ძველი სტილი
28 თებერვალი
ორშაბათი
ახალი სტილი
13 მარტი
დიდმარხვის მესამე შვიდეული. ხმა 5.
მარხვა მარხვა
ღირსისა ბასილი აღმსარებელისა (VIII); მღვდელმოწამისა პროტერისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა (457); მღვდელმოწამისა ნესტორ ეპისკოპოსისა, პამფილიის პერგეს ვნებულისა (250); ღირსთა დედათა მარინასი და კირასი (V); მოციქულთა: ევულოსისა და ნუმფასი; მოწამისა აბერკისი (ავრიკისი); ახალმოწამისა ნა (ანა) თესალონიკელისა (1751); ღირსისა გერმანესი (რუმინ.)(405-415).
დღის ლოცვა
ღირსი ბასილი აღმსარებელის კონდაკი:
ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. VIII, 13 - IX, 7. მწუხ. - შესქ. VI, 9-22. იგავ. VIII, 1-21.


ეს. VIII, 13 - IX, 7
13. მხოლოდ ცაბაოთ უფალს ეკრძალეთ, ის არის თქვენი შემაშინებელი და თქვენი შემზარავი.
14. ის იქნება საწმიდარად და დაბრკოლების ლოდად და წაფორხილების კლდედ ისრაელის ორი სახლისთვის. ბადედ და მახედ იერუსალიმის მკვიდრისათვის.
15. ბევრი წაიფორხილებს მასზე, დაეცემიან და დაილეწებიან, გაებმებიან და გაიხლართებიან.
16. შეჰკარი ეს ანდერძი, დაბეჭდე რჯული ჩემს მოწაფეებში.
17. მე ველი უფალს, რომელიც პირს იფარავს იაკობის სახლისგან, და ვესავ მას.
18. აჰა, მე და ეს ბავშვები, უფალმა რომ მომცა ნიშებად და სასწაულებად ისრაელში ცაბაოთ უფლისგან, რომელიც სიონის მთაზეა დავანებული.
19. თუ გითხრეს: დაეკითხეთო მესულთანებს და ჯადოქრებს, რომ ჩურჩულებენ და სტვენენო, განა თავის ღმერთს არ ეკითხება ხალხი, განა მკვდრებს ეკითხება ცოცხალთა გამო?
20. მიმართეთ რჯულსა და ანდერძს! თუ არ ამბობენ ამ სიტყვის მიხედვით, ნათქვამს არა აქვს აზრი.
21. ჩაივლის იქ გატანჯული და მშიერი. როცა დაიმშევა, გაავდება, გმობას დაუწყებს თავის მეფეს და თავის ღმერთს და მაღლა აიხედავს.
22. მიწას დახედავს და, აჰა, დაინახავს გასაჭირს და სიბნელეს - წყვდიადს განუჭვრეტელს და უკუნეთში გაიტყორცნება.
23. მაგრამ აღარ იქნება წყვდიადი შეჭირვებულისთვის. როგორც წინა დროებამ დაამცირა ზებულონის ქვეყანა და ნაფთალის ქვეყანა, ასე უკანასკნელ დროს განადიდებს ზღვისპირეთს, წიაღიორდანეს და წარმართთა გალილეას.

1. ხალხმა, ბნელში მოარულმა, იხილა ნათელი დიდი, წყვდიადის ქვეყანაში მცხოვრებლებს ნათელი გამოუბრწყინდა.
2. შენ გაამრავლე ხალხი, გაუზარდე მას სიხარული; მხიარულობდნენ შენ წინაშე, როგორც მკის დროს იციან სიხარული, როგორც ხარობენ ნადავლის გაყოფისას.
3. რადგან შენ დალეწე მისი კირთების უღელი, და მისი ბეჭების კეტი - მისი დამჩაგვრელის კვერთხი, როგორც მიდიანის დღეს.
4. რადგან ყოველი ხამლი, ბრძოლაში ნატარები, და სამოსელი, სისხლში ნათრევი, დასაწვავი იქნება, როგორც ცეცხლის კერძი.
5. რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
6. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის დავითის ტახტზე და მის სამეფოში, მის განსამტკიცებლად და გასაძლიერებლად სამართალში და სიმართლეში აწ და მარადის. ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას.
7. სიტყვა მოუვლინა უფალმა იაკობს და გარდამოვიდა ისრაელზე.


დაბ. 6,9-22

9. ეს არის ამბავი ნოესი: მართალი, სრული კაცი იყო ნოე თავის თაობაში; ღმერთთან დადიოდა ნოე.
10. შვა ნოემ სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი.
11. წაირყვნა ქვეყანა ღვთის წინაშე და აივსო ქვეყანა უსამართლობით.
12. გადმოხედა ღმერთმა ქვეყანას და, აჰა, წარყვნილიყო იგი, რადგან გაერყვნა ყოველ ხორციელს თავისი ზნე ამ ქვეყანაზე.
13. უთხრა ღმერთმა ნოეს: მოაწია ყოველი ხორციელის აღსასრულმა ჩემს წინაშე, რადგან აივსო ქვეყანა მათი უსამართლობით; და, აჰა, უნდა გავწყვიტო ისინი მთელი ქვეყნითურთ.
14. გაიკეთე კიდობანი ურთხელისგან. ბუდეები გაუკეთე კიდობანს, შიგნით და გარეთ ფისით შეფისე.
15. ამგვარი უნდა ააგო იგი: სიგრძით სამასი წყრთა იყოს კიდობანი, სიგანით - ორმოცდაათი წყრთა, სიმაღლით - ოცდაათი წყრთა;
16. სასინათლო გაუკეთე კიდობანს, ზემოდან ერთ წყრთაზე დაუტანე; კარი გვერდიდან შეაბი კიდობანს; ქვედა, მეორე და მესამე სართული გაუკეთე.
17. აჰა, მოვავლენ წარღვნას ქვეყანაზე, რათა გაწყდეს ცისქვეშეთში ყოველი ხორციელი, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას; ყოველი მიწიერი უნდა განადგურდეს.
18. შენ კი აღთქმას დაგიდებ და შეხვალთ კიდობანში შენ და შენი შვილები, შენი ცოლი და შენს ძეთა ცოლები.
19. ყოველგვარი ცხოველი, ყოველგვარი ხორციელი, ყველა წყვილ-წყვილად შეიყვანე კიდობანში, რათა შენთან ერთად გადარჩნენ; დედალ-მამალი იყოს.
20. ყოველი გვარის ფრინველი, ყოველი გვარის პირუტყვი, ყოველი გვარის ქვეწარმავალი, ყველა წყვილ-წყვილად შემოგყვეს კიდობანში, რათა გადარჩნენ.
21. წაიღე ყოველგვარი საჭმელი, რაც კი იჭმევა; მოიმარაგე და საჭმელად გქონდეთ შენც და მათაც.
22. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც ღმერთმა დაარიგა. ასე გააკეთა.


იგავ. VIII, 1-21
1. განა სიბრძნე არ მოუწოდებს? განა გონიერება არ გამოსცემს ხმას?
2. მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი;
3. კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:
4. თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
5. შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.
6. მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
7. ვინაიდან ჭეშმარიტებას გააცხადებს ჩემი ენა და სიბილწეა ჩემი ბაგეებისთვის უკეთურება.
8. ჩემი პირის ყოველი სიტყვა მართალია და მზაკვრობა და ცბიერება არ არის მათში;
9. ყოველი მათგანი სანდოა გამგებისთვის და ყველა სწორია ცოდნის მპოვნელთათვის.
10. მიიღეთ ჩემი შეგონება და არა ვერცხლი, ცოდნა მეტია ხალას ოქროზე;
11. რადგან სიბრძნე უკეთესია ძვირფას თვლებზე და ვერცერთი სანატრელი საგანი ვერ შეედრება მას.
12. მე, სიბრძნე, დავანებული ვარ შეგნებაში და ფიქრების ცოდნა მოვიპოვე.
13. უფლის მოშიშებას სძულს ბოროტება; მძულს მე ქედმაღლობა, ამპარტავნობა, ბოროტი გზა და ღალატიანი პირი.
14. ჩემია თათბირი და საღი აზრი; მე ვარ გონიერება, ჩემია ძალა;
15. ჩემით მეფობენ მეფენი და ჩემით აწესებენ სამართალს მთავარნი;
16. ჩემით მთავრობენ მთავარნი და დიდებულნი - ქვეყნის ყველა მსაჯული.
17. მიყვარს ჩემი მოყვარულნი და მიპოვნიან ჩემი მძებნელნი;
18. ჩემთან არის სიმდიდრე და პატივი, ულევი დოვლათი და სიმართლე.
19. ჩემი ნაყოფი ბაჯაღლო ოქროზე უკეთესია და ჩემგან უფრო მეტი სარგებელია, ვიდრე რჩეული ვერცხლისაგან.
20. სიმართლის სავალს ვადგავარ და სიმართლის გზებით დავიარები.
21. რათა დავამდიდრო ჩემი მოყვარულნი და ავუვსო საგანძურები.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ვანის ქვაბების წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი მათე (ვაშაყმაძე):
-განუსაზღვრელად დიდია სიტყვის მნიშვნელობა ქრისტიანობაში.
საიტის პარტნიორები