.

15. მართალნი კი საუკუნოდ იცოცხლებენ; მათი საზღაური უფალთანაა და უზენაესი ზრუნავს მათზე.
16. ამიტომაც მიიღებენ დიდებულ სამეფოს და სიკეთის შარავანდს უფლის ხელიდან, რომელიც მარჯვენით იფარავს მათ და თავის მკლავით შეეწევა.
17. აიღებს სრულ საჭურველს - თავის მრისხანებას და აღჭურავს თავის ქმნილებას, რათა მტრებზე შური იძიოს.
18. შეიმოსება აბჯრით - სამართლიანობით და დაიდგამს მუზარადს - მოუსყიდველ სამართალს;
19. დაწვდება უძლეველ ფარს - სიწმინდეს,
20. მკაცრ რისხვას გალესავს მახვილივით და მასთან ერთად სამყაროც გაილაშქრებს შეშლილებზე.
21. ღრუბლებიდან, როგორც მოზიდული მშვილდიდან, გამოიტყორცნებიან მარჯვედ ნასროლი ელვის ისრები და სამიზნისკენ გაფრინდებიან.
22. ლოდსატყორცნელის მსგავსად რისხვით წამოუშენს სეტყვა, ზღვის წყალიც გაცოფდება და მდინარენიც გაშმაგებით წარღვნიან მათ.
23. მათ წინააღმდეგ აღდგება ძლიერების სული და გრიგალივით გაფანტავს მათ. მოაოხრებს ურჯულოება მთელს ქვეყნიერებას და მბრძანებელთა ტახტებს ბოროტმოქმედება დაამხობს.

1. მაშ, მისმინეთ, მეფენო და გულისხმაჰყავით და ისწავლეთ, მსაჯულნო დედამიწის კიდეთა!
2. ყურად იღეთ მრავლის მფლობელნო, რომელნიც ქედმაღლობთ ხალხთა წინაშე!
3. უფლისგან მოგენიჭათ თქვენ სიმტკიცე და მეუფება - უზენაესისგან. იგი გამოიძიებს თქვენს საქმეებს და თქვენს ზრახვებსაც გამოსცდის,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მრავალი ხატი იწერება დღეს საქართველოში, მრავალი სასწაულმოქმედი ხატის ასლიც ჩამობრძანდა დედა ღვთისას წილხვედრ მიწაზე, მაგრამ რატომღაც მივივიწყეთ ჩვენს წინაპართა მიერ განდიდებული ხატები.
ასეთია აწყურის ღვთისმშობლის ხატიც - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულება, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში, რომლის მეშვეობითაც ივერიელებმა პირველად ვიხილეთ მფარველი და პატრონი ჩვენი ქვეყნისა.