ძველი სტილი
10 აპრილი
ორშაბათი
ახალი სტილი
23 აპრილი
აღდგომიდან მე-3 შვიდეული. ხმა 2.
ხსნილი ხსნილი
ქვაბთახევის მონასტერში წამებულთა მამათა და დედათა ჟამსა თემურ-ლენგისასა (1386); მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა ოცდაცამეტთა (დაახლ. 249-251); მოწამეთა: იაკობ ხუცისა, აზადან და ავდიკი დიაკონთა, სპარსელთა (დაახლ. 380); მღვდელმოწამისა გრიგოლ V-ისა, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (1821).
დღის ლოცვა
მოწამეთა: ტერენტისა, პომპიოსი, აფრიკანესი, მაქსიმესი, ზენონისა, ალექსანდრესი, თეოდორესი და სხვათა 33-თა
კონდაკი:
მოწამეთა პატიოსანი სახსენებელი მოვიდა დღეს, მხიარულ მყოფელი ყოველთა დაბადებულთა, ტერენტი ბრძნისა და მოყუასთა მისთა მოსწრაფედ უკუე მივრბიოდით, რაითა მოვიღოთ კურნებაი, რამეთუ ამათ ღმრთისა მიერ მოიღეს მადლი სულისა წმიდისა კურნებად სენსა სულთა ჩუენთასა.
დღის საკითხავები

ლიტ. - საქ. 17 დას. VI, 8 - VII, 5, 47-60. ინ. 13 დას. IV, 46-54. მოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ლკ. 63 დას. XII, 2-12.

საქ. VI, 8 - VII, 5, 47-60.
8. ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
9. მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.
10. მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.
11. მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.
12. და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.
13. წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.
14. რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.
15. მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელთზისას.

1. მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?
2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,
3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესათდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის მემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.

47. სახლი კი სოლომონმა აუგო მას.
48. მაგრამ უზენაესი ხელთქმნილ ტაძრებში როდი მკვიდრობს, როგორც ამბობს წინასწარმეტყველი:
49. „ცა ტახტია ჩემი და მიწა - ჩემი ფეხის კვარცხლბეკი, ამბობს უფალი, როგორ სახლს ამიგებთ, ან რა ადგილს მომიჩენთ განსასვენებლად?
50. განა ჩემმა ხელმა არ შექმნა ყოველივე ეს?“
51. ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
52. რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
53. თქვენ, რომელთაც მიიღეთ რჯული ანგელოზთა ბრძანებით, მაგრამ არ შეინახეთ იგი.
54. ამას რომ ისმენდნენ, გულზე სკდებოდნენ და კბილებს ილესავდნენ მასზე.
55. ხოლო მან, სულით წმიდით აღვსილმა, ცას ახედა და იხილა დიდება ღვთისა და ღვთის მარჯვნივ მდგომი იესო.
56. მაშინ თქვა: აჰა, ვხედავ გახსნილ ცას და კაცის ძეს, ღვთის მარჯვნივ მდგომს.
57. ხოლო ისინი ხმამაღლა აყვირდნენ, ყურები დაიცვეს და ერთად მისცვივდნენ მას.
58. ქალაქგარეთ გაიყვანეს და ქვები დაუშინეს; მოწმეებმა კი თავიანთი სამოსი ფერხთით დაუწყვეს ერთ ჭაბუკს, რომელსაც ერქვა სავლე.
59. ქვებს რომ უშენდნენ, სტეფანე ღაღადებდა და ამბობდა: უფალო იესო, მიიბარე ჩემი სული.
60. მუხლი მოიყარა და შესძახა: უფალო, ნუ მიუთვლი მათ ამას ცოდვად. ესეცა თქვა და სული განუტევა.

ინ. IV, 46-54.
46. ამრიგად, კვლავ მივიდა გალილეის კანაში, სადაც ღვინოდ აქცია წყალი. და იყო იქ ერთი კარისკაცი, ვისაც ძე ავად გახდომოდა კაპერნაუმში.
47. გაეგო, იესო მოსულა იუდეიდან გალილეაშიო; ეახლა და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48. უთხრა მას იესომ: თუკი არ იხილავთ სასწაულებსა და ნიშებს, არ ირწმუნებთ.
49. კარისკაცმა მიუგო: უფალო, მოდი, სანამ არ მომკვდარა ჩემი ძე.
50. უთხრა მას იესომ: წადი, შენი ძე ცოცხალია. ერწმუნა კაცი იესოს ნათქვამ სიტყვას და წავიდა.
51. შინ რომ ბრუნდებოდა, მსახურები შეეგებნენ და უთხრეს: შენი ძე ცოცხალიაო.
52. გამოიკითხა მათგან, რომელ საათზე მოიკეთაო, და უთხრეს: გუშინ შვიდ საათზე გაუარა ცხელებამ.
53. მიხვდა მამა, რომ ეს იყო სწორედ ის საათი, როცა იესომ უთხრა: შენი ძე ცოცხალიაო.
54. ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ, როცა იუდეიდან დაბრუნდა გალილეაში.

2ტიმ. II, 1-10.
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.

ლკ. XII, 2-12.
2. ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
3. ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება.
4. თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
5. არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
6. განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
7. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
8. ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
9. ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
10. ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება.
11. როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ, როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო,
12. რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) და იღუმენია მარიამი (ჩხაიძე)


"გამახსენდა, როდესაც 1993 წელს სამთავროს დედათა მონასტერში