თუკი რომელიმე ეკლესიაში ღვთისმსახურებას შეამოკლებენ, საგანგებოდ უნდა იქნეს შესწავლილი და გამოვლენილი, რადგან ეს ყოვლად დაუშვებელია...
თუკი რომელიმე ეკლესიაში ღვთისმსახურებას შეამოკლებენ, საგანგებოდ უნდა იქნეს შესწავლილი და გამოვლენილი, რადგან ეს ყოვლად დაუშვებელია...
გვესაუბრება მანგლისისა და წალკის მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე).

- მეუფე, ზოგიერთი სასულიერო პირი კარგა ხანია ცდილობს, ქართული ტიპიკონი ბერძნულით შეცვალოს. აღარაფერს ვამბობთ ქართული საგალობლების ბერძნულით ჩანაცვლების ტენდენციაზე...

- უკვე რამდენიმე წელია, გარკვეული ჯგუფები მართლაც ცდილობენ ამას. პირველ რიგში ეს საგალობლებს ეხება. ამ საკითხის შესახებ მრავალჯერ იმსჯელა წმინდა სინოდმა და შესაბამისი დადგენილებებიც მიიღო. ქართულის ნაცვლად ბერძნულის შემოღება და დანერგვა, სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, უდიდესი შეურაცხყოფაა ჩვენი წინაპრებისა, რომლებიც ღმერთს ქართული სიტყვითა და გალობით ადიდებდნენ, ისევე როგორც რუსები - რუსულით, ბერძნები - ბერძნულით, სერბები - სერბულით და ა.შ. მართალია, თავდაპირველად ერთი სამეტყველო ენა არსებობდა, მაგრამ ცოდვების გამრავლებასთან ერთად, უფლის დაშვებით, ენებიც გამრავლდა დედამიწაზე. დღეს უფალს სიამოვნებს, ყველა ერმა თავისი ენითა და საგალობლით ადიდოს სამყაროს შემოქმედი. ჩვენც ჩვენი ენითა და მელოდიით უნდა ვადიდოთ უფალი და არა ბერძნულით.

ქართული გალობა - ეს არის სულიწმინდის მიერ ჩვენთვის მონიჭებული საგალობელი, რომელსაც ათასწლოვანი ტრადიცია აქვს. მრავალხმიანი ქართული საგალობლების დაცვა ჩვენი ეკლესიის ტრადიცია და წმინდათაწმინდა მოვალეობაა. როგორც ძველი ბერძნული წყაროები აღწერენ, ქართული ეკლესიის მრევლი ადიოდა იერუსალიმში, სხვა წმინდა ადგილებში და ყველა ტაძარსა თუ მონასტერში ტროპარ-კონდაკებითა და ქართული საგალობლებით ადიდებდა უფალს. ქართველები, როგორც მორწმუნე ერი, გალობითაც განადიდებდნენ უფალს, რადგან იცოდნენ ფსალმუნის სიტყვები: უმჯობესია ღვთის გალობით განდიდება. თუ ჩვენ თვითონ არ დავიცავთ ჩვენს საეკლესიო მემკვიდრეობასა და სულიერ ღირებულებებს, ამაზეც პასუხს მოგვთხოვს ღმერთი.

მათ საყურადღებოდ კი, ვინც ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში ქართულის ნაცვლად ბერძნულის შემოტანას ცდილობს, ერთი მეტად მნიშვნელოვანი რამ უნდა ვთქვა: ხშირად მიხდება საბერძნეთში ყოფნა, რადგან ბერძნული ეკლესიის იერარქებთან მეტად ახლო ურთიერთობა და მეგობრობა მაკავშირებს. მათ ჩემთვის არაერთხელ შემოუჩივლიათ, რომ უძველესი ბიზანტიური და შემდგომდროინდელი ძველი ბერძნული საგალობლების კვალს ჯერაც ვერ მიაკვლიეს, ამიტომ ჩვენ მოგვმართეს დახმარებისთვის - ეგებ ეს საგალობლები, როგორც უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში, საქართველოში მაინც იყოს შემორჩენილიო. მათი განმარტებით, ძველი ბერძნული საგალობლები ოსმალების დროს დაიკარგა. კონსტანტინოპოლი 500 წელია თურქების ხელშია და ამ ხნის განმავლობაში მუსულმანები მას სტამბოლად მოიხსენიებენ, ამიტომ ბიზანტიური გალობის ტრადიციები, სულ მცირე, 5 საუკუნეა, მოიშალა. ბერძნულ ეკლესიას XVII-XVIII საუკუნეებიდან დაუწყია თავისი საგალობლების ძიება ოსმალეთის იმპერიაში. ამდენად, ის საგალობლები, ჩვენში ძველ ბერძნულს რომ უწოდებენ, XVII-XVIII საუკუნეებშია შექმნილი და არაბულ-მუსულმანური გავლენის კვალი ეტყობა. რაც ყველაზე მთავარია, ბერძენი სასულიერო პირები და ამ დარგის მკვლევრები თვითონვე აღიარებენ ამას.

ცოტა ხნის წინათ ივერონის მონასტერში ერთი ფრიად განსწავლული ბერი ილარიონი გავიცანი. ახალგაზრდა ბერი წარმოშობით შუაგული ევროპიდან იყო. მის კალამს ეკუთვნის ილარიონ ქართველისა და სოლომონ მეორის ცხოვრების აღწერა ბერძნულ ენაზე. იგი დიდ ინტერესს გამოხატავდა ჩვენი ქვეყნის მიმართ. ღვთისმსახურების დროს მიაქცევდით ყურადღებას, დიაკვანი გამოდის და ამბობს: "ფსალმუნი დავითისა, ხმა მეოთხე" ან "ხმა მეექვსე" და ა.შ. წინათ, როცა დიაკვანი ამ წარდგენას წარმოთქვამდა, სწორედ მითითებული ხმა უნდა ეგალობათ. აქ სინამდვილეში პირველ, მესამე ან მეშვიდე ხმაზე კი არ არის ლაპარაკი, უბრალოდ, სხვადასხვა ხმაში მელოდიის ტიპია ნაგულისხმევი. ამ ახალგაზრდა ბერს აინტერესებდა, ჩვენთან თუ იყო შემორჩენილი ეს მელოდიები. როგორც აღმოჩნდა, ეს ხმები, სამწუხაროდ, არც ქართულში გადარჩენილა და არც ბერძნულში. ბოლოს, დიდი ხნის ძიების შემდეგ, თითო-ოროლა ხმას ჩვენში მიაკვლიეს. ამიტომ გასაკვირია, თურაშაულის პატრონი ტყეში პანტას რომ ვეძებთ. გაკვირვება ერთ-ერთმა ბერძენმა პროფესორმაც ვერ დამალა, რომელიც ამას წინათ სტუმრად იმყოფებოდა საქართველოში. მან საკუთარი პირით აღიარა ის, რასაც ახლა მოგახსენებთ: დღევანდელი ბერძნული საგალობლები რომ XVII-XVIII საუკუნეების პროდუქტია, დღესავით ნათელია ბერძნული სამყაროსთვისო.

- კიდევ ერთ მეტად დამაფიქრებელ და არასასურველ რეალობას უნდა შევეხოთ. მეც ხშირად წავწყდომივარ, რომ ზოგიერთ ტაძარში საღამოს მსახურებაზე არ იკითხება "ცისკარი". მრევლის ნაწილს უკვირს, ზოგი კი კმაყოფილია, ლოცვაზე, სულ მცირე, 3 საათის ნაცვლად, 1 საათიც არ უწევს დგომა. რამდენად გამართლებულია ღვთისმსახურების შემოკლება და რა შემთხვევაშია ეს დასაშვები?

- ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დასაშვები და თუკი რომელიმე ეკლესიაში ღვთისმსახურებას შეამოკლებენ, საგანგებოდ უნდა იქნეს შესწავლილი და გამოვლენილი. ვიტოვებ იმედს, რომ საღამოს მსახურებას ორ ნაწილად ყოფენ და "ცისკარი" დილით ადრე იკითხება. მაგალითად, ივერონში "დიდება მაღალიანის" დროს "ცისკრის" წაკითხვას მაშინ იწყებენ, როცა გამთენიისას ტაძრის გუმბათის სარკმლები თანდათან ნათდება. მონასტრის ტიპიკონით, "ცისკარი" ყველგან შუაღამის შემდეგ იკითხება, რადგან მონასტერში, მოგეხსენებათ, ლოცვები უფრო ხანგრძლივია და ტიპიკონიც უფრო მკაცრია ქალაქთან შედარებით.

უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, როდესაც მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ, გამოსცა წიგნი "ტიპიკონი". იქ გარკვევით წერია, რომ მღვდელი ვალდებულია, წაიკითხოს მწუხრის ლოცვები, საიდუმლო ლოცვები. თუ "ცისკრის" ლოცვებს თვითნებურად ამოიღებს მსახურებიდან, საიდუმლო ლოცვებსაც ხომ ვეღარ წაიკითხავს და აღარც იმის უფლება ექნება, წიროს ამ ტიპიკონის მიხედვით. ჯერ არ მახსოვს, ჩვენს პატრიარქს ერთი სიტყვა მაინც შეემოკლებინოს თავისი მსახურების დროს.

ტიპიკონი, რომელიც უწმინდესმა და უნეტარესმა გასული საუკუნის 60-იან წლებში გამოსცა, არავითარ ცვლილებას არ ექვემდებარება და ყველა სასულიერო პირი ვალდებულია, დაემორჩილოს მას, რადგან მსოფლიო საეკლესიო კრებით დადგენილი საეკლესიო მსახურების შეცვლა არათუ რომელიმე ეკლესიის რიგით საეკლესო პირს, არამედ არც ერთი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს არ შეუძლია.

- დაბოლოს, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ტიპიკონთან არის დაკავშირებული. მონასტერში მომისმენია, რომ, ძველი ქართული ტიპიკონით, თევზი სამარხვო საკვებად იყო მიჩნეული...

- თევზი, რა თქმა უნდა, სამარხვო საჭმელად ითვლება, ასე იყო პირველი საუკუნიდან და დღესაც ასეა, მაგრამ მოგვიანებით ჩვენი ცოდვების გამო დიდმარხვისა და ღვთისმშობლის მიძინების ორკვირიანი მარხვის დროს მას აღარ ვიღებთ, ხოლო რაც შეეხება ქრისტეშობისა და პეტრეპავლობის მარხვას, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა თევზის ჭამა შეიძლება, ისევე როგორც ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს. მაგრამ ერთიც უნდა ითქვას: თუ ადამიანი მორწმუნეა და მოძღვარი ჰყავს, პირველ რიგში მის კურთხევას უნდა დაემორჩილოს. მოძღვარს უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ მისცეს კურთხევა სულიერ შვილს, გაუმკაცროს ან შეუმსუბუქოს მარხვა, ზოგჯერ კი სასჯელიც დაადოს.
ბეჭდვა
1კ1