განმარტება ლიტურგიისა
განმარტება ლიტურგიისა
საღმრთო ლიტურგია რამოდენიმე სახელითაა ცნობილი. პირველი სახელწოდება – ლიტურგია, – ბერძნულია და ნიშნავს "საერთო მსახურებას", რაც მიუთითებს იმაზე, რომ წმ. ზიარების საიდუმლოში ღვთისადმი შეიწირება მსხვერპლი მთელი მორწმუნე ერისათვის, ცოდვებისათვის როგორც ცოცხალთა, ისე მკვდართა. ბერძნები წმ. საიდუმლოს ზიარებას უწოდებდნენ "ევქარისტიასაც", ამიტომ ლიტურგია ხშირად იწოდება ევქარისტიად. მოციქულთა დროს ლიტურგიას კიდევ უწოდებ-დნენ "პურის განტეხას" (საქმე, მოც. 3.46).

წირვაზე მორწმუნენი იხსენიებენ იესუ ქრისტეს ცხოვრებასა და სწავლებას მაცხოვრის შობიდან მის ამაღლებამდე.

ლიტურგიის შესრულების წესი ასეთია: თავდაპირველად მზადდება მასალა და საკრალური ნივთები საიდუმლოს შესასრულებლად. შემდეგ მორწმუნენი ემზადებიან საიდუმლოსათვის, ბოლოს სრულდება თვით საიდუმლო და მორწმუნენი ეზიარებიან. ამიტომ ლიტურგია იყოფა სამ ნაწილად:

1. კვეთა;
2. კათაკმეველთა ლიტურგია;
3. მართალთა ლიტურგია.

1. კვეთა

ლიტურგიის პირველ ნაწილს, რომელზედაც მზადდება მასალა წმიდა საიდუმლოს შესასრულებლად, ეწოდება კვეთა.

ძველად წირვაზე მოსულ ქრისტიანებს თან მოჰქონდათ პური და ღვინო წმ. ზიარებისათვის, ამიტომაც უწოდებენ კვეთას "პროსკომიდიას" – რაც ბერძნულად ნიშნავს მოტანას.

წმ. ზიარების სიდუმლოს შესასრულებლად აუცილებელია პური და ღვინო. პური საჭიროა გაფუებული, რადგან სწორედ ასეთი პური იხმარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე. გარეგნულად პური ანუ სეფისკვერი უნდა იყოს: 1. მრგვალი; 2. ორნაწილიანი, ქრისტეს ორბუნებოვნების აღმნიშვნელი, – ღვთაებრივისა და ადამიანურისა; 3. თავზე გამოსახული უნდა ჰქონდეს ჯვარი, ნიშნად იმისა, რომ აღნიშნული პური ღვთისმსახურებისთვისაა განკუთვნილი; და 4. ჯვარზე უნდა იყოს გამოსახული შემდეგი წარწერა:"იესუ ქრისტე ძლევა", რაც იმას ნიშნავს, რომ ქრისტემ ყველას სძლია. ღვინო უნდა იყოს ყურძნისა, წითელი ფერის. ყურძნის იმიტომ, რომ თვით მაცხოვარი საიდუმლო სერობაზე ეზიარა ყურძნის ღვინით, რაც შეეხება წითელს – იგი სისხლის ფერია. კვეთისათვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი, რომელიც გვაგონებს მაცხოვრის მიერ ხუთი პურით ხუთი ათასის დაპურებას.

წირვის დაწყების წინ მღვდელი იკეთებს ოლარს, დადგება დახურული აღსავლის კარის წინ ამბიონზე და კითხულობს ე.წ. "შემთხვევის ლოცვებს"; შემდეგ შედის საკურთხეველში, იმოსება სრული სამღვდელო შესამოსელით, იბანს ხელებს, რაც მის სულიერ სიწმიდესა და მზადყოფნას გამოხატავს წმ. საიდუმლოს შესასრულებლად (ძველად ღვთისმსახურნი ხელებს იბანდნენ წმ. შესაწირავის სამკვეთლოდან ტრაპეზზე გადასვენების წინ; ამიტომაცაა, რომ ახლაც მღვდელმთავარი ხელს იბანს "ქერუბიმთას" გალობის დროს, დიდი გამოსვლის წინ). ამის შემდეგ მღვდელი მიუახლოვდება სამკვეთლოს და კვეთისათვის გამზადებული ხუთი სეფისკვერიდან ამოარჩევს საუკეთესოს, რომლიდანაც გარკვეული წესით ამზადებს ტარიგს, – შესაწირავ ძღვენს. ასამაღლებლის შემდეგ აღნიშნულ სეფისკვერზე ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს და წარმოსთქვამს სიტყვებს: "მოსახსენებლად უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესსა". ამის შემდეგ იგი ლახვრით სეფისკვერს ჩააჭრის გვერდებს და ამბობს ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: "ვითარცა ცხოვარი კლუად მიიგუარა..." და "ვითარცა ტარიგი წინაშე მრისველისა..." "სიმდაბლითა თვისითა სასჯელი მისი მიეღო", "ხოლო თესლტომი მისი ვინმე მიუთხრას", "რამეთუ აღებულ არს ქუეყანით ცხოვრება მისი..." (ისაია 53.7-8). შემდეგ ტარიგს ქვევიდან ჯვარის სახედ ჩაჭრის ამ სიტყვებით: "დაიკლვის ტარიგი ღვთისა აღმღებელი ცოდვათა სოფლისათა ცხოვრებისათვის სოფლისა ცხოვნებად", დაასვენებს ფეშხუმზე, მარჯვნიდან ლახვრით უგმირავს და ამბობს: "ერთმან მხედართაგანმან ლახურითა განაღო გუერდი მისი და მეყუსეულად გარდამოხდა სისხლი და წყალი, და რომელმან იხილა ჰსწამა და ჭეშმარიტ არს წამება მისი" (იოანე 19.34-35). ამ სიტყვებზე ბარძიმში ჩაასხამს ღვინოსა და წყალს და აკურთხებს შეერთებას.

მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს მოზრდილ ნაწილს ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სახელზე და მოათავსებს ფეშხუმზე ტარიგის მარჯვენა მხარეს. მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილებს ცხრა დასის სახელზე, რომელშიც შედიან: იოანე ნათლისმცემელი, წინასწარ-მეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ-მთავარნი, მოწამენი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლონი, ღვთისმშობლის მშობლები და ყოველნი წმინდანნი, და ბასილი დიდი ან იოანე ოქროპირი, ვისი წირვაც იქნება შესასრულებელი. აღნიშნული ცხრა ნაწილი მოთავსდება ტარიგის მარცხენა მხარეს. მეოთხე სეფისკვერიდან მღვდელი ამოიღებს ორ ნაწილს: ერთს პატრიარქისა და მისი დასის სახელზე, ხოლო მეორეს – ღვთივდაცული ერის, მთავრობისა და მხედრობის სახელზე და ათავსებს ტარიგის ქვემოთ. მეხუთე სეფისკვერიდან ამოიღებს ერთ ნაწილს მიცვალებულთათვის. ამით მთავრდება კვეთა და მოიხსენიება როგორც ცოცხალნი, ისე მიცვალებულნი, ამოიღება ნაწილები შემოწირული სეფისკვერიდანაც და მოთავსდება ტარიგის ქვედა მხარეს.

მღვდელი აკურთხებს სასაკმევლეს, იღებს ვარსკვლავს, შემოატარებს სასაკმევლეზე და დაადგამს ფეშხუმს; ასევე შემოატარებს მცირე დაფარნებს საცეცხლურზე და დააფარებს ბარძიმ-ფეშხუმს, ხოლო დიდ დაფარნას – ორივეს. ამ მოქმედებათა შესრულებისას იკითხება საგანგებო ლოცვები. ამის შემდეგ მღვდელი კითხულობს საერთო ლოცვას წინადაგებული ძღვენისათვის, სადაც იხსენიებს როგორც შემომწირველთ, ისევე იმათ, ვისთვისაც შემოსწირეს. ბოლოს ხდება მცირე ჩამოლოცვა.

კვეთის შესრულებისას საეკლესიო ნივთებს და მოქმედებებს აქვთ შემდეგი სიმბოლური მნიშვნელობანი:

ფეშხუმი ნიშნავს ცას, ვარსკვლავი – იმ სასწაულებრივ ვარსკვლავს, რომელიც ქრისტეს შობისას წინ უძღოდათ მოგვებს; მცირე დაფარნები ის სახვევებია, რომლებითაც ახლადშობილი ყრმა იესუ იქნა შეხვეული და ბაგაში მიწვენილი. დიდი დაფარნა – ის ტილოა, რომელშიც იყო შეხვეული იესუს გვამი. ბარძიმი ნიშნავს იმ ჭურჭელს, რითაც აზიარა ქრისტემ საიდუმლო სერობაზე; სამკვეთლო მოასწავებს ბეთლემის ბაგასაც, სადაც უფალი ჩვენი იშვა და კიდევ გოლგოთას, სადაც იგი იქნა ჯვარცმული. მთელი სეფისკვერი რისგანაც უნდა დამზადდეს ტარიგი ღვთისა, გამოხატავს ღვთისმშობელს, რომლისგანაც უნდა იშვას იესუ ქრისტე. როცა მღვდელი დებს სეფისკვერს ფეშხუმზე, იგი მოასწავებს მღვდელმთავარს, რომელმაც ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი შეიყვანა წმიდათაწმიდაში. ნაკვეთი ნაწილები ტარიგის გარშემო ფეშხუმზე ნიშნავს ეკლესიას, ქრისტეს მიერ დაფუძნებულს. კმევა კვეთისას ნიშნავს სული წმიდის მადლის გადმოსვლას შესაწირავ ძღვენზე. საერთოდ მღვდლის მიერ წმიდა ტარიგის მომზადება გამოხატავს იესუ ქრისტეს შობასა და ჯვარცმას.

2. კათაკმეველთა ლიტურგია

ლიტურგიის მეორე ნაწილს ეწოდება კათაკმეველთა ლიტურგია, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ კათაკმეველთაც, ე.ი. იმათ ვინც ემზადება მოსანათლად და იმათაც, ვინც მონანიებაშია, ე.ი. ვინც დაყენებულია წმ. ზიარებისაგან. კათაკმეველთა ლიტურგია არის სწავლა-მოძღვრებითი ნაწილი წირვისა.

კვეთის დამთავრების შემდეგ მღვდელი ხელაღპყრობილი ევედრება ღმერთს, რომ გარდამოავლინოს სული წმიდა მათზე და განაძლიეროს მსახურებაში.

დიაკონი მიიღებს მღვდლისაგან კურთხევას, გადის აღსავლის კარით ამბიონზე და ხმამაღლა ამბობს: "გვაკურთხენ მეუფეო", რაც ნიშნავს შემდეგს: გვაკურთხე მეუფეო, რათა დავიწყოთ წირვა და მორწმუნე ერმა, – ტაძარში შეკრებილმა, მიიღოს მონაწილეობა ღვთის დიდებასა და მსახურებაში.

მღვდელი წმ. სახარებით ტრაპეზზე გამოსახავს ჯვარის სახეს და ამბობს წირვის ასამაღლებელს: "კურთხეულ არს მეუფება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა..." ამ ასამაღლებლით წირვის დასაწყისშივე ადიდებს მღვდელი წმ. სამებას. ამის შემდეგ დიაკონი ამბობს დიდ კვერექსს, რომელშიც თანმიმდევრობითაა ჩამოთვლილი ქრისტიანთა თხოვნა-ვედრებანი, და ის პირნი, რომელთათვისაც ლოცულობს მორწმუნე ერი. მღვდელი ამ დროს საკურთხეველში საიდუმლოდ ლოცულობს და ევედრება ღმერთს, რომ მოწყალება გარდამოავლონოს წმ. ტაძარსა და მასში შეკრებილ მორწმუნეებზე. დიდი კვერექსის ბოლოს მღვდელი ამბობს ასამაღლებელს: "რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა..."

ამის შემდეგ იგალობება ფსალმუნები: 102-ე "აკურთხევს სული ჩემი უფალსა..." და 145-ე "აქებს სული ჩემი უფალსა..." ეს ფსალმუნები ერთმანეთისაგან გამოყოფილია მცირე კვერექსით. თავიანთი შინაარსით აღნიშნული ფსალმუნები იწოდება გამომსახველობით ფსალმუნებად, რადგან მათში უდიდესი მხატვრული სილამაზითაა ასახული მოწყალება ღვთისა და შეწყალება კაცობრიობისა. ამ საგალობლებს ანტიფონებსაც უწოდებენ. დიდ საუფლო და საღვთისმშობლო დღესასწაულებზე აღნიშნული ფსალმუნები არ იგალობება, არამედ მათ ნაცვლად სრულდება განსაკუთრებული მუხლები, რომელთა შინაარსიც შეესაბამება დღესასწაულს.

მე-2 ანტიფონის დასასრულს იგალობება "მხოლოდშობილი ძე და სიტყვა ღვთისა...", რომელშიც მოცემულია მართლამდიდებლური სწავლება წმ. სამების მეორე პირზე – იესუ ქრისტეზე. ამას მოსდევს მცირე კვრექსი. შემდეგ ეკლესია მორწმუნეთა ყურადღებას ამახვილებს სახარების ცხრა ნეტარებაზე – სასუფეველზე (მათე 5.3-12), სადაც მოცემულია ჭეშმარიტი მორწმუნის სახე, თუ როგორი უნდა იყოს ქრისტეს მიმდევარი და როგორი სიხარული ელის მას ქვეყნიურის დათმენის შემდეგ. სასუფეველზე გაიხსნება აღსავლის კარები; მღვდელი აიღებს ტრაპეზიდან წმ. სახარებას, გადასცემს დიაკონს და გამოდის მასთან ერთად საკურთხევლიდან ჩრდილო კარებით. სამღვდელო პირების ამ გამოსვლას წმ. სახარებით ეწოდება "მცირე გამოსვლა", რაც ნიშნავს იესუ ქრისტეს უდაბნოში ცხოვრებისა და მონათვლის შემდეგ ხალხისადმი მიქცევას და სახარების ქადაგებას.

დღევანდელ საეკლესიო მსახურებაში ამ გამოსვლას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, უწინ კი ის აუცილებელი შესასრულებელი იყო. უძველესი ქრისტიანობის ხანაში წმ. სახარება ინახებოდა არა საკურთხეველში – ტრაპეზზე, როგორც დღეს ხდება, არამედ საკურთხევლის მახლობლად მდებარე ოთახში, რომელსაც "სადიაკვნე" ან "საჭურჭლე" ეწოდებოდა. როცა დადგებოდა სახარების წაკითხვის დრო, საზეიმოდ ხდებოდა მისი გადასვენება ტრაპეზზე. ძველად კვეთაც სრულდებოდა არა საკურთხეველში მოწყობილ სამკვეთლოზე, არამედ მოშორებით სხვა შენობაში. ასე, რომ მცირე გამოსვლამდე სამღვდელო პირნი თითქმის არც კი შედიოდნენ საკურთხეველში. ამიტომაცაა, რომ მღვდელმთავრის წირვაზე მცირე შესვლამდე მღვდელმთავარი იმოსება, ისმენს ჟამნობასა და კათაკმეველთა ლიტურგიის დიდ ნაწილს არა საკურთხეველში, არამედ შუა ეკლესიაში, –კათედრაზე და საკურთხეველში შედის მხოლოდ მცირე გამოსვლის შემდეგ.

მღვდელი აღსავლის კარის წინ საიდუმლოდ კითხულობს ლოცვას, სადაც ევედრება ღმერთს, რომ აკურთხოს და წმიდა ჰყოს მათი შესვლა, და გამოუგზავნოს ანგელოზნი ღირსე-ული მსახურებისათვის. მღვდლის მიერ აღსავლის კარის კურთხევის შემდეგ, დიაკონი აღამაღლებს წმ. სახარებას, გამოსახავს ჯვარის სახეს და იტყვის ხმამაღლა: "სიბრძნით აღემართენით".

სანთელი, რომელიც მცირე გამოსვლისას წინ უძღვის სახარებას, მოასწავებს იოანე წინამორბედსა და ნათლისმცემელს და ახალი აღთქმის ნათელს. მღვდლის გამოსვლა ჩრდილო კარიდან და აღსავლის კართან მისვლა ნიშნავს იესუ ქრისტეს ქვეყნიურ მსვლელობას – ცხოვრებას ნათლისღებიდან ჯვარცმამდე. აღსავლის კარებში წმ. სახარებით ჯვრის გამოსახვა მოასწავებს მის ჯვარცმასა და ქვეყნიურ სიკვდილს. შესვლის შემდეგ სახარება დასვენდება ტრაპეზზე, რაც ნიშნავს მაცხოვრის შუამდგომლობას ზეციური მამის წინაშე მორწმუნეთათვის. მღვდელი ემთხვევა მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატს, რაც მოასწავებს ადამიანის ღმერთთან შერიგებას.

სახარების შესვლის შემდეგ, რომელსაც მორწმუნენი აღიქვამენ როგორც უშუალოდ ქრისტეს შესვლას, გუნდი გალობს: "მოვედით თავანის ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, გვაცხოვნენ ჩვენ ძეო ღმრთისაო, წმიდათა შორის საკვირველო, მგალობელნი შენნი ალილუია". ამას მოებმის დღის ტროპარ-კონდაკი იმ წმინდანების გასახსენებლად და სადიდებლად, რომელთა ხსენებასაც აღნიშნავს წმ. ეკლესია ლიტურგიის შესრულების დღეს. ტროპარ-კონდაკის გალობა იმასაც ნიშნავს, რომ წმიდანები დაიმკვიდრებენ სასუფეველს.

საკურთხეველში შემოსული მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც შესთხოვს ღმერთს, რომ შეიწიროს ცოდვილთაგან აღვლენილი სამ-წმიდა გალობა, რომ შეუნდოს მორწმუნეებს ყოველგვარი ცოდვა. ლოცვას დაასრულებს ასამაღლებელით: "რამეთუ წმიდა ხარ ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე". დიაკონი დგას მაცხოვრის ხატის წინ და ამბობს: "უფალო აცხოვნე კეთილმსახურნი და ისმინე ჩვენი". ეს სიტყვები მღვდლის მიერ ზემოთ წაკითხული ლოცვაა შემოკლებული სახით, ამიტომ თუ წირვას მარტო მღვდელი ასრულებს აღნიშნული მუხლი გამოიტოვება. დიაკონი ოლარით მიუთითებს მორწმუნე ერზე და ხმამაღლა ამბობს: "და უკუნითი უკუნისამდე". ეს სიტყვები არის მღვდლის მიერ წარმოთქმული ასამაღლებლის დასასრული. ამის შემდეგ იგალობება "წმიდაო ღმერთო" იმის აღსანიშნავად, რომ უფალი ჩვენს ლოცვა-ვედრებას ისევე ისმენს როგორც ანგელოზებისას.

ქრისტეს შობას, ნათლისღებას, აღდგომასა და სულთმოფენობას, ასევე ლაზარესა და დიდ შაბათს "წმიდაო ღმერთოს" ნაცვლად იგალობება "რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ-გვიღებიეს და ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია". ამ საგალობლის შინაარსი ასეთია: ყველა ქრისტეს მიერ ნათელღებული, ქრისტესაკენ მიიქცეს. ძველად კათაკმევლები ძირითადად ინათლებოდნენ ზემოთ აღნიშნულ დიდ დღესასწაულებზე, ამიტომაც სრულდებოდა ეს საგალობელი. ჯვრის თაყვანისცემის დღესასწაულზე "წმიდაო ღმერთოს" ნაცვლად იგალობება "ჯვარსა შენსა".

"წმიდაო ღმერთოს" გალობის შემდეგ წაიკითხება სამოციქულო და სახარება. იმისათვის, რომ შეამზადოს მლოცველნი მოსასმენად, დიაკონი მოუწოდებს ერს: "მოხედენ" (იყავით ყურადღებით). სამოციქულოს წინ უძღვის დღის წარდგომა თავისი მუხლებით, რომლებშიც მოკლედაა გადმოცემული შინაარსი წასაკითხი სამოციქულოსი და დღესასწაულისა. ამ დროს მღვდელი დგას მაღალ დასაჯდომელთან, რაც მეუფე დიდების უზენაეს ადგილსა და ელეონის მთას განასახიერებს. სამოციქულოს კითხვა მოასწავებს მოციქულთა ქადაგებას ქვეყნად. მისი კითხვისას მღვდელი ასრულებს კმევას, რაც ნიშნავს სული წმიდის მადლს, რითაც იყვნენ აღვსილნი მოციქულები ქვეყნად ქრისტიანობის ქადაგებისას და რამაც დააახლოვა ისინი ხალხს. მღვდელი, რომელსაც მოციქულთა თანასწორი უფლებები აქვს, კმევის შემდეგ დამჯდარი ისმენს სამოციქულოს, ხოლო სახარებას მოისმენს ფეხზემდგომარე, თავდახრილი. სამოციქულოს შემდეგ იგალობება "ალილუია" რაც ნიშნავს: უფალი მოდის, ადიდეთ იგი. წმ. სახარების კითხვას, რომელშიც სრულადაა წარმოდგენილი იესუ ქრისტეს ქვეყნიური ცხოვრება-მოღვაწეობა, სასწაულები და მოძღვრება, დასაწყისში და ბოლოს თან ახლავს სადღესასწულო სადიდებელი: "დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა". სამოციქულოსა და სახარების წაკითხვა წარმოადგენს საღმრთო ლიტურგიის მნიშვნელოვან მონაკვეთს, რადგან სწორედ აქ უშუალოდ უფალი ქადაგებს და ჰმოძღვრის ერს.

სახარების შემდეგ იკითხება მრჩობლი კვერექსი, რომელზეც იხსნება ოდიკი, რაც სიმბოლურად ნიშნავს იოსებ არიმათიელის მიერ ქრისტეს საფლავის მომზადებას.

მრჩობლი კვერექსის შემდეგ სრულდება მიცვალებულთა კვერექსი, სადაც მორწმუნენი ევედრებიან უფალს გარდაცვლილთა სულებისა და მათი ცოდვათა მიტევებისათვის. ამას მოჰყვება კათაკმეველთა კვერექსი, რითაც ღმერთს ვევედრებით მათ შეწყალებას, ჭეშმარიტ გზაზე დაყენებას და იმას, რომ გახდნენ ღირსნი ნათლისღებისა. დიაკონის მოწოდებაზე "რაოდენი კათაკმეველნი ხართ განვედით", კათაკმეველნი ტოვებენ ტაძარს. ამით მთავრდება კათაკმეველთა ლიტურგია.

3. ლიტურგია მართალთა

მესამე ნაწილს საღმრთო ლიტურგიისას, რომელზედაც სრულდება წმ. საიდუმლო ზიარება-ევქარისტია, ეწოდება ლიტურგია მართალთა, რადგან მასზე დასწრების უფლება აქვთ მხოლოდ მონათლულ მორწმუნეებს. მართალთა ლიტურგია პირობითად შეიძლება დავყოთ რამდენიმე ნაწილად:

1. გადასვენება წმ. ძღვენისა სამკვეთლოდან ტრაპეზზე;
2. მორწმუნეთა მომზადება ძღვნის კურთხევისათვის;
3. წმიდა საიდუმლო ზიარების შესრულება;
4. მორწმუნეთა მომზადება საზიარებლად;
5. ზიარება;
6. სამადლობელი ლოცვები ზიარების შემდგომ;
7. ჩამოლოცვა.

მართალთა ლიტურგია იწყება შემოკლებული დიდი კვერექსით, რომელიც მთავრდება ასამაღლებლით: "რათა ძლიერებითა შენითა..." ამის შემდეგ იგალობება: "რომელი ქერუბინთა საიდუმლოდ ვემსგავსენით, და ცხოველსმყოფელსა სამებასა, სამწმიდა არსობისა გალობასა შევსწირავთ, ყოველივე მსოფლიო დაუტევოთ ზრუნვა, და ვითარცა მეუფისა ყოველთასა, შემწყნარებელსა ანგელოსთაებრ უხილავად, ძღვნის შემწირველთა წესთასა, ალილუია, ალილუია, ალილუია". გაიხსნება აღსავლის კარები, რადგან ახლა უნდა მოხდეს ძღვნის გადატანა სამკვეთლოდან ტრაპეზზე აღსავლის კარების გავლით. აღნიშნულ მოქმედებას ეწოდება "დიდი გამოსვლა".

"ქერუბინთას" გალობის დროს მორწმუნენი ვემსგავსებით ქერუბიმებს, რომლებიც უფალს ემსა-ხურებიან. მართალია ეს გალობა ეკლესიებში დიდი გამოსვლით იყოფა ორ ნაწილად, მაგრამ შინაარსითა და წყობით ის ერთი მთლიანი საგალობელია.

წმ. ეკლესია მორწმუნეებს "ქერუბინთას" გალობით დაახლოებით შემდეგს მოუწოდებს: "ჩვენ, რომლებიც წმ. შესაწირავის გადატანისას საიდუმლოდ ვემსგავსენით ქერუბიმებს, მათთან ერთად ვგალობთ სამწმიდა გალობას წმ. სამებისადმი, ყოველგვარი ქვეყნიური ზრუნვა დავთმოთ, განვახლდეთ, განვიწმიდნეთ, რომ ვატაროთ მეუფე დიდებისა, რომელსაც ახლა სინამდვილეში ემსახურება ანგელოზთა სიმრავლე".

"ქერუბინთას" პირველი ნაწილის გალობისას, მღვდელი კითხულობს საიდუმლო ლოცვას, რომელშიც სთხოვს ღმერთს მადლს, რომ ღირსეულად შეასრულოს წმ. საიდუმლო. დიაკონი ასრულებს კმევას. კმევის შემდეგ მღვდელი და დიაკონი ხელაპყრობილნი სამჯერ წარმოსთქვამენ "ქერუბინთას" ლოცვას და გადადიან სამკვეთლოზე. დიაკონს, მარცხენა მხარზე დიდი დაფარნით, მოკრძალებით გამოქვს ფეშხუმი, ხოლო მღვდელს – ბარძიმი. გამოსვლა ხდება ჩრდილო კარიდან. ისინი ჩერდებიან აღსავლის კარის წინ, პირით ხალხისკენ და იწყებენ მოხსენიებას ერისას, პატრიარქისას, მღვდელმთავრებისას, მიცვალებულებისას და ცოცხლებისას. მღვდლისა და დიაკონის გამოსვლა ბარძიმ-ფეშხუმით სიმბოლურად ნიშნავს მაცხოვრის სვლას გოლგოთაზე, სამღვდელო პირების მოხსენიება კი იმას, რომ იესუ ქრისტე საშინელი წამების დროსაც ლოცულობდა ხალხისთვის, ცოდვილთა ხსნისათვის.

მოხსენიების შემდეგ სამღვდელო პირნი შედიან საკურთხეველში აღსავლის კარით და ბარძიმ-ფეშხუმს დაასვენებენ ტრაპეზზე. მგალობელნი გალობენ "ქერუბინთას" მეორე ნაწილს: "და ვითარცა მეუფისა..."

ოდიკი, რომელზედაც დასვენდება ბარძიმ-ფეშხუმი ნიშნავს საფლავს მაცხოვრისას. დიდი დაფარნა, რომლითაც იხურება ბარძიმ-ფეშხუმი გამოხატავს იმ დიდ ლოდს, რითაც იქნა დაბეჭდილი ქრისტეს საფლავი; ვარსკვლავი, რომელიც რჩება ფეშხუმზე დროებით, ნიშნავს ბეჭედს, მართალ იოსების მიერ ქრისტეს საფალვის დაფარვის მიზნით მიგორებულ ლოდს, რომელიც შემდეგ დაბეჭდილ იქნა ებრაელების მიერ, კმევა წინადაგებული ძღვენისა ამ დროს ნიშნავს მაცხოვრის გვამისათვის ნელსაცხებლის ცხებას. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის დახურვა მოასწავებს იესუ ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლას მორწმუნეთა სულების გამოსახსნელად, აგრეთვე იმ მცველებს, რომლებიც დაყენებულ იყვნენ ურიების მიერ მაცხოვრის საფლავის დასაცავად.

წმ. შესაწირავის ტრაპეზზე გადასვენების შემდეგ იწყება მომზადება ძღვნის კურთხევისათვის. ამ მიზნით აქ იკითხება თხოვნითი კვერექსი, სადაც ჩვეულებრივ თხოვნა-ვედრებას დაემატება თხოვნა წინადაგებული ძღვენის შესახებ, რათა უფალმა მასზე გარდამოავლინოს სული წმიდა და განწმინდოს იგი.

კვერექსი მთავრდება ასამაღლებლით: "მოწყალებათათვის მხოლოდ-შობილისა ძისა შენისასა...". ამ ასამაღლებლით ეკლესია გამოთქვამს აზრს, რომ შესაწირავის კურთხევისათვის საჭირო მადლს სულიწმიდისას მივიღებთ უფლის მოწყალების გამო.

მას შემდეგ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: "მშვიდობა ყოველთა", დიაკონი მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შეურიგდნენ ერთიმეორეს, შეიყვარონ ერთმანეთი, რამეთუ მშვიდობა და სიყვარულია საჭირო სული წმიდის მისაღებად: "ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ". ეს არის მოწოდება ერთიანი სიყვარულისაკენ, რაზეც მგალობელნი პასუხობენ "მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა, ერთარსებასა და განუყოფელსა". ეს საგალობელი არის გაგრძელება დიაკვნის მიერ წარმოთქმული მოწოდებისა, "...რათა ერთობით აღვიარებდეთ"-ის შემდეგ ბუნებრივია ისმის კითხვა: ვინ უნდა ვაღიაროთ ერთობითა და სიყვარულით? პასუხი ამ კითხვაზე შემდეგია: წმიდა სამება, ერთარსება და განუყოფელი. ადრინდელ ქრისტიანულ ეკლესიებში აღნიშნული სიყვარულის დასამტკიცებლად მორწმუნენი ერთმანეთს ემთხვეოდნენ ხოლმე: მამაკაცები – მამაკაცებს, დედები – დედებს. თანამედროვე ეკლესიაში ეს წესი შემორჩა მხოლოდ საკურთხეველში, სამღვდელო პირებს შორის, რომლებიც ჯერ ემთხვევიან ფეშხუმს, დაფარნასა და ტრაპეზს და შემდეგ ერთმანეთს სიტყვებით: "ქრისტე არს ჩვენს შორის", რაზეც პასუხობენ: "არს და იყოს".

შემდეგ დიაკონი ამბობს: "კარნი, კარნი, სიბრძნით, მოხედენ". ძველად ამ სიტყევბით დიაკონი მიმართავდა ეკლესიის კარებთან მდგომ მეკარეს, რათა ყურადღებით ედევნებინა თვალი კარებისათვის, რომ ტაძარში არ შემოსულიყო კათაკმეველთაგანი ან ვინმე ისეთი, ვისაც არ ჰქონდა ლიტურგიაზე დასწრების უფლება. სიტყვები "სიბრძნით მოხედენ" განკუთვნილი იყო მორწმუნეთათვის და ნიშნავდა შემდეგს: ვიყოთ ყურადღებით ღვთისადმი უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას. მორწმუნენი კი გახსნილი აღსავლის კარის წინ, როგორც უშუალოდ უფლის წინ, კითხულობენ სარწმუნოების სიმბოლოს – "მრწამსს", რითაც ამტკიცებენ თავიანთ აღმსარებლობას და კიდევ იმას, რომ მათ შორის არ დგას მწვალებელი და წარმართი. დღეს სიტყვები "კარნი, კარნი", ახსენებს მორწმუნეებს, რომ მათ გახსნან კარები თავიანთი გულისა და გონებისა, განდევნონ მათგან უცხო აზრები, რათა მიმართონ მთელი თავიანთი ყურადღება უდიდესი საიდუმლოსაკენ.

"მრწამსის" გალობის დროს მღვდელი იღებს დიდ დაფარნას და არხევს წინადაგებული ძღვენის თავზე, რაც მასზე სული წმიდის ძალისა და მადლის ფრქვევას მოასწავებს. აღსავლის კარისა და კრეტსაბმელის გახსნა ასამაღლებელზე "კარნი, კარნი..." ნიშნავს მიწისძვრასა და ტაძრის კრეტსაბმელის შუაზე გაპობას ჯვარზე იესუ ქრისტეს სიკვდილის დროს.

ამის შემდეგ იწყება ლიტურგიის უმთავრესი ნაწილი – კურთხევა წმიდა შესაწირავისა. დიაკონი ერთხელ კიდევ მოუწოდებს მორწმუნეებს, რომ შიშითა და მოკრძალებით მოემზადნენ წმ. საიდუმლოს შესასრულებლად: "ვსდგეთ კეთილად, ვსდგეთ შიშით, მოხედე წმიდასა ამას შესაწირავსა, მშვიდობით შეწირვადსა". მორწმუნენი პასუხობენ: "წყალობა, მშვიდობა, შესაწირავი ქებისა", რაც ნიშნავს: ჩვენ შემოგწირავთ იმ უსისხლო მსხვერპლს, რომელიც არის წყალობა და მადლი ღვთისა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა ღვთისაგან ნიშნად ღმერთისა და კაცის შერიგებისა.

ამის შემდეგ მღვდელი აკურთხებს და დალოცავს მორწმუნეებს წმ. სამების სახელით: "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი და სიყვა-რული ღვთისა და მამისა, და ზიარება სულისა წმიდისა, იყავნ თქუენ ყოველთა თანა". მორწ-მუნე ერიც იგივეს უსურვებს მღვდელს და პა-სუხობს: "და სულისაცა შენისა თანა". მღვდელი განაგრძობს: "ზე გვაქვდინ გულნი", ე.ი. უფლისადმი ავამაღლოთ გულები ჩვენნი. ამაზე მორწმუნენი პასუხობენ: "გვაქვს უფლისა მიმართ", ე.ი. ჩვენ ავმაღლდით უფლისადმი და შევემზადენით დიდი საიდუმლოს შესასრულებლად.

მოამზადებს რა თავის თავსა და მორწმუნეთ წმ. საიდუმლოსათვის, მღვდელი გადადის საიდუმლოს შესრულებაზე.

უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ საიდუმლო სერობაზე აღასრულა შემდეგი:
1.ადიდა ღმერთი;
2.აკურთხა და წმიდაჰყო პური და ღვინო;
3.ზიარების შემდეგ სერობა დაამთავრა მამა ღმერთისადმი ლოცვით: "მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა" (იოანე 17.11).

უფლის მსგავსად ჩვენთანაც ძღვნის კურთხევა შედგება სამი ნაწილისაგან:
1.სამადლობელი ლოცვები წმ. შესაწირავის კურთხევის წინ;
2.თვით შესაწირავი კურთხევა;
3.მოწოდება ზეციური ეკლესიის წევრებისა და ლოცვა ქვეყნიური ეკლესიის წარმომადგენლებისა ცოცხალთა და მიცვალებულთათვის.

მსგავსად იესუ ქრისტესი, რომელიც მადლობდა მამა ღმერთს წმ. ზიარების წინ საიდუმლო სერობაზე, მღვდელი იწვევს მორწმუნეებს ღვთისადმი მადლობის აღსავლენად შემდეგი ასამაღლებლით: "ვმადლობდეთ უფალსა". მორწმუნენი ამ დროს ღვთისადმი მადლობის გამოსახატავად ხრიან თავებს, გუნდი კი გალობს: "ღირს არს და მართალ თაყვანისცემა მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, სამებისა ერთარსებისა და განუყოფელისა". ამ დროს ირეკება ეკლესიის ზარები, ნიშნად იმისა, რომ დაიწყო უმთავრესი ნაწილი ლიტურგიისა – წმ. ძღვნის კურთხევა, მათთვის, ვინც რაიმე მიზეზის გამო ვერ მოახერხა ეკლესიაში მისვლა, რათა ამ უმნიშვნელოვანეს წუთებში აღავლინონ ღვთის დიდება. მღვდელი ამ დროს კითხულობს საიდუმლო ლოცვას, სადაც აქებს ღვთის მიერ შექმნილი სამყაროს უსასრულობას; მადლობს ღმერთს ადამიანის შექმნისა და გამოხსნისათვის, მოწყალებისათვის და იმისათვის, რომ ღირს-გვყოფს ჩვენგან უსისხლო მსხვერპლის მიღებას, რომელსაც ემსახურებიან ათასეულნი და ბევრეულნი ანგელოზნი. "მგალობელნი, მხმობელნი, მღაღადებელნი და მეტყველნი" – მღვდლის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები არის წინასწარმეტყველ ეზეკიელისა (1.4-24) და მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის (აპოკალიფსი 4.6-8) სიტყვები, რომელთაც წინასწარ იხილეს მეუფე დიდებისა გარშემორტყმული ანგელოზებით, რომელნიც უღაღადებდნენ "წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, სავსე არიან ცანი და ქვეყანა დიდებითა შენითა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა, ოსანა მაღალთა შინა". ამის გალობის დროს მღვდელი შეუდგება მეორე საიდუმლო ლოცვის კითხვას, სადაც იხსენებს საიდუმლო სერობასა და იმ სიტყვებს, რომლებიც წარმოსთქვა მაცხოვარმა წმ. ზიარების საიდუმლოს დაწესებისას, რომელთაც წარმოსთქვამს დიდი ხმით: "მიიღეთ და ჰსჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი, თქვენთვის განტეხილი მისატევებელად ცოდვათა" და "ჰსუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა, თქუენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა". ამის შემდეგ მღვდელი იხსენიებს მაცხოვრის აღთქმას ზიარების შესრულებაზე ("ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდა"), ადიდებს მაცხოვრის ტანჯვა-წამებას, რითაც მან გამოისხნა კაცობრიობა, მის ჯვარცმას, აღდგომას, ამაღლებასა და მეორედ მოსვლას. ამ დროს დიაკონი მოწიწებით აღამაღლებს ბარძიმ-ფეშხუმს, მღვდელი კი წარმოსთქვამს: "შენნი შენთაგან, შენდა შემწირველნი, ყოველთა და ყოვლისათვის" ე.ი. შენს მიერ ბოძებულს შენ შეგწირავთ ღმერთო ყველაფრისათვის, – შენი აღთქმის შესასრულებლადაც და ყველა იმ ტანჯვისათვის რამაც მიანიჭა ადამიანებს ხსნა. მორწმუნენი ამაზე პასუხობენ: "შენ გიგალობთ, შენ გაკურთხევთ, შენ გმადლობთ უფალო და გევედრებით შენ ღმერთო ჩვენო". ამის შემდეგ სრულდება სული წმიდის მოწვევის ლოცვები. მღვდელი განსაკუთრებული მოკრძალებით შესთხოვს უფალს სული წმიდის გარდამოვლენას მორწმუნეებზე და წინამდებარე ძღვენზე, განსაწმედელად და საკურთხებლად. ამის შემდეგ მღვდელი ხელაპყრობილი სამჯერ წარმოსთქვამს მესამე ჟამნის ლოცვას: "უფალო, რომელმან ყოვლადწმიდა სული შენი..." დიაკონი ტროპარის პირველი წაკითხვის შემდეგ ამბობს: "გული წმიდაი დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა", მეორედ კი იტყვის: "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან". მღვდელი აკურთხებს ფეშხუმზე პურს სიტყვებით: "და ჰყავ უკუე პური ესე...". "ამინ". შემდეგ აკურთხებს ღვინოს: "ხოლო ბარძიმსა ამას შინა...", "ამინ". და ბოლოს აკურთხევს ორივეს: "შესცვალე სულითა შენითა წმიდითა". "ამინ, ამინ, ამინ".

აი, უმთავრესი და უწმიდესი ადგილი ლიტურგიისა. ამ დროს პური და ღვინო გარდაიქმნება ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად მაცხოვრისა. ღვთისმსახურნი და ყველა მორწმუნენი ტაძარში უდიდესი მოწიწებით ასრულებენ წმ. შესაწირავის წინ მეტანიას. მღვდელი წმ. ძღვენის კურთხევის შემდეგ მოიხსენებს მათ, ვისთვისაც შეიწირა ეს მსხვერპლი და პირველ რიგში წმინდანებს, რამეთუ მათი სახითა და მათი მეოხებით წმიდა ეკლესია განიმზადებს აღთქმულ ზეციურ სასუფეველს. ამ წმინდანებიდან ჩვენ განსაკუთრებით გამოვყოფთ ღვთისმშობელს: "უმეტესად ყოვლად წმიდისა, უხრწნელისა..." მორწმუნენი ამაზე პასუხობენ ღვთისმშობლის საგალობლით: "ღირს არს ჭეშმარიტად..." მღვდელი განაგრძობს საიდუმლო ლოცვებს: 1.მიცვალებულთათვის; 2.ჯანმრთელობისათვის: ეპისკოპოსთა, მღვდელთა, დიაკონთა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტიანეთათვის; მოიხსენებს აგრეთვე წმ. კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, ღვთივ-დაცულ ერს, მთავრობასა და მხედრობას; შემდეგ იხსენებს ეკლესიის მამამთავარს, რაზეც მორწმუნენი პასუხობენ: "ყოველთა და ყოვლისათვის", ე.ი. მოიხსენე უფალო ყველა მორწმუნე მამაკაცი და დედაკაცი. შემდეგ მღვდელი ლოცულობს საიდუმლოდ ქალაქისა (სოფლისა) და მას შინა მცხოვრებთათვის, ლოცვას ამთავრებს ასამაღლებლით: "და მომეც ჩვენ უფალო ერთითა პირითა და ერთითა გულითა, დიდებად და გალობად ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა..." ამის შემდეგ მღვდელი აკურთხებს მორწმუნე ერს: "და იყვნენ წყალობანი დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი თქუენ ყოველთა თანა".

წმ. ძღვენის კურთხევის ლოცვები მთავრდება თხოვნითი კვერექსით, რომელსაც დაემატება თხოვნა შეწირული და განწმედილი პატიოსანი ძღვნისათვის. ამ კვერექსში ითხოვს მღვდელი, რათა ღირს-ყოს მორწმუნენი წმ. საიდუმლოს მიღებისა. კვერექსი მთავრდება ასამაღლებლით: "და ღირს მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად შენდა ზეცათა ღვთისა მამისა და თქმად". აღნიშნული ასამაღლებლის შემდეგ, რომელსაც მღვდელი წარმოსთქვამს ხელაღპყრობით, მორწმუნენი გალობენ საუფლო ლოცვას "მამაო ჩვენოს". ამ დროს დიაკონი, რომელიც დგას აღსავლის კარის წინ, იკეთებს გინგილას ჯვარის სახედ იმიტომ: 1.რომ არ ჩამოუვარდეს იგი და დაუბრკოლებლივ ეზიაროს; 2.რათა გამოხატოს თავისი მოკრძალება წმ. ძღვენისადმი მსგავსად სერაფიმებისა, რომლებიც უფლის მსახურებისას იფარავენ სახეს თავიანთი ფრთებით (ისაია 6.2-3). შემდეგ მღვდელი აკურთხებს მრევლს და როდესაც ეს უკანასკნელი დიაკონის მოწოდებაზე "თავნი თქვენნი..." თავს მოხრიან, საიდუმლოდ ავედრებს მათ უფალს, რომ დაუსჯელად აზიაროს ისინი წმ. საიდუმლოს. აქ იხურება აღსავლის კარები და კრეტსაბმელი. მღვდელი დიდი კრძალვითა და შიშით აღამაღლებს ფეშხუმზე წმ. ტარიგს და ამბობს: "წმიდაა წმიდათა". აზრი ამ სიტყვებისა შემდეგია: წმიდა შესაწირავი შეიწირება მხოლოდ წმინდანებისაგან. მორწმუნენი დარწმუნებულნი თავიანთ ცოდვასა და უღირსებაში, სასოებით აღავლენენ: "ერთ არს წმიდა ერთ არს უფალი იესუ ქრისტე, სადიდებელად ღვთისა მამისა. ამინ". ამის შემდეგ ღვთისმსახურნი ეზიარებიან ქრისტეს ხორცსა და სისხლს ცალ-ცალკე, მსგავსად მოციქულთა. წმ. ზიარების დროს მორწმუნეთა შორის დიდი სულიერი აღმაფრენისათვის იგალობება საგანგებო საგალობლები, ზოგჯერ ითქმის ქადაგებანი.

სამღვდელო პირთა ზიარების შემდეგ იხსნება კრეტსაბმელი და აღსავლის კარები ერისკაცთა საზიარებლად, რაც სიმბოლურად გვახსენებს მიწის ძვრას, რომელიც თან მოჰყვა ქრისტეს აღდგომასა და საფლავიდან ლოდის გადაგორებას. ზიარების შემდეგ მღვდლის ბარძიმით გამოსვლა ამბიონზე მოასწავებს იმას, რომ იესუ ქრისტე მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ეცხადებოდა ხალხს, ხოლო ბარძიმის საკურთხეველში შესვენება ნიშნავს მაცხოვრის ზეცად ამაღლებას.

დიაკონის მოწოდებაზე: "შიშითა ღმრთისათა და სარწმუნოებით მოვედით", ერისკაცნი შიშითა და მოკრძალებით გულზე ხელგადაჯვარედინებულნი ამბობენ ზიარების ლოცვას (ამ ლოცვას ზიარების წინ კითხულობენ ასევე სამღვდელო პირნიც), რომელშიც აღიარებენ თავიანთ რწმენას ქრისტესადმი და ითხოვენ მისგან წმ. საიდუმლოს ღირსებით მიღებას. მღვდელი აზიარებს ერის ხალხს მაცხოვრის ხორცითა და სისხლით. ზიარების შემდეგ ზიარებულნი ემთხვევიან ბარძიმს გარედან და დააყოლებენ ღვინოს თბილი წყლით ანუ სარღვნელს, რათა პირის ღრუში არ დარჩეს მცირე ნაწილაკიც კი წმ. ხორცისა.

ერისკაცთა ზიარების შემდეგ საკურთხეველში შესული მღვდელი ფეშხუმზე დარჩენილ წმ. ნაწილებს ჩაუშვებს ბარძიმში, რაც ნიშნავს მათ წმ. სისხლით განწმენდა-განბანას მათი ცოდვებისაგან. შემდეგ მღვდლის მიერ ხდება ერის კურთხევა: "აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი". ამაზე მგალობელნი პასუხობენ: "ნათელი ჭეშმარიტი ვიხილეთ, ზეცათა სული მოვიღეთ, ვპოვეთ სარწმუნოებაი ჭეშმარიტი და განუყოფელსა სამებასა თაყვანი ვცეთ, რათა გვაცხოვნეს ჩვენ", რაც ნიშნავს, რომ წმ. ზიარებისაგან განვიწმიდებით ცოდვებისაგან და ვხედავთ ღვთის ნათელს. დიაკონს ფეშხუმი გადააქვს სამკვეთლოზე, მღვდელი მიიღებს ბარძიმს და დაბალი ხმით ამბობს: "კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი". წმ. ბარძიმით აკურთხებს ხალხს და ხმამაღლა იტყვის: "ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე", და გადაასვენებს სამკვეთლოზე. ეს არის უკანასკნელი გამოვლინება წმ. შესაწირავისა ხალხისადმი. მისი სამკვეთლოზე გადასვენება და მღვდლის ასამაღლებელი გვახსენებს იესუ ქრისტეს ზეცაში ამაღლებასა და მის აღთქმას: "და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ". მორწმუნენი წმ. შესაწირავის წინაშე ხრიან თავებს, როგორც უშუალოდ ქრისტეს წინაშე და მადლობენ ღმერთს წმ. საიდუმლოს მიღებისათვის. აქ იკითხება უკანასკნელი სამადლობელი კვერექსი, რომელიც მთავრდება მღვდლის ასამაღლებლით: "რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩვენო..."

წმ. შესაწირავის ტრაპეზიდან სამკვეთლოზე გადასვენებითა და კვერექსით მთავრდება საღმრთო ლიტურღია. მღვდელი მიმართავს მორწმუნეებს: "მშვიდობით წარვიდეთ" ე.ი. მშვიდობით გავიდეთ ტაძრიდან. ამაზე მორწმუნენი პასუხობენ: "სახელითა უფლისათა". ამის შემდეგ მღვდელი გამოდის საკურთხევლიდან და ამბიონის წინ კითხულობს ლოცვას, სადაც იგი კვლავ შესთხოვს მაცხოვარს ხსნას ერისას, ეკლესიის, ღვთისმსახურთა და ყოველთა ქრისტიანთა კეთილდღეობას.

ამბიონის ლოცვის დამთავრების შემდეგ მორწმუნენი კვლავ აღავლენენ ლოცვას ღვთისადმი ამ სიტყვებით: "იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე". შემდეგ იკითხება სამადლობელი ფსალმუნი 33-ე "ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა..." ეს ის ფსალმუნია, რომელსაც ძველად მორწმუნეთა ზიარებისას გალობდნენ ქრისტიანები. ამის შემდეგ მღვდელი უკანასკნელად აკურთხებს ხალხს: "კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა..." და ბოლოს ასრულებს ჩამოლოცვას, სადაც ყოვლად-წმიდა ღვთისმშობლისა და სხვა წმინდანების შუამდგომლობით სთხოვს ღმერთს მორწმუნეთა შეწყალებასა და კეთილდღეობას. გუნდი გალობს მრავალჟამიერს. მორწმუნენი ემთხვევიან ჯვარს და მიიღებენ წმ. სეფისკვერს.

"ლოცვანი და განმარტებანი", თბილისი, 2000 წ.


ბეჭდვა
1კ1