ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
ღვთაებრივი ლიტურგიის განმარტება
წმიდა ნიკოლოზ კავასილა
42. იმის შესახებ, განიწმინდებიან თუ არა ტრაპეზის ძღვნით მიცვალებულები, ცოცხალთა მსგავსად
ზემოთქმულთან ერთად აუცილებელია ამის გამოკვლევაც:

ცნობილია, რომ ღვთაებრივი და წმიდა საიდუმლო ორგვარად განწმენდს: პირველი - შუამდგომლობის მეშვეობით, რადგან შეწირული ძღვენი, უკვე იმით, რომ შეიწირება, შემწირველსაც განწმენდს და მათაც, ვისთვისაც შეიწირება, და უფალს მათ მიმართ მწყალობელს ხდის; მეორე კი - ზიარებით, რადგან, უფლის სიტყვისამებრ, ძღვენი ჭეშმარიტ საზრდელად და სასმელად გვევლინება (იოან. 6:55).

ამ შესაძლებლობათაგან პირველი ცოცხალთათვისაც და მიცვალებულთათვისაც საერთოა: ვინაიდან ამათთვისაც და იმათთვისაც მსხვერპლი შეიწირება, ხოლო მეორე მხოლოდ ცოცხალთათვის არის მისაწვდომი, რადგანაც მიცვალებულებს ჭამა-სმა აღარ შეუძლიათ. ამიტომაც არის, რომ მიცვალებულები ზიარების განწმენდით არ განიწმინდებიან და ამ მხრივ ცოცხლებზე ნაკლები ეძლევათ? არა, ვინაიდან ქრისტე მათაც იმგვარად მისცემს საკუთარ თავს, როგორც თვითონ იცის.

ეს რომ თვალსაჩინო იყოს, განვიხილოთ, რაზეა დამოკიდებული განწმენდა და მიცვალებულთა სულებსაც, ცოცხალთა მსგავსად, ხომ არ აქვთ ამის საშუალება.

მაშ, რაზეა დამოკიდებული განწმენდა - იმაზე, რომ სხეული გვაქვს, ჩვენი ფეხით მივდივართ ტრაპეზთან, წმიდა ძღვენს ხელით ვიღებთ, ბაგით ვიხმევთ, ვჭამთ და ვსვამთ? არა, ვინაიდან, მრავალმა, ვისაც ყოველივე ეს ჰქონდა და ვინც ამგვარად მიეახლებოდა საიდუმლოებებს, ამით ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო და განშორდა ისე, რომ უდიდესი ბოროტება მოეწია.

მაშ, რა ითვლება განწმენდილთათვის განწმენდის მიზეზად? და რას ითხოვს ჩვენგან ქრისტე? ეს არის - სულის სიწმინდე, ღვთის სიყვარული, რწმენა, საიდუმლოთა სურვილი, ზიარების წადილი, მხურვალე გულმოდგინება და ის, რომ წყურვილით მივეახლოთ. აი, რით მოიპოვება განწმენდა და რა არის აუცილებელი მათთვის, ვინც ქრისტესთან ზიარებისთვის მიდის და რის გარეშეც შეუძლებელია განწმენდა.

მაგრამ ყოველივე ეს სხეულს არ ეხება და მხოლოდ სულზეა დამოკიდებული. შესაბამისად, წინ ვერაფერი აღუდგება მიცვალებულთა სულებსაც, ცოცხალთა მსგავსად, ჰქონდეთ იგი.

ამიტომაც, თუკი სულებს საიდუმლოთათვის მზაობა და განწყობა აქვთ, ხოლო უფალი, რომელმაც განწმინდა და აღასრულა ის, ყოველთვის მსურველია განწმენდისა და ყოველ ჟამს საკუთარი თავის შეთავაზება სურს, მაშ, რას შეუძლია გადაეღობოს ზიარებას? ცხადია, არაფერს.

ასეთ შემთხვევაში, ვინმე იტყვის, რომ თუ ცოცხალთაგან ვინმეს სულში ის კეთილი მონაცემები ექნება, რომელთა შესახებაც ვთქვით, თუნდაც არ მიეახლონ საიდუმლოს, მაინც მიიღებენ განწმენდას?

არა ყოველი, არამედ მხოლოდ ის, ვინც, მიცვალებულთა სულების მსგავსად, მას სხეულებრივად ვერ მიეახლება, უდაბნოში, მთებში, ქვაბულებსა და მიწის მღვიმეებში გასულების მსგავსად (ებრ. 11:38), რომელთათვისაც სამსხვერპლოსა და მღვდლის ნახვა შეუძლებელი იყო. ამ ხალხს, ცხადია, თავად ქრისტე სხვა განწმენდით განასპეტაკებდა. ეს საიდან ჩანს? იქიდან, რომ მათ ცხოვრება შიგნით ჰქონდათ, ხოლო თუკი ამ საიდუმლოს არ ეზიარებოდნენ, არ ექნებოდათ, რადგან თავად ქრისტემ თქვა: "უკუეთუ არ სჭამოთ ხორცი ძისა კაცისაი და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაი თავთა შორის თქუენთა" (იოან. 6:53). ამის აღსანიშნავად მრავალს ამ წმიდათაგან ძღვნიან ანგელოზებს უგზავნიდა.

მაგრამ თუკი ვინმეს შეუძლია და ტრაპეზს არ მიეახლება, მისთვის განწმენდის მიღება სრულიად შეუძლებელია და არა იმიტომ, რომ ის უბრალოდ არ მიეახლება ტრაპეზს, არამედ - რადგან შეუძლია, მაგრამ არ მიეახლება, საიდანაც ჩანს, რომ მის სულში არ არის ის კეთილი თვისებები, რომლებიც საიდუმლოთათვის არის საჭირო.

მართლაც, ტრაპეზთან მიახლების რა გულმოდგინება და სურვილი უნდა ჰქონდეს მას, ვისაც ადვილად შეუძლია მიეახლოს ტრაპეზს და არ სურს? ღვთის როგორი რწმენა უნდა ჰქონდეს მას, ვისაც არ ეშინია უფლის სიტყვებში არსებული მუქარისა მათ მიმართ, ვინც ამ სერობას უგულებელყოფს (მათ. 22:7)? და როგორ უნდა დაიჯეროს იმათი სიყვარული, ვისაც მიღების შესაძლებლობა აქვს და არ იღებს?

ამიტომაც არაფერია უჩვეულო იმაში, რომ სხეულისგან განშორებულ სულებს, რომელთაც ვერც ერთ მსგავს ნაკლოვანებაში ვერ დაადანაშაულებს, ქრისტე ამ ტრაპეზს აძლევს. არაჩვეულებრივი და საკვირველი ისაა, რომ ხრწნადი, წარმავალი ადამიანი უხრწნელ სხეულს ჭამს. ხოლო სული - უკვდავი არსება - მისთვის შესაფერი სახით ეზიარება იმას, რაც უკვდავია. რა არის ამაში საკვირველი? თუკი უფალმა გამოუთქმელი კაცთმოყვარეობითა და მიუწვდომელი სიბრძნით შეძლო იმის განხორციელება, რაც არაჩვეულებრივი და საკვირველია, მაშ, როგორღა არ დავიჯეროთ, რომ იმას აღასრულებს, რაც შესაძლებელი და ბუნებრივია?

43. იმის შესახებ, რომ განწმენდა, უპირველეს ყოვლისა, მაზიარებლის სულს მიენიჭება
აკი მათაც, ვინც ჯერ კიდევ სხეულში ცხოვრობს, მართალია, ძღვენი სხეულის მეშვეობით ეძლევათ, მაგრამ, თავდაპირველად, სულის არსებაში შედის და სულის მეშვეობით გადაეცემა სხეულს. აი, ამაზე მიუთითებს ნეტარი მოციქული, როდესაც ამბობს: "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს" (1კორ. 6:17), რადგან, ძირითადად, სულში არსებობს ეს ერთობა და კავშირი.

რადგან სწორედ იქ არის ადამიანი; იქვეა, სათნოებებით და ადამიანური გულმოდგინებით განწმენდა; იქ არის ისიც, რაც სცოდავს და ძღვნით განწმენდას საჭიროებს. რაც შეეხება სხეულს, მასში ყოველივე სულით მოქმედებს. და როგორც გულიდან წამოსული ამგვარი ბოროტი გულისთქმებით იბილწება იგი, იქიდანვე ხდება მისი როგორც სათნოებებით, ასევე საიდუმლოებებით განწმენდაც. ზოგჯერ კი ფიზიკური სნეულებები მოევლინება, რომელთა მიზეზიც სულის ბოროტი ზნეა. ეს რომ ეჩვენებინა, მაცხოვარმა სნეულებისგან სხეული იმით აღადგინა, რომ ავადმყოფის სული განკურნა ანუ ცოდვები შეუნდო (მათ. 9:2-7).

ამგვარად, თუ სული კურნების მისაღებად სხეულს არ საჭიროებს და პირიქით, სხეული - სულს, მაშინ საიდუმლოთაგან რა უპირატესობა აქვს სხეულთან შეერთებულ სულს იმათთან შედარებით, რომლებიც მისგან განთავისუფლდნენ?

ის, რომ ისინი მღვდელმსახურს ხედავენ და მისგან იღებენ ძღვენს? მაგრამ მათაც ჰყავთ მარადიული იერარქი, რომელიც მათთვის ყოველივე ამას წარმოადგენს და ზიარებას აძლევს ცოცხალთაგან მათ, ვინც ჭეშმარიტად იღებს. რადგან მათ შორის, ვისაც ღვთისმსახური აზიარებს, ყველა არ იღებს ჭეშმარიტ ზიარებას. მაგრამ ცხადია, რომ ყველა ჭეშმარიტად ეზიარება, ვისაც ქრისტე თავად აზიარებს. მღვდელმსახური ყველა დამსწრეს აძლევს ზიარებას, ხოლო ქრისტე - ზიარების ღირსს. აქედან ცხადია, რომ სულის საიდუმლოებებით აღმსრულებელი და ცოცხალთა და მიცვალებულთა განმწმენდელი მხოლოდ თვითონ მაცხოვარია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ ყველაფერი, რაც ამ წმიდა მოქმედებას შეეხება - ცოცხალთათვისაც და მიცვალებულთათვისაც საერთოა; ისიც, რაც განწმენდის მიზეზს წარმოადგენს, სულის კეთილ თვისებებშია მოქცეული, ერთსაც და მეორესაც ახასიათებს და ისიც, რითაც, უმთავრესად და საკუთრივ განწმენდა აღესრულება, მათთვის ერთი და იგივეა, ერთი და იგივეა გამწმენდელი მღვდელმსახურიც. ერთადერთი რამ, რაც სხეულში მცხოვრებთ ახასიათებთ, არ აქვთ მიცვალებულთ - კერძოდ ის, რომ ცოცხალთა შორის უღირსებიც არიან. ამგვარნი, როგორც ჩანს, რადგან ძღვენს პირით ეზიარებიან, განიწმინდებიან; ხოლო იქ, ვინც მოუმზადებელია, ძღვენს ვერ მიეახლება, ზიარება მხოლოდ ღირსეულებს ენიჭება.

მაგრამ მოუმზადებელი ზიარება არც ცოცხალ მაზიარებლებს არგებს, პირიქით, უკიდურეს სასჯელს უქვემდებარებს და ამიტომ ცოცხალთა უპირატესობას სულაც არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, შემდეგი მოსაზრებიდან თვალსაჩინო ხდება, რომ იმ სულებისთვის არა მარტო შესაძლებელი და შეუფერხებელია, წმიდა ძღვნის ზიარება აუცილებელიც არის. თუკი იმ სულებს სხვა რაიმე მიანიჭებდა სიხარულსა და სიმშვიდეს, მაშინ ეს ღირსეულთათვის უმანკოების ჯილდო იქნებოდა და მათთვის ეს ტრაპეზი აუცილებელი აღარ გახდებოდა. მაგრამ ყოველგვარი სიტკბოება და ნეტარება, - სამოთხეს ვუწოდებთ მას თუ აბრაამის წიაღს, ყოველგვარი მწუხარებისა და სენისგან თავისუფალ ადგილს, ნათელ, სანადიმო და გრილ ალაგს თუ თავად სასუფეველს, - იქ მყოფებს სხვას არაფერს ანიჭებს, თუ არა ამ სასმისსა და ამ პურს.

ეს - ჩვენი შუამავალი (1 ტიმ. 2:5, ებრ. 9:15) და წინამორბედი (ებრ. 6:20) წმიდათა წმიდა, რომელიც ერთადერთი მიგვიყვანს მამასთან (იოან. 14:6), ერთადერთი სულის მზე, რომელიც ახლა ამგვარად მოგვევლინება და თავს გამოგვიჩენს, როგორც თავად მოინდომა, სხეულის ტუსაღად, როცა იხილვება და საფარველის გარეშე ზიარების უფლებას მოგვცემს (1 იოან. 3:2), - მაშინ "მერმე ვიცნა, - ამბობს წერილი, - ვითარცა შევემეცნე" (1 კორ. 13:12), მაშინ მართლებს შეკრებს, როგორც გვამი კრებს არწივებს (მათ. 24:28), მაშინ შემოირტყამს სარტყელს, აიძულებს დაწვნენ, მივა და მოემსახურება მათ (ლუკ. 12:37), მაშინ ღრუბლებში გამონათლდება და მისით მართლები მზესავით გაიბრწყინებენ (მათ. 24:30). ვინც მასთან არ არის შეერთებული, როგორც ჩვეულებრივ წმიდა ტრაპეზი აერთიანებს, მათთვის ყოვლად შეუძლებელია სიმშვიდისა (მათ. 13:43) და რაიმე სიკეთის - დიდის თუ მცირეს - მიღება.
ბეჭდვა
1კ1