დღის საკითხავები
წმ. ბასილი დიდის წირვა. ლიტ. - ებრ. 329 დას. (შუათგან), XI, 24-26, 32 - XII, 2. ინ. 5 დას. I, 43-51.
ებრ. XI, 24-26, 32 - XII, 2.
24. რწმენით იყო, რომ მოსემ, როცა წამოიზარდა, უარი თქვა ფარაონის ასულის ძედ წოდებულიყო,
25. და ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა ამჯობინა მცირე ხნით ცოდვილ განცხრომას.
26. ქრისტესავით გმობა უფრო დიდ სიმდიდრედ მიიჩნია, ვიდრე ეგვიპტის მთელი სიმდიდრე, რადგანაც ხედავდა საზღაურს.
32. მეტი რაღა ვთქვა? რადგანაც დრო არ მეყოფა გედეონის, ბარაკის, სამსონის, იეფთაეს, დავითის, სამუელისა და წინასწარმეტყველთა ამბის სათხრობად,
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ინ. I, 43-51.
43. მეორე დღეს გალილეას წასვლა მოისურვა იესომ; ნახა ფილიპე და უთხრა, გამომყევიო.
44. ხოლო ფილიპე ბეთსაიდელი იყო, ანდრიასა და პეტრეს თანამოქალაქე.
45. მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი.
46. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? უთხრა მას ფილიპემ: მოდი და ნახე.
47. მისკენ მომავალი ნათანაელი რომ დაინახა, იესომ თქვა: აჰა, ჭეშმარიტი ისრაელიტი, ვისთვისაც უცხოა ზაკვა.
48. უთხრა მას ნათანაელმა: საიდან მიცნობ მე? მიუგო იესომ და უთხრა: სანამ ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე.
49. ნათანაელმა მიუგო: რაბი, შენა ხარ ძე ღმრთისა, ისრაელის მეფე.
50. მიუგო იესომ და უთხრა: გწამს, ვინაიდან გითხარი, ლეღვის ქვეშ მყოფი გიხილე-მეთქი; ამაზე მეტსაც იხილავ.
51. და უთხრა მას: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღმრთის ანგელოზებს, აღმავალთ და გადმომავალთ კაცის ძეზე.