დღის საკითხავები
ლიტ. - 2 ტიმ. 290 დას. I, 1-2, 8-18. ლკ. 108 დას. XXI, 37 - XXII, 8. მოწ. - ეფ. 233 დას. VI, 10-17. ლკ. 106 დას. XXI, 12-19.
2ტიმ. I, 1-2, 8-18.
1. პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, თანახმად სიცოცხლის აღთქმისა ქრისტე იესოში, -
2. ტიმოთეს, საყვარელ შვილს: მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
8. მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
9. რომელმაც გვიხსნა და წმიდა ხმობით გვიხმო, ჩვენს საქმეთა გამო კი არა, არამედ თავისი ნებით და მადლით, საუკუნეთა უწინარეს რომ მოგვეცა ქრისტე იესოში,
10. ახლა კი გამოჩნდა ჩვენი მხსნელის ქრისტე იესოს გამოცხადებით, ვინც განაქარა სიკვდილი და გაანათლა სიცოცხლე და უხრწნელება სახარებით;
11. ვის ქადაგად, მოციქულად და მოძღვრადაც ვარ დადგენილი,
12. ვისი მიზეზითაც ვევნები ასე, მაგრამ სულაც არა მრცხვენია, რადგანაც ვიცი, ვინც ვირწმუნე, და მწამს, რომ ძალუძს შეინახოს ჩემი წინდი იმ დღისათვის.
13. სიყვარულითა და რწმენით მისდიე მასულდგმულებელ სიტყვათა ნიმუშს, ჩემგან რომ ისმინე ქრისტე იესოში.
14. შეინახე კეთილი წინდი სულით წმიდით, რომელიც მკვიდრობს ჩვენში.
15. შენ იცი, რომ ასიაში ყველამ მიმატოვა, მათ შორის ფიგულუსმა და ჰერმოგენემაც.
16. წყალობა მისცეს უფალმა ონისიფორეს სახლს, რადგანაც მრავალგზის მომიფონა და სირცხვილად არ უჩნდა ჩემი ბორკილები.
17. არამედ რომში ჩამოსული გულმოდგინედ მეძებდა და მიპოვა კიდეც.
18. ღმერთმა ინებოს, რომ უფლის მიერ წყალობა ჰპოვოს იმ დღეს, ხოლო რაც ეფესოში მემსახურა, შენ უკეთ იცი.
ლკ. XXI, 37 - XXII, 8.
37. დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა.
38. და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში, რათა მოესმინა მისთვის.
1. ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
2. მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
3. შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს, და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი.
4. წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
5. ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ მისთვის.
6. ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი.
7. დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი.
8. გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი.
ეფ. VI, 10-17.
10. და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით.
11. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს,
12. რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა წინააღმდეგ.
13. ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და, ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ.
14. მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ,
15. ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად.
16. ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა დაშრეტას,
17. აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის ღვთის სიტყვა.
ლკ. XXI, 12-19.
12. უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის გამო.
13. და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად.
14. მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი იმართლოთ თავი.
15. ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
16. გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
17. და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო.
18. მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება.
19. მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.