ძველი სტილი
29 აპრილი
პარასკევი
ახალი სტილი
12 მაისი
წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულისა, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა (62)
ხსნილი თევზით ხსნილი თევზით
300-თა მხედართა, მღვდელთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ლაზთა მოწამეთა, ქრისტეს სარწმუნოებისა და საქართველოსთვის დუდიკვათსა და პაპათში (დღევანდელი თურქეთი) მუსლიმთაგან მოწყვეტილთა (XVII-XVIII); ცხრათა კვიზიკელთა მოწამეთა: თეოგნიდესი, რუფესი, ანტიპატრესი, თეოსტიქესი, არტემისა, მაგნესი, თეოდოტესი, თავმასისა და ფილიმონისა (286-299); ღირსისა მემნონ სასწაულმოქმედისა; მოწამეთა: დიოდორესი და როდოპიანე დიაკონისა (284-305); ვასილისა, ზახოლმსკელი ეპისკოპოსისა (სერბ.) (XVI); მოწამისა იოანე ვალაქიელისა (რუმინ.).
დღის ლოცვა
ყოვლადქებული მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა - საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა
ტროპარი:
ანდრია მოციქული ვადიდოთ, რომელმან მოგვისვენა ხატი ყოვლადწმიდისა და მით მოგვაქცივნა წარმართნი თაყუანისცემად მამისა და ძისა და სულისა წმიდისა.

ტროპარი: ვითარცა მოციქულთა უპირატეს წოდებული და ძმა უაღრესისა მათისა, თუ მეუფესა ყოველთასა ევედრე, ანდრია, რაითა სოფელსა მშვიდობაი მოანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი: სიმხნისა სეხნასა ღმრთისმეტყუელსა და შემდგომობით ეკლესიისა მწვერვალსა პეტრეს თანა შობილსა შევასხმიდეთ, რამეთუ ვითარ იგი ძველად მას, აწ ჩუენცა გვიღაღადა: მოვედით, გვიპოვნიეს სასურველი.
დღის საკითხავები

ცისკ. - მთ. 9 დას. IV, 18-23. ლიტ. - მოც. - 1 კორ. 131 დას. IV, 9-16. ინ. 4 დას. I, 35-51. ლაზ. მოწ. - ებრ. 331 დას. XII, 1-10. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.

მთ. IV, 18-23.
18. და როცა გალილეის ზღვის პირას მიდიოდა იგი, დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია, ბადეს რომ ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
19. და უთხრა მათ: გამომყევით და კაცთა მებადურებად გაქცევთ.
20. მათაც მყისვე მიატოვეს ბადე და გაჰყვნენ მას.
21. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა: იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან, თავიანთ მამასთან ერთად ბადეს კემსავდნენ ნავში, და უხმო მათ.
22. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ნავიც და მამაც, და გაჰყვნენ მას.
23. მიმოდიოდა იესო მთელს გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სახარებას სასუფევლისას და კურნავდა ყოველგვარ სენსა და ყოველგვარ უძლურებას ხალხში.

1კორ IV, 9-16.
9. რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10. ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11. თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12. ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13. გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14. თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15. შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16. ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.

ინ. I, 35-51.
35. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე თავის ორ მოწაფესთან ერთად.
36. დაინახა მომავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა.
37. ამის გაგონებაზე ორივე მოწაფე იესოს გაჰყვა.
38. ხოლო იესო შემობრუნდა და მის უკან მომავალნი რომ დაინახა, უთხრა მათ: რას ეძებთ? მათ კი მიუგეს: რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს მოძღვარს), სად ცხოვრობ?
39. უთხრა მათ: მოდით და ნახეთ. ისინიც მივიდნენ, ნახეს, სადაც ცხოვრობდა, და იმ დღეს მასთან დარჩნენ; იქნებოდა ასე ათი საათი.
40. ხოლო ამ ორთაგან ერთი, იოანესგან რომ გაიგონა იესოს სახელი და გაჰყვა მას, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა იყო,
41. რომელმაც ყველაზე უმალ თავისი ძმა სიმონი ნახა და უთხრა მას: ვპოვეთ მესია (რაც თარგმანით ნიშნავს: ქრისტე);
42. და იესოსთან მიიყვანა იგი. ხოლო იესომ შეხედა მას და უთხრა: შენა ხარ სიმონი, იონას ძე: ამიერიდან იწოდები კეფად (რაც თარგმანით ნიშნავს: კლდე).
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.

ებრ. XII, 1-10.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
3. იფიქრეთ იმაზე, ვინც ყოველივე ეს დაითმინა ცოდვილთაგან, რათა არ შემდრკალიყავით და არ მიგხდოდათ სულის სიმხნევე.
4. ჯერ კიდევ სისხლამდე არ მდგარხართ ცოდვის წინააღმდეგ საომრად.
5. და დაივიწყეთ შეგონების სიტყვა, თქვენდამი, როგორც შვილებისადმი, მომართული: „შვილო ჩემო, ნუ უგულებელყოფ წვრთნას უფლისას და ნურც სულით დაეცემი, როცა გამხილებს.
6. რადგან ვინც უყვარს უფალს, მასვე წვრთნის, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც ძედ იღებს“.
7. თუ ითმენთ წვრთნას, ღმერთი გექცევათ, როგორც შვილებს: ვინაიდან განა არის ისეთი შვილი, რომელსაც მამა არ წვრთნიდეს?
8. ხოლო თუ წვრთნის გარეშე რჩებით, რაშიაც ყველას თავისი წილი უძევს, ნაბუშრები ყოფილხართ და არა შვილები.
9. ეგეც არ იყოს, თუ ჩვენი ხორციელი მამები გვწვრთნიან და შიშით ვემორჩილებით მათ, განა მით უფრო მეტად არ უნდა ვემორჩილებოდეთ სულების მამას, რათა ვიცოცხლოთ?
10. რადგანაც ისინი თვითნებურად გვზრდიან ორიოდე დღისთვის, ხოლო ეს - ჩვენივე სიკეთისათვის, რათა ვეზიარებოდეთ მის სიწმიდეს.

ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
გვესაუბრება ბოლნელი მღვდელმთავარი ეფრემი (გამრეკელიძე):
-ეკლესიას ყველა დროში მისიონერული ფუნქცია აკისრია.
საიტის პარტნიორები