დღის საკითხავები
ლიტ. - ტიტ. 301 დას. I, 15 - II, 10. მკ. 41 დას. IX, 33-41. წინასწარმეტ. - ებრ. 330 დას. XI, 33 - XII, 2. ლკ. 62 დას. XI, 47 - XII, 1.
ტიტ. I, 15 - II, 10.
15. რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.
16. სიტყვით აღიარებენ, საქმით კი უარყოფენ ღმერთს, უკეთურნი, ურჩნი და ყოველი კეთილი საქმისათვის ურგებნი.
1. შენ კი ის ილაპარაკე, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას.
2. ბერიკაცები ფხიზლები იყვნენ, ღირსეულნი, გონიერნი, რწმენით, სიყვარულითა და მოთმინებით საღნი.
3. ხანდაზმული ქალებიც ისეთნი იყვნენ, როგორც შეჰფერის სიწმიდეს: არა ცილისმწამებელნი, არა ღვინის მონები, არამედ სიკეთის მოძღვარნი,
4. რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
5. კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
6. ჭაბუკებსაც ასევე შეაგონე, რომ თავდაჭერილნი იყვნენ.
7. ყველაფერში კეთილი საქმის ნიმუშად წარმოაჩინე თავი; სწავლებისას - სიწმიდე და სიდარბაისლე;
8. შენი სიტყვა საღი იყოს და უგმობელი, რათა მოწინააღმდეგეს შერცხვეს და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენზე.
9. მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;
10. ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის - ღმერთის მოძღვრება.
მკ. IX, 33-41.
33. მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე მსჯელობდით გზაში?
34. ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ უფრო დიდიაო.
35. მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური.
36. მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია და უთხრა მათ:
37. ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს მომავლინებელს.
38. მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი, რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება.
39. ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს.
40. რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
41. იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური.
ებრ. XI, 33 - XII, 2.
33. რწმენით რომ ამარცხებდნენ სამეფოებს, აღასრულებდნენ სიმართლეს, იღებდნენ აღთქმას, პირს უკრავდნენ ლომებს,
34. შრეტდნენ ცეცხლის ძალას, თავს აღწევდნენ მახვილის პირს, ძლიერდებოდნენ უძლერებისგან, მძლავრობდნენ ომში, აოტებდნენ უცხოთა ლაშქარს.
35. ქალებს აღმდგარნი უბრუნდებოდნენ თავიანთი მკვდრები, სხვები კი ეწამებოდნენ და უარს ამბობდნენ გამოხსნაზე, რათა გამხდარიყვნენ უკეთესი აღდგომის ღირსნი.
36. სხვებმა დაითმინეს გმობა და გვემა, სხვებმა კი - ბორკილები და დილეგი.
37. იყვნენ ჩაქოლილნი, შუაზე გადახერხილნი, ხმლით განგმირულნი, ცხვრისა თუ თხის ტყავებით მოარულნი, გაჭირვებულნი, ურვილნი, ძვირხილულნი (რომელთა ღირსიც არ იყო ქვეყანა),
38. უდაბნოებსა თუ კლდე-ღრეში მოხეტენი, მღვიმეებსა და ნაპრალებს შეფარებულნი.
39. ყოველ მათგანს კეთილი მოწმობა ჰქონდა თავისი რწმენის წყალობით, მაგრამ ვერ მიიღეს აღთქმული,
40. რადგანაც ღმერთმა წინასწარ განჭვრიტა ჩვენთვის უმეტესი სიკეთე, რათა ისინი უჩვენოდ ვერ გამხდარიყვნენ სრულქმნილნი.
1. ამიტომ ჩვენც, რაკიღა ღრუბელივით გარს გვახვევია ესოდენ მრავალი მოწმე, ჩამოვიშოროთ ყოველგვარი სიმძიმე თუ ხელ-ფეხ შემკვრელი ცოდვა და მოთმინებით გავლიოთ ჩვენს წინაშე მდებარე სარბიელი.
2. თვალი მივაპყროთ იესოს, რწმენის წინამძღვარსა და სრულმყოფს, მის წინაშე მდებარე სიხარულის წილ რომ დაითმინა ჯვარი, უგულებელყო სირცხვილი და დაჯდა ღვთის ტახტის მარჯვნივ.
ლკ. XI, 47 - XII, 1.
47. ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი.
48. ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ.
49. ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი განდევნიან.
50. რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული ყველა წინასწარმეტყველის სისხლი,
51. აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ, მოეკითხება ამ მოდგმას.
52. ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა.
53. ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა,
54. რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად, ბრალი დაედოთ მისთვის.
1. ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.