ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
50. იმის შესახებ, თუ რამდენჯერ მოიხსენიებიან წმიდანები ღვთისმსახურებისას და რა განსხვავებაა ამ მოხსენიებებს შორის

ახლა ვნახოთ, ღვთისმსახურების დროს რამდენჯერ და როდის მოიხსენიებიან წმიდანები.

ისინი ორჯერ მოიხსენიებიან: პირველად, ღვთისმსახურების დასაწყისში, როდესაც ძღვენი მიიტანება, ხოლო მეორედ - როდესაც მსხვერპლი იწირება.

მიძღვნა ორგვარი არსებობს: პირველი - როდესაც ძღვენი მიიტანება უბრალოდ საჩუქრად (ამის თაობაზე უკვე ვისაუბრეთ) და მეორე - როდესაც ძღვენი მსხვერპლად მიიტანება. ამიტომაც აუცილებელია, ისინი, ვისთვისაც მიიტანება, მოიხსენიონ როგორც პირველ, ასევე მეორე შეწირვისას.

სწორედ ამიტომ ითქმება პირველ შემთხვევაში: "მოსახსენებელად უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესი", მეორე მოხსენიებისას კი: "მომხსენებელნი უკუე საცხოვრებელისა ამის მცნებისა და ყოველთა ჩუენთვის ქმნილთა: ჯვარცმისა" და სხვა ყველაფრის, რაც ქრისტემ ჩვენ გამო დაითმინა. რასაც აქ ჯვარცმისა და მისი შემდგომი მოვლენების ხსენება აღნიშნავს, იქ იმავეს აღნიშნავს უფლის მოხსენიება; ვინაიდან პირველად ღვთისმსახური მაცხოვარს როგორც სასწაულმოქმედს კი არ იხსენიებს, არამედ როგორც ჯვარცმულსა და მომკვდარს, რაც შესაბამის ადგილას ვრცლად დავამტკიცეთ.

და კვლავ, პირველი მიძღვნისას ღვთისმსახური ამბობს: პატივად ყოვლადწმიდისა, წმიდათა შუამდგომლობისათვის, - ასევეა მეორე შემთხვევაში: ყოველთა წმიდათა, განსაკუთრებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი. იქ ღვთისმშობლის უპირატესობა იმით აჩვენა, რომ ყველა სხვა წმიდანზე წინ დაასახელა, აქ კი, რადგანაც სხვათა შემდეგ დაასახელა, დაურთო სიტყვა: "უმეტესად".

და როგორც პირველი ხსენებისას იხსენიებს ღვთისმსახური წმიდანთა შემდეგ ყველას, ვინც წყალობას საჭიროებს, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, და მათთვის შუამდგომლობს, ასევე იქცევა მეორე ხსენების დროსაც.

თუმცა მსგავსებასთან ერთად განსხვავებაც არსებობს. მეორედ ღვთისმსახური თავად შეწირვასაც ახსენებს: "შევსწირავთ სიტყვიერსა ამას მსხვერპლსა", - ამასთან, შეწირვის მიზეზსაც უთითებს, როდესაც დასაწყისში ან ბოლოში მაცხოვრის ვნებასა და წმიდანებს ახსენებს. პირველი ხსენებისას მხოლოდ შეწირვის მიზეზს მიუთითებს და ამბობს: მოსახსენებელად უფლისა, პატივად ყოვლადწმიდისა და ასე შემდეგ; იხსენიებს მათაც, ვისთვისაც მადლობს და მათაც, ვისთვისაც ლოცულობს. რატომაა ასე? იმიტომ, რომ ამ შეწირვით ის თავად უჩვენებს, რას სწირავს: ვინაიდან, ამოიღებს რა პურიდან ნაწილს, მას ღმერთს სთავაზობს ძღვნად, ამიტომაც არ საჭიროებს სიტყვებს, რომლებიც ამაზე მიუთითებენ. მეორე შეწირვის დროს კი არაფერს დასანახს არ აღასრულებს, მართალია, შეწირვა ხდება, მაგრამ უხილავად. რადგანაც მადლი მსხვერპლს უხილავად, მღვდელმსახურის საიდუმლო ლოცვით აღასრულებს, ამიტომ არის აქ საჭირო უხილავი შეწირვის მაუწყებელი სიტყვები.

51. იმის შესახებ, თუ რატომ უწოდებს ღვთისმსახური მსხვერპლს სიტყვიერ მსახურებას
ღვთისმსახური ამ შეწირვას სიტყვიერ მსახურებას იმიტომაც უწოდებს, რომ აქ ის არავითარ საქმეს არ აღასრულებს, მაგრამ ძღვენს აღმასრულებელი სიტყვებით სწირავს.

პირველი შეწირვა - ადამიანთათვის შესაძლებელი საქმეა; და რადგან ღვთისმსახურის მიერ აღესრულება, ამიტომ მას შეიძლება ქმედითი მსახურება ვუწოდოთ. ხოლო მეორე, ანუ ძღვნის ღვთაებრივ ხორცად და სისხლად გარდაქცევა, რაც მსხვერპლს წარმოადგენს, ადამიანურ ძალებს აღემატება: მას მადლი აღასრულებს, ხოლო ღვთისმსახური ამ დროს მხოლოდ ლოცულობს.

ამიტომაც, მართალია, მსხვერპლი ჭეშმარიტი საქმე და საგანია, მაგრამ რადგან ღვთისმსახური ამ დროს არაფერს აკეთებს, არამედ მხოლოდ ლაპარაკობს, მაშინ ის სამართლიანად აღნიშნავს, რომ არა ქმედით, არამედ სიტყვიერ მსახურებას შესწირავს.
ბეჭდვა
1კ1