დღის საკითხავები
ლიტ. - საქ. 27 დას. X, 44 - XI, 10. ინ. 30 დას. VIII, 21-30. მღვდელმოწ. - ებრ. 334 დას. XIII, 7-16. ლკ. 67 დას. XII, 32-40.
საქ. X, 44 - XI, 10.
44. პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა.
45. წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი.
46. რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს.
47. მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა?
48. და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
1. მოციქულებმა და იუდეაში მყოფმა ძმებმა გაიგეს, რომ წარმართებმაც მიიღეს ღვთის სიტყვა.
2. და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს
3. და ეუბნებოდნენ: წინადაუცვეთელი ხალხის სახლში შეხვედი და მათთან ერთად ჭამეო.
4. მაგრამ პეტრემ თავიდან დაიწყო, ყველაფერი დალაგებით უამბო და უთხრა მათ:
5. ქალაქ იოპეში ყოფნისას ვლოცულობდი და ექსტაზში ვიხილე ხილვა: ზეციდან ეშვებოდა რაღაც უცხო ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, და ოთხივე წვერით გამოკრული ჩემამდე დაეშვა.
6. ჩავხედე და დავინახე დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, მხეცები, ქვეწარმავლები და ცის ფრინველები.
7. და მომესმა ხმა, რომელმაც მითხრა: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე!
8. მე კი ვთქვი: არა, უფალო, რადგანაც არასდროს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
9. მეორედაც მომიგო ზეციდან ხმამ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
10. ასე განმეორდა სამჯერ და ყველაფერი კვლავ ამაღლდა ზეცად.
ინ. VIII, 21-30.
21. კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.
22. იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?
23. და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.
24. ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
25. მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
26. ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
27. მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.
28. და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
29. ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
30. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
ებრ. XIII, 7-16.
7. გახსოვდეთ თქვენი წინამძღვარნი, რომელნიც გიქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, და მათი სიცოცხლის აღსასრულის შემყურენი ჰბაძავდეთ მათ რწმენას.
8. იესო ქრისტე იგივეა გუშინ, დღეს და უკუნითი უკუნისამდე.
9. ნუ გაგიტაცებთ სხვადასხვა უცხო მოძღვრება, რადგანაც სასიკეთოა მადლით განიმტკიცოთ გული და არა საჭმლით, რომელსაც ვერას გამორჩნენ ჭამას გადაყოლილნი.
10. ჩვენ გვაქვს სამსხვერპლო, საიდანაც ჭამის უფლება არა აქვთ კარვის მსახურთ.
11. რადგანაც ცხოველთა ხორცი, რომელთა სისხლიც ცოდვის განსაწმედად შეაქვს მღვდელმთავარს საწმიდარში, ბანაკის გარეთ დაიწვის.
12. ამიტომ იესოც, თავისი სისხლით რომ განეწმიდა ხალხი, ბჭის გარეთ ევნო.
13. მაშ, გავიდეთ მასთან ბანაკის გარეთ და მისი შეურაცხყოფა ვიტვირთოთ.
14. რადგანაც არა გვაქვს აქ მკვიდრი ქალაქი, არამედ მომავლის ქალაქს ვეძებთ.
15. ამიტომ მისი მეშვეობით გამუდმებით ვწირავდეთ ღმერთს ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რომელნიც აღიარებენ მის სახელს.
16. ნუ დაივიწყებთ ქველმოქმედებას და ნურც იმას, რომ თქვენი სიკეთე უწილადოთ სხვებს, რადგანაც ამნაირი მსხვერპლი საამოდ უჩანს ღმერთს.
ლკ. XII, 32-40.
32. ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი.
33. გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება; გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს და მღილი ვერა ღრღნის მას.
34. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
35. დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი - ანთებული.
36. იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი.
37. ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს, მივა და ემსახურება მათ.
38. მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს.
39. ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა სახლისთვის.
40. ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით, სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა.