ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
47. იმის შესახებ, თუ როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი
ახლა იმის განხილვაც გვმართებს, როგორი ხარისხით მიიღება ძღვენი. რას ნიშნავს ძღვნის შესახებ ხალხის გამონათქვამი: "მიღება"?

როგორ იყენებენ ადამიანები ძღვენს, როდესაც ამბობენ, რომ მიიღეს იგი? ნუთუ ამგვარად იმიტომ ითქმის, რომ ხელში ვიღებს მას და უბეში ვიდებთ? არა, რადგანაც, ბევრი რამ არსებობს ისეთი, რომელსაც მიმღები ვერც დალევს, ვერც აიღებს. მაგალითად, ყანა ან სახლი.

მაშ, რა მნიშვნელობა აქვს გამოთქმას "მიღება" ყველა ძღვენთან მიმართებით? თავის საკუთრებად აღიარება, გათავისება - აი, რას ეწოდება მიღება.

ხოლო ღმერთი იმგვარად ითავისებს ამ ძღვენს, რომ მხოლოდშობილის ხორცად და სისხლად აქცევს. თუკი წარმოუდგენელია ამგვარ მიკუთვნებასთან რაიმე თანასწორის წარმოდგენაც კი, მაშინ იმის განსაზღვრაც კი შეუძლებელია, როგორი ხარისხით მიიღება ეს ძღვენი.

გარდა ამისა, გაცემის შედეგადაც თვალსაჩინოა, როგორ იღებენ მას ძღვნის მიმღებნი.

აქ როგორიღა გაცემა გვაქვს? ისევ თავად ქრისტეს ხორცი და სისხლი: ვინაიდან ღმერთი, მიიღებს რა ჩვენგან პურსა და ღვინოს, თავის ძეს გვიძღვნის. მაგრამ იკითხავ: საიდან ჩანს, რომ ღმერთი ამას გვიძღვნის მისთვის მიძღვნილი ძღვნის წილ? იქიდან, რომ თავად, ამით მოცული, მოგვმართავს: "მიიღეთ". ეს ძღვენზე მიგვანიშნებს. ამ სიტყვით აღინიშნება შემწირველიც, მიმღებიც და შეწირულიც.

შესაძლებელია, რაიმე სხვაგვარადაც მივიღოთ - როგორც წინდი, რომელსაც მიმღები ვერ გამოიყენებს.

მაგრამ იმისთვის, რომ შენ ეს არ იფიქრო, არამედ იცოდე, რომ მიღებული შენ გეკუთვნის, მისით სარგებლობისკენ მოგვიწოდა, როცა გვითხრა: "სჭამეთ".

ღმერთისთვის ამგვარად და ასეთი უმაღლესი საზომით არის სასურველი ეს ძღვენი.

ამიტომაც ის ყოველთვის განწმენდს ყველა ქრისტიანს, ცოცხლებსაც და მიცვალებულებსაც, და არასრულყოფილ სულებს, რომლებიც კვლავაც საჭიროებენ განწმენდას. ვინაიდან სრულყოფილი წმინდანნი, ანგელოზებთან მდგომნი და უკვე მითვლილნი ზეციურ იერარქიაში, აღარ საჭიროებენ მიწიერ იერარქიას.

48. იმის თაობაზე, თუ როგორ მივაგებთ პატივს წმინდანებს ამ ძღვნით
იმის შემდეგ, რაც უკვე ვთქვით, ბუნებრივია, ესეც გავარკვიოთ.

მართლაც, თუკი ეს წმინდა ძღვენი ღმერთს მიეძღვნება და განიწმინდებიან განწმენდის საჭიროების მქონენი, მაშ, რისთვის არის, რომ მათაც, ვინც უკვე განწმენდილი და საკმაოდ სრულყოფილია, ჩვენი რწმენით, ამ ძღვნით პატივს მივაგებთ და როდესაც რაიმეს შესახებ ვითხოვთ, დახმარებისთვის მოვუწოდებთ - ამ ძღვნის მსახურებას ვპირდებით, თითქოს გვსურს, ან მათ მივართვათ ძღვენი, ან მათთვის, რათა ისინი სრულყოფილნი გახდნენ?

ეს იმიტომ, რომ ამ ძღვნის შეწირვის სხვა, აქამდე აღწერილისგან განსხვავებული გზაც არსებობს, რომლის მიხედვითაც ეს ძღვენი წმინდანთა ძღვნად გვევლინება, როდესაც ის ღმერთს ეძღვნება როგორც მადლიერი ძღვენი იმ დიდებისთვის, რომლითაც ღმერთმა განადიდა ისინი, და იმ სრულყოფილებისთვის, რომლითაც ისინი ღირსყო. ვინაიდან მართალია ის - ღვთის ძღვენია, რადგან მას ეძღვნება, მაგრამ ამავე დროს მორწმუნეთათვის შეწევნის მთხოვნელი საჭირო ძღვენიცაა, რადგანაც მათ ეხმარება, და წმინდათა ძღვენიც, რადგანაც მათთვის შეეწირება ღმერთს.

ის, რაც ჩემთვის, ჩემს სახელზე გაიღება, - ვინც არ უნდა ჩაიბაროს, - მე მივიღებ. ვინაიდან ყველაფერს, რაც ვინმესგან გვეძლევა, საკუთარი ხელით ხომ არ ვიღებთ, არამედ მეგობრების, ოჯახის წევრებისა და საერთოდ ყველას ხელით, ვისაც მომცემელი აძლევს, რათა სიამოვნება მოგვანიჭოს. ამიტომაც, უფალი, მიუხედავად იმისა, რომ მოწყალებას ღატაკები იღებენ, ამბობს, რომ ის თავად იღებს მას (მათ. 25:40), რადგანაც გამცემები მისთვის გასცემენ. ასევე წმინდანები ამ ძღვენს იმიტომ იღებენ, რომ ღმერთისთვის მსხვერპლი მათ გამო შეიწირება. როგორც ქრისტეს სიყვარულის გამო ხდება მოწყალების გაცემა, ასევე წმინდათა სიყვარულის გამო - ძღვნის მირთმევა. და მართლაც, ჩვენ ისინი იმდენად გვიყვარს, რომ მათი სიკეთე ჩვენად მიგვაჩნია და მათთან ერთად ვხარობთ მათივე კეთილდღეობით, თითქოს თავადაც ვმონაწილეობდეთ ამ სიკეთეში. ხოლო ამგვარად ვხარობთ რა მათთვის უფლისგან მოცემული ძღვენით, მიმცემელს ვმადლობთ და სამადლობელ ძღვენს მივართმევთ.

მაგრამ წმიდანები ძღვენს მხოლოდ იმიტომ კი არ იწირავენ, რომ მათი სიყვარულით ხდება ძღვნის შეწირვა, არამედ იმიტომაც, რომ მათთვის უკიდურესად სასიამოვნო და დამატკბობელია სწორედ ის, რომ ღმერთი მათი მეშვეობით იღებს სამადლობელს და განიდიდება. როგორც ბიწიერი ადამიანების უდიდესი ცოდვაა მათი მეშვეობით უფლის სახელი შებღალვა, ასევე წმინდათა უდიდესი სიკეთე, მათთვის უკიდურესად სასურველი სიკეთე, ის არის, რომ მათი მეშვეობით ღმერთი განიდიდება. ასეთი იყო მათი უწყვეტი ღვაწლი სხეულებრივი ცხოვრებისას. ეს არის ზეცაში გადანაცვლების შემდეგ მათი მუდმივი საქმიანობაც, ტკბობაც და ნეტარების მწვერვალიც. თუკი იმ დროს, როდესაც ისინი მხოლოდ იმედოვნებდნენ სიკეთის მიღებას, ღმერთს ყველაფრისთვის განუწყვეტლივ ადიდებდნენ და ყოველივეს ღმერთის სადიდებლად აკეთებდნენ, მაშინ უნდა ვიფიქროთ, როგორებად იქცეოდნენ მაშინ, როდესაც, ერთი მხრივ, მათი მადლიერება შეუდარებლად დიდია, რადგანაც ყველა სათნოებაში სრულყოფილებას ეზიარნენ, ხოლო, მეორე მხრივ, უკვე არა მხოლოდ სიკეთის მიღებას იმედოვნებენ, არამედ ცხადად განიცდიან ღვთის წყალობას, როდესაც ხედავენ, რანი იყვნენ და რად იქცნენ, მიწიერი არსებებისგან - მზეებად, საძაგელი მონებისგან - პატივცემულებად და ზეციური სასუფევლის მემკვიდრეებად, დამნაშავეთაგან - მსაჯულის წინაშე თავიანთი კადნიერებით სხვათა გადარჩენის შემძლეებად. ამიტომაც, ისინი ღვთის დიდებით განძღომას ვერასდროს შეძლებენ და მხოლოდ საკუთარ თავს საკმარისად არ მიიჩნევენ დიდებისთვის, არამედ ამ დიდებაში თანამეინახეებად სურთ ყველა - ანგელოზებიც, ადამიანებიც, რათა განმადიდებელთა რაოდენობის გამრავლებით უკეთ გადაიხადონ ვალი - ღვთისადმი მადლიერება.

ამის მოწმენი აზარია და მასთან მყოფი წმინდა ყრმანი არიან, რომელთაც ცეცხლის ძალას სძლიეს, მიიღეს რა ღმერთისგან ეს მადლი (დან. 3). როდესაც თავიანთი სასწაულებრივი ხსნისთვის მხსნელისადმი მადლიერების გადახდა და მისი განდიდება უნდოდათ, ისინი არ დასჯერდნენ იმას, რომ მხოლოდ თვითონ განედიდებინათ იგი და საკმარისად არ ჩათვალეს მხოლოდ თავიანთი ხმები, არამედ მათთან ერთად ღვთის სადიდებლად მოუწოდებდნენ ანგელოზებს, მთელ კაცობრიობას, ზეცას, მზეს, ვარსკვლავებს, მიწას, მთებს, ყველა არაგონიერ და უსულო არსებას და მთელ სამყაროს. ამდენად დიდია წმინდათა მხრიდან ღმერთის განდიდების სურვილი მაშინაც, როდესაც ისინი ჯერ კიდევ სხეულში ცხოვრობენ და კიდევ უფრო დიდი - სხეულისაგან განთავისუფლების შემდეგ.

ამიტომაც, თუკი ვინმე, მათი, მათი პატივის, ნეტარებისა და დიდების გახსენებისას, მათ დამაგვირგვინებელ ღმერთს განადიდებს, მათ ყველა სიხარულზე უდიდეს სიხარულს მიანიჭებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი უფალს არა მხოლოდ სიტყვებით განადიდებენ, არამედ სამადლობელ ძღვენს შესწირავენ, რომელიც ამგვარად სასურველია ღმერთისთვის და უმაღლესად ფასობს. ამ შემთხვევაში, როგორც თავად მაცხოვარი მისგან ყოველგვარ კანონიერ მსახურებაზე უფრო დაფასებული ამ ძღვნის მოწყალებით მიღების სანაცვლოდ თავის ხორცსა და სისხლს გვაძლევს, წმიდანებიც არაფრით ისე არ ხარობენ, როგორც ძღვნით, რომლითაც მათ თაყვანისცემას ვფიქრობთ. ისინი თავს მთლიანად ჩვენთვის მსახურებას უძღვნიან ყველაფერში, რაც სასარგებლოა ჩვენთვის, რადგანაც ყველაფერში თავიანთ მეუფეს ბაძავენ.
ბეჭდვა
1კ1