ძველი სტილი
24 მარტი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
6 აპრილი
დიდი მარხვის მე-6, ბზობის შვიდეული. ხმა 8.
მარხვა მარხვა
წინადღესასწაული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარებისა. ღირსისა ზაქარია მონაზონისა; არტემისა (არტემონისა), თესალონიკელი (სელევკიელი) ეპისკოპოსისა (III); ღირსისა იაკობ აღმსარებელისა, ეპისკოპოსისა (VIII-IX).
დღის ლოცვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების წინადღესასწაული
ტროპარი:
დღეს ყოვლისა სოფლისა სიხარულისა დასაბამი წინადღესასწაულისა გალობად მოგვიწოდს, რამეთუ აჰა ესერა გაბრიელ მოვალს, მტვირთველი ქალწულისა ხარებისა, და მისა მიმართ ხმობს: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა.

კონდაკი: დასაბამი იგი ცხორებისა ჩუენ ქვეყანისათა ყოველთა შენ ხარ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ მსახური ღმრთისა ზეცით მოივლინა წინა წარდგომად შენდა, რომელ არს დიდი იგი წესთმთავარი გაბრიელ, და ხარება სახარულევანი მოგართვა შენ; ამისთვისცა ყოველნი გიღაღადებთ: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
დღის საკითხავები
მე-6 ჟამს: ეს. LXV, 8-16. საღ.: დაბ. XLVI, 1-7. იგავ. XXIII, 15 - XXIV, 5. ხარების - შესქ. XXVIII, 10-17. ეზეკ. XLIII, 27 - XLIV, 4. იგავ. IX, 1-11.


ეს. 65,8-16
8. ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
9. გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
10. გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
11. თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
12. სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
14. აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
15. დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.
16. ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.


დაბ. 46,1-7
1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.
6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
7. თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.


იგავ. 23,15 - 24,5
15. შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
16. ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
17. შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
18. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
20. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
22. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
24. მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
25. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
26. შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
28. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.

1. ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
2. რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ.
3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.
4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.
5. ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.

შესქ. XXVIII, 10-17
10. გავიდა იაკობი ბერშებიდან და გაემართა ხარანს.
11. მიადგა ერთ ადგილს და იქ დაიღამა, რადგან მზე ჩასული იყო. აიღო ერთი ლოდი იმ ადგილიდან, დაიდო სასთუმლად და დაწვა იმ ადგილას.
12. ესიზმრა: მიწაზე კიბე დგას და თავით ცას სწვდება; უფლის ანგელოზები ადი-ჩამოდიან კიბეზე.
13. აჰა, უფალი დგას კიბეზე და ეუბნება: მე ვარ უფალი, ღმერთი აბრაამისა, მამაშენისა, და ღმერთი ისაკისა. ეს მიწა, რომელზედაც წევხარ, შენთვისა და შენი შთამომავლობისთვის მომიცია.
14. შენი შთამომავლობა ქვიშასავით მრავალრიცხოვანი იქნება და განივრცობი დასავლეთისკენ, აღმოსავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ და სამხრეთისკენ; შენითა და შენი შთამომავლობით იკურთხება მიწიერთა მთელი მოდგმა.
15. აჰა, შენთანა ვარ და ყველგან დაგიფარავ, სადაც კი წახვალ; კვლავ დაგაბრუნებ ამ მიწაზე, არ მიგატოვებ, ვიდრე არ აგისრულებ ყველაფერს, რაც გითხარი.
16. გამოიფხიზლა იაკობმა ძილისაგან და თქვა: ნამდვილად უფალი ყოფილა ამ ადგილას, მე კი არ ვიცოდი!
17. შეშინდა და თქვა: რა საშიში ყოფილა ეს ადგილი! სხვა რა უნდა იყოს, თუ არა უფლის სახლი; ეს ცათა კარიბჭეა!

ეზეკ. XLIII, 27 - XLIV, 4
27. როცა შესრულდება ეს დღეები, მერვე დღეს და მის შემდეგ შესწირონ მღვდლებმა სამსხვერპლოზე თქვენი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი, და წყალობას გამოვიჩენ თქვენდამი. ამბობს უფალი ღმერთი.

1. დამაბრუნა საწმიდარის გარეთა კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული; ჩაკეტილი იყო იგი.
2. მითხრა უფალმა: ეს კარიბჭე ჩაკეტილი იქნება, არ გაიღება; კაციშვილი ვერ შევა იქ, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი შედის იქ, ამიტომაც დაკეტილი იქნება.
3. მხოლოდ მთავარი დაჯდება მთავრად იქ პურის საჭმელად უფლის წინაშე; კარიბჭის სტოას გზით შევა და იმავე გზითვე გამოვა.
4. მიმიყვანა ტაძართან ჩრდილოეთის კარიბჭით და ვიხილე, აჰა, ავსებული იყო უფლის დიდებით უფლის სახლი, და პირქვე დავემხე.


იგ. IX, 1-11
1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა

წმიდა მოწამენი დავით და კონსტანტინე მხეიძეები არგვეთის მთავრები იყვნენ. 
საიტის პარტნიორები