ხსენება გამოჩინებისა პატიოსნისა ჯვარისა იერუსალიმს (351); ღირსთა ასურელთა მამათა - იოანე ზედაზნელისა და 12-თა მოწაფეთა მისთა: აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა (თათა მამებელისა), ისე წილკნელი ეპისკოპოსისა, იოსებ ალავერდელი ეპისკოპოსისა, ეზდრიოს (ისიდორე) სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა (VI-VII); ღირსისა ელია დიაკონისა (VI); მოწამისა აკაკი ასისთავისა (303); ღირსისა ტარასი მეუდაბნოისა, სასწაულმოქმედისა, ლიკაონიელისა; მოწამეთა: კოდრატე ნიკომიდიელისა, სატორინესი, რუფინესი და სხვათა (III).
დღის ლოცვა
ხსენება სასწაულისა პატიოსნისა ჯვარისა, რომელი გამოცხადდა ცასა შინა იერუსალიმს
ტროპარი: ნიში ჯუარისა შენისა, უფალო, უფროის მზისა გამობრწყინდა აწ, რომელი იგი ვიდრე მთით წმიდით ადგილადმდე თხემისა განვრცობილ იყო და ამისა მიერ ძლიერებასა შენსა საცნაურ ყოფდა, მაცხოვარ; ამის მიერვე განაძლიერენ მორწმუნენი მთავრობაი და მხედრობაი ჩუენი, რომელნი მშვიდობით შეზღუდენ მარადის მეოხებითა ღმრთისმშობელისათა და შეგვიწყალენ ჩუენ.
კონდაკი: განმხმელმან ცათა დახშულთამან ცათა ზედა ყოვლადბრწყინვალე შარავანდედი ქუეყანასა შინა გამოაბრწყინვა ჯუარმან ყოვლადწმიდამან; ამისთვის რომელთა შევიწყნარეთ მაცხოვარებაი მოქმედებისა მისისა, დაუალისა მიმართ ნათლისა განსწავლულ ვიქმნენით, და ბრძოლასა შინა გუაქვს საჭურველად მშვიდობისა _ უძლეველი იგი საძლეველი ჯუარი ყოვლადძლიერი.