ძველი სტილი
12 თებერვალი
კვირა
ახალი სტილი
25 თებერვალი
დიდი მარხვის პირველი კვირიაკე. მართლმადიდებლობის ზეიმი. ხმა 5.
მარხვა მარხვა
მართლმადიდებლობის ზეიმი. დიდმარხვის I კვირა. ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული; ღირსმოწამეთა: პროხორე ქართველისა (1066), ლუკა იერუსალიმელისა (1273-1277), მოწამისა ნიკოლოზ დვალისა (1314), და იერუსალიმის ქართველთა მონასტრებში ცხოვრებულთა ყოველთა ქართველთა მოწამეთა და ღირსთა მამათა (IV-XVIII); მელეტი დიდისა, ანტიოქიელი მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა (მარინოსისა) და მამისა მისისა ევგენისა (VI); ანტონი კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (901); ალექსი მოსკოველი მიტროპოლიტისა, სასწაულმოქმედისა (1378); ახალმოწამისა ქრესტოს მებაღისა (1748).
დღის ლოცვა
დიდი მარხვის I კვირა, მართლმადიდებლობის ზეიმი

ტროპარი: უხრწნელსა ხატსა შენსა თაყვანის ვცემთ ქველის-მოქმედ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩვენთასა. ქრისტე ღმერთო, განზრახვით სათნო-იყავ აღსვლა ხორცითა ჯვარსა ზედა, რათა იხსნე, რომელი შექმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ: სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარცა მაცხოვარმან ჩვენმან, მოსრულმან ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

კონდაკი: გარეშემოუწერებელი სიტყუა მამისა, ქალწულო, შენგან ხორცშესხმული გარეშეწერილ-იქმნა და განხრწნილი ხატი თვისი განაახლა, და საღმრთო სიკეთე უსაზღვრო შემოსა, მას აღვიარებთ სიტყვით და საქმით, გამოვხატავთ და ვმონებთ, და ხატს შენსა წმიდასა თაყვანს ვსცემთ.
ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის
ტროპარი: საკვირველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შეუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩვენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.

ტროპარი: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი, დედუფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყვარულით მისდა მოლტოლვილთა, ამისთვის ჩემსაცა უძლურებასა მოხედე და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განმკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.

კონდაკი: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღვდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამი დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
დღის საკითხავები

ცისკ. - სახ. მე-5, ლკ. 113 დას. XXIV, 12-35. ლიტ. - ებრ. 329 დას. (შუათგან), XI, 24-26, 32 - XII, 2. ინ. 5 დას. I, 43-51. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.

ლკ. XXIV, 12-35.
12. ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა.
13. იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში, რომელსაც ჰქვია ემაუსი;
14. და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო.
15. ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და დაემგზავრა მათ.
16. მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი.
17. და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა ხართ ასე მწუხარნი?
18. ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ?
19. და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, -
20. სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი.
21. ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა.
22. თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა: დილაუთენია მივიდნენ სამარხთან
23. და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები, რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო.
24. ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი.
25. იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი!
26. განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?
27. მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში.
28. მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო.
29. ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან, ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან დარჩენილიყო.
30. ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მისცა მათ.
31. მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
32. და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული, როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში?
33. მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი,
34. რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და ეჩვენა სიმონს.
35. მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

ებრ. XI, 24-26, 32 - XII, 2.
24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,
25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.
26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.

32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.

1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.

ინ. I, 43-51.
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.

ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.

ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.

27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
თქვენ იცით, რომ მე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეურაცხყოფისთვის დავწყევლე და შევაჩვენე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია