დღის საკითხავები
ლიტ. - 2 კორ. 195 დას. XII, 10-19. მკ. 16 დას. IV, 10-23. მთავარანგ. - ებრ. 305 დას. II, 2-10. ლკ. 51 დას. X, 16-21.
2კორ. XII, 10-19.
10. მიტომაც ვტკბები უძლურებით, შეურაცხყოფით, გაჭირვებით, დევნითა და შევიწროებით, რადგან როცა უძლური ვარ, მაშინა ვარ ძლიერი.
11. უგუნური გავხდი ქადილით; თქვენ მაიძულეთ, ვინაიდან თქვენ უნდა გექეთ; რადგანაც არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები, თუმცაღა არარა ვარ.
12. მოციქულის ნიშნები გამოჩნდა თქვენში მთელი მოთმინებით, სასწაულებით, ნიშებითა და ძალით.
13. ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.
14. აჰა, მე მზად ვარ მესამედაც მოვიდე თქვენთან, და არც ამჯერად შეგაწუხებთ, რადგანაც თქვენსას კი არ ვეძებ, არამედ - თქვენ. შვილები კი არ უნდა უგროვებდნენ საუნჯეს მშობლებს, არამედ მშობლები - შვილებს.
15. ამიტომაც ხალისით დავიხარჯები და დავიწრიტები თქვენი სულისთვის; მაგრამ რაკი ასე ძლიერ მიყვარხართ, განა ნაკლებ უნდა გიყვარდეთ?
16. ან იქნებ თავად არ გაწუხებდით, მაგრამ ცბიერი ვიყავი და ზაკვით დაგიმორჩილეთ?
17. მაგრამ რამე თუ მისარგებლია თქვენგან მათი მეშვობით, ვინც თქვენთან წარმოვგზავნე?
18. ვთხოვე ტიტეს, თქვენთან მოსულიყო, და ერთი ძმაც გამოვაყოლე: ან ტიტე თუ გამოგრჩათ რასმე? განა ერთი სულით არ ვმოქმედებდით? განა ერთ გზას არ ვადექით?
19. იქნებ გგონიათ, თქვენს წინაშე ვიმართლებთ თავს? არა, ღვთის წინაშე, ქრისტეში. ხოლო ყოველივე ამას, საყვარელნო, თქვენს ასაშენებლად ვამბობთ.
მკ. IV, 10-23.
10. როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.
11. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
12. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები.
13. და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ?
14. მთესავი სიტყვას თესავს.
15. გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა.
16. ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას;
17. მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან.
18. ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან,
19. რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას.
20. ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად.
21. და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან? არამედ სასანთლეზე დგამენ მას.
22. არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
23. ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
ებრ. II, 2-10.
2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს,
3. ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით დამკვიდრდა ჩვენში,
4. ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ?
5. რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ.
6. არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი, რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას?
7. ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან ჰყავ
8. და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ ყველაფერი მას მორჩილებდეს;
9. არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო, რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო.
10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
ლკ. X, 16-21.
16. თქვენი მსმენელი მე მისმენს და თქვენი უარმყოფელი მე უარმყოფს; ხოლო ვინც მე უარმყოფს, უარყოფს ჩემს მომავლინებელს.
17. სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით.
18. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.
19. აჰა, მოგცემთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დათრგუნვისა და მტრის ყოველი ძალისა; და ვერაფერი გავნებთ თქვენ.
20. მაგრამ ის ნუკი გახარებთ, რომ სულები გმორჩილებენ, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები დაიწერა ცაში.
21. მაშინ გაიხარა იესომ სულით და თქვა: გაღიარებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გამგებთ დაუმალე ეს და გაუცხადე ჩვილ ბალღებს. დიახ, მამაო, ვინაიდან ასე კეთილინებე შენ.