ძველი სტილი
19 თებერვალი
კვირა
ახალი სტილი
4 მარტი
დიდი მარხვის მე-2 კვირიაკე. ხმა 6.
მარხვა მარხვა
წმიდა გრიგოლ პალამასი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსისა (დაახლ. 1360); კრება ყოველთა ღირსთა მამათა, კიევის ქვაბთა შინა დავანებულთა (გარდამავალია, აღესრულება დიდმარხვის მე-2 კვირას); მოციქულთა: არქიპოსი და ფილიმონისა, 70-თაგანთა, და მოწამისა, მოციქულთა სწორისა აპფიასი (I); წმიდათა პირველმოწამე ლაზთა: მაქსიმესი, თეოდოტისი, ევსუქისი და ასკლიპიდოსი (41); ღირსთა ევგენი და მაკარი აღმსარებელთა, ანტიოქიელ ხუცესთა (363); ღირსისა რაბულასი (დაახლ. 530); ღირსისა კონონ კილიკიელისა (დაახლ. 555); მოწამისა ფილოთეა ათენელისა (1589).
დღის ლოცვა
წმინდა გრიგოლ პალამა - თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი

ტროპარი:
მართლმადიდებლობის სასანთლეო და ეკლესიისა სიმტკიცეო და მოძღვარო, მონაზონთა სამკაულო, ღმრთისმეტყველებისათვის მბრძოლო უბრძოლველო, საკვირველთმოქმედო გრიგოლ, თესალონიკისა სიქადულო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო, მარადის ცხოვრებად სულთა ჩუენთა.
კონდაკი: საღმრთოსა და ყოვლადბრძენსა ორღანოსა მას ღმრთისამეტყუელსა, რომელმან გონიერებითა მოიპოვე სიბრძნე იგი უპირველესი და მდგომარე არს წინაშე მისა, და აწ ჩუენცა უღაღადოთ: წარგვიმართე, მამო ყოვლადსაკვირველო, მქადაგებელო საღმრთოსა მადლისაო.

კონდაკი: აწ ჟამი მოღუაწებითა გამობრწყინდა, წინაშე ბჭეთა მარხვისათა მსაჯული მოახლებულ არს, აღვსდგეთ უკუე, ვიმარხვიდეთ და მოვიგოთ ცრემლნი, ლმობიერება და მოწყალება, და ვღაღადებთ: შეგცოდეთ უფროის ზღვისა ქვიშისა, არამედ დამიტკბი, დამბადებელი ყოვლეთაო, რაითა მოვიღოთ უხრწნელებისა გვირგვინი.
მოციქულ არქიპოს (სამოცდაათთაგანის) კონდაკი:
ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა, არქიპოს, სასწაულთა შენთა შარავანდედითა განათლებული გიხმობს შენ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
დღის საკითხავები

წმ. ბასილი დიდის წირვა.


ცისკ. - სახ. მე-6, ლკ. 114 დას. XXIV, 36-53. ლიტ. - ებრ. 304 დას. I, 10 - II, 3. მკ. 7 დას. II, 1-12. წმ. - ებრ. 318 დას. VII, 26 - VIII, 2. ინ. 36 დას. X, 9-16.

ლკ. XXIV, 36-53.
36. ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა.
37. ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
38. მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები აღიძვრიან თქვენს გულში?
39. შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ; შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი როგორც ხედავთ, მაქვს.
40. ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ.
41. მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ?
42. და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი.
43. მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ.
44. და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა მიერ და ფსალმუნებში.
45. მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი.
46. და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
47. და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
48. ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
49. და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
50. და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა ისინი.
51. კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად.
52. ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმს.
53. და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ებრ. I, 10 - II, 3.
10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
11. ისინი გარდავლენ, ხოლო შენ წარუვალი ხარ, და ყველაფერი დაძველდება, როგორც სამოსი.
12. სამოსივით შეგრაგნი მათ და შეიცვლებიან, თავად კი უცვლელი ხარ, და არასდროს დასრულდება შენი წლები“.
13. რომელი ანგელოზისთვის უთქვამს ოდესმე: „დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ მტრებს“?
14. განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, მათდა სამსახურად მოვლინებულნი, რომელთაც უნდა დაიმკვიდრონ საუკუნო სიცოცხლე?

1. ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ გზას ავცდეთ.
2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს,
3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,

მკ. II, 1-12.
1. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
2. და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3. მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4. და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5. მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
6. იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:
7. ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
8. ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
9. რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
10. მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
11. შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
12. ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.

ებრ. VII, 26 - VIII, 2.
26. სწორედ ასეთი მღვდელმთავარი გვშვენოდა: წმინდა, უმანკო, უმწიკვლო, ცოდვილთაგან განრიდებული და ზეცათა უზენაესი,
27. რომელსაც იმ მღვდელმთავრებივით როდი სჭირდება ჯერ თავის, ხოლო შემდეგ ხალხის ცოდვებისათვის ყოველდღე სწირავდეს მსხვერპლს, რადგან ეს ერთხელ და სამუდამოდ აღასრულა, როცა შესწირა თავი.
28. ვინაიდან რჯული მღვდელმთავრებად ადგენს უმწეო ხალხს, ხოლო ფიცის სიტყვა, რჯულის შემდგომ, - ძეს, უკუნისამდე სრულქმნილს.

1. ხოლო ჩვენს ნათქვამში უმთავრესი ეს არის: გვყავს მღვდელმთავარი, დიდების ტახტის მარჯვნივ რომ დაჯდა ზეცას.
2. ის არის მსახური წმიდათა და ჭეშმარიტი კარვისა, რომელიც უფალმა ააშენა და არა კაცმა.

ინ. X, 9-16.
9. მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
10. ქურდი მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ მოიპაროს, მოკლას და მოსპოს. ხოლო მე მოვედი, რათა ჰქონდეთ სიცოცხლე და ჭარბადაც ჰქონდეთ.
11. მე ვარ მწყემსი კეთილი: კეთილი მწყემსი თავის სულს დადებს ცხვრებისთვის.
12. ხოლო მოქირავე, ვინც არ არის მწყემსი და ვისიც არ არიან ცხვრები, მომავალი მგლის დანახვისას მიატოვებს ცხვრებს და გარბის; მგელი კი წარიტაცებს და გაფანტავს ცხვრებს.
13. მოქირავე იმიტომ გარბის, რომ მოქირავეა და არ ედარდება ცხვრები.
14. მე ვარ მწყემსი კეთილი, და ვიცნობ ჩემს ცხვრებს, ჩემები კი მიცნობენ მე.
15. როგორც მე მიცნობს მამა, ასევე ვიცნობ მეც მამას, და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისთვის.
16. სხვა ცხვრებიც მყვანან, რომლებიც არ არიან ამ ფარეხისა; მათი მოყვანაც მმართებს, რათა ისმენდნენ ჩემს ხმას, და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
მოძღვრის დღიურიდან - წმინდა ბარბარეს ხილული საწაულები