დღის საკითხავები
ლიტ. - საქ. 25 დას. X, 21-33. ინ. 25 დას. VII, 1-13. ღირ. - გალ. 213 დას. V, 22 - VI, 2. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
საქ. X, 21-33.
21. პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ?
22. ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.
23. მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა.
24. მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა.
25. როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ.
27. მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული.
28. და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.
29. ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?
30. კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი,
31. რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე.
32. მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას.
33. მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.
ინ. VII, 1-13.
1. ამის შემდეგ იესო დადიოდა გალილეაში და არ უნდოდა იუდეაში ევლო, ვინაიდან იუდეველები მოსაკლავად ეძებდნენ მას.
2. მოახლოებული იყო იუდეველთა დღესასწაული, რომელსაც ჰქვია კარვობა.
3. და მისმა ძმებმა უთხრეს: გაეცალე აქაურობას და იუდეაში წადი, რათა შენმა მოწაფეებმაც იხილონ შენი ნაკეთები საქმენი.
4. ვინაიდან ფარულად არავინ აკეთებს რამეს, არამედ თავის გამოჩენას ცდილობს. თუ ყოველივე ამას აკეთებ, გამოუცხადე ქვეყანას შენი თავი.
5. ვინაიდან მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი.
6. და უთხრა მათ იესომ: ჩემი დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, თქვენი დრო კი ყოველთვის მზად არის.
7. თქვენ ვერ მოგიძულებთ ქვეყანა, ხოლო მე ვძულვარ, ვინაიდან ვმოწმობ იმას, რომ ბოროტნი არიან მისი საქმენი.
8. თქვენ ადით ამ დღესასწაულზე, მე კი ამ დღესასწაულზე არ ავალ, ვინაიდან ჯერ კიდევ არ გასრულებულა ჩემი ჟამი.
9. ეს უთხრა მათ და გალილეაში დარჩა.
10. მაგრამ, როცა მისი ძმები ავიდნენ, თვითონაც ავიდა დღესასწაულზე; მხოლოდ გაცხადებულად კი არა, არამედ ფარულად.
11. იუდეველები კი ეძებდნენ დღესასწაულზე და ამბობდნენ, სად არისო?
12. და იყო მასზე დიდი მითქმა-მოთქმა ხალხში; ერთნი ამტკიცებდნენ, კეთილიაო, მეორენი კი ამბობდნენ: არა, მხოლოდ ხალხს აცდუნებსო.
13. თუმცა იუდეველების შიშით აშკარად ვერავინ ლაპარაკობდა მასზე.
გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.
1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.