დღის საკითხავები
ლიტ. - ეფ. 219 დას. I, 22 - II, 3. მკ. 48 დას. X, 46-52. ღმრთისმშობ. - ფილპ. 240 დას. II, 5-11. ლკ. 54 დას. X, 38-42; XI, 27-28.
ეფ. I, 22 - II, 3.
22. ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას მთავრობა ყოველი ეკლესიისა,
23. რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით.
1. და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
2. რომლებითაც უწინ ამ წუთისოფლის წესისამებრ იარებოდით, ჰაერის ძალთა მთავრის - იმ სულის ნებით, ვის ძალამოსილებასაც ამჟამად ჰმონებენ ურჩობის ძენი;
3. ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრანვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
მკ. X, 46-52.
46. მივიდნენ იერიხონში, და როდესაც გამოდიოდა იერიხონიდან, თავის მოწაფეებსა და დიდძალ ხალხთან ერთად, ტიმეოსის ძე, ბრმა ბარტიმეოსი, გზის პირას იჯდა მოწყალების მთხოვნელად.
47. როცა გაიგონა, იესო ნაზარეველიაო, ყვირილი მორთო: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
48. ბევრი რისხავდა, გაჩუმდით, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
49. იესო შეჩერდა და ბრძანა, დაუძახეთო; დაუძახეს ბრმას და უთხრეს: ნუ გეშინია, ადექ, გეძახის.
50. მანაც დააგდო თავისი მოსასხამი, ადგა და იესოსთან მივიდა.
51. იესომ ჰკითხა: რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო ბრმამ მიუგო: რაბუნი, თვალის ახელას!
52. იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
ფილპ. II, 5-11.
5. იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს,
6. რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
7. მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით კაცის მსგავსებად იქცა.
8. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
9. ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი სახელი მისცა,
10. რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც,
11. და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა.
ლკ. X, 38-42; XI, 27-28.
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
27. ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.
28. ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის სიტყვას და იცავენ მას.