დღის საკითხავები
ცისკ. - ინ. 35 დას. (შუათგან) X, 1-9. ლიტ. - წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16. რიგ. - 1 თეს. 273 დას. V, 14-23. ლკ. 84 დას. XVII, 3-10.
ინ. X, 1-9.
1. ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
2. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.
3. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.
4. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას.
5. უცხოს კი არ მისდევენ, არამედ გაურბიან, რადგანაც ვერ იცნობენ უცხოს ხმას.
6. ეს იგავი უთხრა მათ იესომ. მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ, რას გულისხმობდა.
7. კვლავ უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მე ვარ კარი ცხვართა.
8. ყველა, ვინც ჩემზე წინ მოვიდა, ქურდია და ყაჩაღი; და არ უსმინეს მათ ცხვრებმა.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
ებრ. VII, 26 - VIII, 2.
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.
1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.
2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.
ინ. X, 9-16.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.
1თეს. V, 14-23.
14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.
15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
16. მარადის ხარობდეთ.
17. გამუდმებით ილოცეთ.
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
19. ნუ დაშრეტთ სულს.
20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.
21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.
22. განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
ლკ. XVII, 3-10.
3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.
5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.
7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.