დღის საკითხავები
ლიტ. - 2 ტიმ. 299 დას. IV, 9-22. მკ. 36 დას. VIII, 30-34. მღვდელმოწ. - ფილპ. 246 დას. III, 20 - IV, 3. მთ. 11 დას. V, 14-19.
2ტიმ. IV, 9-22.
9. ეცადე მალე მოხვიდე ჩემთან.
10. რადგანაც დემასმა მიმატოვა, შეიყვარა ეს საწუთრო და თესალონიკეში წავიდა, კრესკე - გალატეას, ტიტე - დალმაციას; ლუკაღა დარჩა ჩემთან.
11. მარკოზი დასძარი და წამოიყვანე, რადგანაც მსახურებისთვის მჭირდება.
12. ტიქიკოსი ეფესოს წარვგზავნე.
13. როცა წამოხვალ, მოსასხამი წამომიღე, ტროაში, კარპესთან რომ დავტოვე; აგრეთე წიგნები, მეტადრე ტყავზე ნაწერი.
14. ალექსანდრე მჭედელმა სიცოცხლე გამიმწარა, მისი საქმისამებრ მიაგებს მას უფალი.
15. შენც ერიდე, რადგანაც თავგამოდებით აღუდგა წინ ჩვენს სიტყვებს.
16. ჩემი პირველი თავის მართლებისას არავინ ამომიდგა მხარში, არამედ ყველამ მიმატოვა. ნუ მიეთვლება მათ.
17. მაგრამ უფალი დამიდგა გვერდით და განმამტკიცა, რათა ჩემი მეშვეობით აღსრულებულიყო ქადაგება და ესმინა ყველა წარმართს; ასე დავაღწიე თავი ლომის ხახას.
18. უფალივე დამიხსნის ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს თავის ზეციურ სასუფეველში. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
19. მომიკითხე პრისკილა და აკვილა, აგრეთვე ონესიფორეს სახლი.
20. ერასტოსი კორინთოში დარჩა, ტროფიმე კი ავადმყოფი დავტოვე მილეტში.
21. ეცადე ზამთარს დაასწრო მოსვლა. მოგიკითხავენ ევბულე, პუდე, ლიმოსი, კლავდია და ყველა ძმანი.
22. უფალი იყოს შენს სულთან, მადლი თქვენდა. ამინ.
მკ. VIII, 30-34.
30. მაშინ უბრძანა მათ, არავისთან გაეთქვათ იგი.
31. და დაუწყო მათ სწავლება, რომ ძეს კაცისას ელოდა მრავალი ტანჯვის დათმენა, შეურაცხყოფა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა.
32. აშკარად ამბობდა ამას. მაგრამ პეტრემ განზე გაიხმო და კიცხვა დაუწყო.
33. ხოლო ის მობრუნდა, გადახედა თავის მოწაფეებს, შერისხა პეტრე და უთხრა: გამშორდი, სატანა; ვინაიდან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
34. მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა მათ: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
ფილპ. III, 20 - IV, 3.
20. ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს,
21. რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
1. ამიტომ, ჩემო ძვირფასო და სასურველო ძმანო, სიხარულნო და გვირგვინნო ჩემნო, ასე იდექით უფალში, საყვარელნო.
2. ვევედრები ევოდიას და სინტიქეს, თანამოაზრენი იყვნენ უფალში.
3. შენც გევედრები, ერთგულო თანამდგომო, შეეწიე მათ, ჩემთან ერთად რომ იღვწოდნენ სახარებაში, კლემენტესა და ჩემს სხვა თანამშრომლებთან ერთად, რომელთა სახელებიც ჩაწერილია სიცოცხლის წიგნში.
მთ. V, 14-19.
14. თქვენა ხართ ნათელი ქვეყნისა. ვერ დაიმალება ქალაქი, მთის მწვერვალზე გაშენებული.
15. როდესაც ანთებენ სანთელს, საწყაოს ქვეშ კი არ დგამენ, არამედ სასანთლეზე, და უნათებს ყველა შინ მყოფს.
16. დაე, ასევე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, რათა ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს.
17. ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლაღ კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად.
18. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.
19. ამრიგად, ვინც დაარღვევს თუნდაც ერთს ამ უმცირეს მცნებათაგანს და ასე ასწავლის კაცთაც, უმცირესად იწოდება ცათა სასუფეველში; ხოლო ვინც აღასრულებს და ასწავლის, უდიდესად იწოდება ცათა სასუფეველში.