დღის საკითხავები
ლიტ. - 1 ინ. 70 დას. II, 7-17. მკ. 63 დას. XIV, 3-9. ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23.
1ინ. II, 7-17.
7. საყვარელნო, ახალ მცნებას კი არა გწერთ, არამედ ძველ მცნებას, რომელიც გქონდათ დასაბამიდან; ძველი მცნება არის სიტყვა, დასაბამიდან რომ ისმინეთ.
8. თუმცა ახალ მცნებასაც გწერთ, რომელიც ჭეშმარიტია მასშიც და თქვენშიც; ვინაიდან ბნელი გადადის და ჭეშმარიტი ნათელი უკვე ნათობს.
9. ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე.
10. ვისაც თავისი ძმა უყვარს, ნათელში მკვიდრობს და საცთური არ არის მასში.
11. ხოლო ვისაც თავისი ძმა სძულს, ბნელშია, ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი.
12. ამას გწერთ, შვილნო, ვინაიდან მისი სახელით მოგეტევათ თქვენი ცოდვანი.
13. ამას გწერთ, მამანო, ვინაიდან შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ამას გწერთ, ჭაბუკნო, ვინაიდან სძლიეთ ბოროტი.
14. ეს მოგწერეთ, ყრმანო, რადგანაც შეიცანით მამა. ეს მოგწერეთ, მამანო, რადგანაც შეიცანით დასაბამიდან მყოფი. ეს მოგწერეთ, ჭაბუკნო, რადგანაც ძლიერნი ხართ, ღვთის სიტყვა მკვიდრობს თქვენში და სძლიეთ ბოროტი.
15. ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში.
16. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის.
17. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე.
მკ. XIV, 3-9.
3. ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას.
4. ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა?
5. ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და გლახაკთათვის მიგვეცა ფული.
6. ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ კეთილი საქმე მიყო.
7. ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით.
8. მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო ნელსაცხებელი დასამარხავად.
9. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად.
ებრ. XIII, 17-21.
17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.