დიდმოწამისა და მკურნალისა პანტელეიმონისა (305); ღირსისა ანთისა აღმსარებელისა, იღუმენიასი, და 90-თა დათა მისთა (VIII); მოციქულთა სწორთა: კლიმენტისა, ოხრიდელი ეპისკოპოსისა (916), ნაუმისა, საბასი, გორაზდისა და ანგელარისა (ბულგ.).
დღის ლოცვა
დიდმოწამე პანტელეიმონ მკურნალის
ტროპარი: ღვაწლით შემოსილო წმიდაო მკურნალო პანტელეიმონ, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა.
კონდაკი: მიმსგავსებულ იქმენ ყოვლადმოწყალისა და მოიღე მადლი კურნებათა, ღუაწლით შემოსილო მოწამეო ქრისტეს ღმრთისაო, ლოცვითა შენითა სულთა ჩუენთა სენნი განკურნენ და განსდევნენ ეშმაკისა საცთურნი ჩუენგან, რომელნი ვღაღადებთ: გუაცხოვნენ ჩუენ, უფალო.
დღის საკითხავები
ცისკ. - ლკ. 106 დას. XXI, 12-19. ლიტ. - 1 კორ. 144 დას. X, 5-12. მთ. 66 დას. XVI, 6-12. დიდმოწ. - 2 ტიმ. 292 დას. II, 1-10. ინ. 52 დას. XV, 17 - XVI, 2.
ლკ. XXI, 12-19
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
1 კორ. X, 5-12
5. თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
6. ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.
7. ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: "დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ".
8. ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
9. ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10. ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
11. ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.
12. ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს
მთ. XVI, 6-12
6. იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს.
7. ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება, პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო.
8. მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო?
9. ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
10. არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ?
11. ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს-მეთქი?
12. მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
2 ტიმ. II, 1-10
1. მაშ, გაძლიერდი, შვილო ჩემო, ქრისტე იესოს მადლით,
2. და რაც მრავალი მოწმის თანდასწრესით გსმენია ჩემგან, სარწმუნო ხალხს გადაეცი, რომლებიც შესძლებენ ასწავლონ სხვებსაც.
3. ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
4. არც ერთი მეომარი არ შეიკრავს ხელ-ფეხს ცხოვრებისეული საქმით, რათა თავი მოაწონოს მხედართმთავარს.
5. ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
6. მიწის მუშაკმა ყველაზე უმალ უნდა იგემოს ნაყოფი.
7. დაუფიქრდი ჩემს ნათქვამს, რადგანაც ღმერთი მოგცემს ყველაფრის გაგების უნარს.
8. გახსოვდეს იესო ქრისტე, დავითის თესლისაგან, მკვდრეთით აღმდგარი, ჩემი სახარების მიხედვით.
9. ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
10. ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
ინ. XV, 17 - XVI, 2
17. ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18. თუ ქვეყანას სძულხართ, იცოდეთ, რომ მე მომიძულა უწინ.
19. ამ ქვეყნისანი რომ იყოთ, ქვეყანას ეყვარებოდა თვისნი; მაგრამ რაკი ამ ქვეყნისანი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნისაგან, ამიტომაც სძულხართ ქვეყანას.
20. გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: არ არის მონა, თავის ბატონზე უმეტესი. მე თუ მდევნიდნენ, თქვენც დაგიწყებენ დევნას; თუ დაიცვეს ჩემი სიტყვა, თქვენსასაც დაიცავენ.
21. ხოლო ყოველივე ამას შეგამთხვევენ ჩემი სახელის გამო, ვინაიდან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
22. რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის.
23. ჩემს მოძულეს მამაჩემიც სძულს.
24. რომ არ მექმნა მათ შორის საქმენი, სხვას რომ არავის უქმნია; არ ექნებოდათ ცოდვა; ახლა კი მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჩემიც.
25. რათა აღსრულდეს მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: მომიძულეს მე უმიზეზოდ.
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.
27. და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
1. ეს გითხარით, რათა არ შეცდეთ.
2. გამოგყრიან სინაგოგებიდან; აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს.