დღის საკითხავები
VI ჟამ. - იოველ. II, 12-26. მწუხ. - იოველ. III, 12-21.
იოველ. II, 12-26.
12 "ახლაც" – ამბობს უფალი: – "მოიქეცით ჩემსკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით.
13 გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს"; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი, და ნანობს ბოროტის ქმნას.
14 ვინ იცის, კიდევ შეინანოს და მოიტოვოს კურთხევა, შესაწირავი და საღვრელი უფლისათვის, თქვენი ღვთისათვის.
15 ჩაბერეთ საყვირს სიონზე, დათქვით მარხვა და გამოაცხადეთ ჯარობა.
16 შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავის პალატიდან და პატარძალი – სანთიობოდან!
17 ატირდებიან კარიბჭესა და სამსხვერპლოს შორის მღვდლები, უფლის მსახურნი, და იტყვიან: "შეიწყალე, უფალო, ერი შენი! ნუ გახდი სასირცხვოდ შენს სამკვიდროს, ნუ ჩააგდებ ხალხების ყბაში! რატომ უნდა ილაპარაკონ: აბა სად არისო მათი ღმერთი?"
18 გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს.
19 მიუგებს უფალი და ეტყვის თავის ერს: "აჰა, გიგზავნი პურს, ღვინოსა და ზეთს, და გაძეხი ამით; სასირცხვოდ აღარ გაგხდით ხალხების თვალში.
20 ამ ჩრდილოელსაც მოგაშორებთ და შევყრი ურწყავ და უკაცრიელ ქვეყანაში, მის წინა რიგებს – აღმოსავლეთის ზღვაში, უკანა რიგებს – დასავლეთის ზღვაში. აუვა სუნი და ამყრალდება, რადგან ცუდი საქმეები აქვს ჩადენილი."
21 ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. 22 ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს.
23 სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის ადრეულ და გვიანა წვიმებს, წინანდებურად.
24 გაივსება ბეღლები ხორბლით, გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით.
25 აგინაზღაურებთ იმ წლებს, რომლებიც შეჭამეს კალიამ, კუტკალიამ, ბოცომკალმა და მუხლუხომ – ჩემმა დიდმა ლაშქარმა, რომელიც მოგისიეთ.
26 ჭამეთ და დაძეხით და ადიდეთ უფლის, თქვენი ღვთის, სახელი, რომელიც საკვირვლად გექცევათ; და არ შერცხვება ჩემი ერი უკუნისამდე.
იოველ. III, 12-21.
12 გაიღვიძონ ხალხებმა და მიაშურონ იოშაფატის ველს, რადგან იქ დავჯდები, რომ განვსაჯო ყველა ხალხი, ვინც კი გარშემოა.
13 გაამზადეთ ნამგლები, რადგან მოწეულია სამკალი. წადით, ჩადით, რადგან აივსო საწნახელი, გალიცლიცდა კოდები, გამრავლდა მათი ბოროტება.
14 ურდოები აწყდებიან განგების ველს, რადგან ახლოვდება უფლის დღე განგების ველზე. 15 მზე და მთვარე დაბნელდება, ვარსკვლავებს წაერთმევათ შუქი.
16 იგრგვინებს უფალი სიონიდან და ხმას გამოსცემს იერუსალიმიდან; შეირყევა ცა და მიწა, მაგრამ უფალი დაიცავს თავის ერს და დაიფარავს ისრაელის ძეთ.
17 მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, სიონზე, ჩემს წმიდა მთაზე, დავანებული; გახდება იერუსალიმი საწმიდარი და ვეღარასოდეს შევა იქ უცხოელი.
18 იმ დღეს გადმოჩქეფს მთებიდან შანარი და რძე გადმოიღვრება; წყალი იდინებს იუდას ყოველ ხევში, წყარო გამოვა უფლის სახლიდან და აავსებს შიტიმის ხევს.
19 გაუკაცურდება ეგვიპტე და უდაბნოდ იქცევა ედომი, რადგან ჩაგრავდნენ იუდაელებს, უბრალო სისხლს ღვრიდნენ მათ ქვეყანაში.
20 უკუნისამდე დარჩება იუდა, და თაობიდან თაობამდე – იერუსალიმი.
21 ავიღებ მათ სისხლს, ჩემგან აუღებელს, და სიონზე დაივანებს უფალი.