ევქარისტია მწვერვალია ადამიანის შესაძლებლობებისა
ევქარისტია მწვერვალია ადამიანის შესაძლებლობებისა
ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია, ვითხოვოთ
"ევქარისტია" ბერძნულიდან მომდინარეობს და მადლობას ნიშნავს. ძველ ეკლესიაში ის ერთობლივ ლოცვასაც გულისხმობდა. აქედან გამომდინარე, ევქარისტია მადლობაა უფლის მიმართ მის მიერ ბოძებული ყველა ძღვნისთვის.

შემოქმედისადმი მადლიერება ყოველმა კაცმა უნდა გამოხატოს. ამ მადლიერების უმაღლესი გამოვლინება ევქარისტიის საიდუმლოსთან ზიარებაა, რის გარეშეც მართლმადიდებლებად ვერ ვიწოდებით და ვერც დედაეკლესიაში გავერთიანდებით.

გვესაუბრება აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი (ძამუკაშვილი):

- სხვადასხვა ეპოქის ავტორები ევქარისტიას სხვადასხვაგვარად განმარტავენ...

- დიახ, ასეა. მაგალითად, მეთექვსმეტე საუკუნის მამა, იოანე კონსტანტინოპოლელი შეგვახსენებდა: "მღვდელმოქმედებას, რომლის საშუალებითაც ზიარების დიდებული საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია იმიტომ ეწოდა, რომ ამ ჟამს ჩვენი სული უფრო მადლობს უფალს, ვიდრე რაიმეს ითხოვს. ჭეშმარიტად, ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია, ვითხოვოთ და არაფერი რჩება ისეთი, რასაც უფალი ამ დროს არ გვიძღვნის".

ევქარისტია მართლაც მწვერვალია ადამიანის შესაძლებლობებისა. ჩვენ ხომ ამ დროს თვით ქრისტეს უწმინდეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და მას ვუერთდებით, მეტი მართლაც რაღა უნდა ვისურვოთ?! უფლის მიმართ აღარაფერი გვაქვს ამაზე აღმატებული სათხოვარი და ამ ძღვნისთვის გამუდმებით გვმართებს მადლობა.

იყვნენ მამები, მაგალითად, წმინდა იოანე კრონშტადტელი, რომლებიც ევქარისტიის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ აღესრულებინათ ესა თუ ის პარაკლისი. მართლაც, რაღა უნდა შევთხოვოთ უფალს ამ უდიდესი საიდუმლოს შემდეგ?!

- მავანი ზოგჯერ კითხულობს: კი ვეზიარეთ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს - ჯანი ისევ შერყეული გვაქვს, ვერც ოჯახურ პრობლემებს ვაგვარებთ და უფალს პარაკლისებით ახალ-ახალ ძღვენს ამიტომაც ვთხოვთო...

- ლოცვას რა სჯობს, მაგრამ თუ არ გვესმის, რომ ზიარება ყველაფერს აღემატება, ესე იგი ჯერ კიდევ არ ვეკუთვნით ქრისტეს ეკლესიას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებდა - ზიარების მეშვეობით ადამიანს ღმერთად ქცევის საშუალება ეძლევაო.

მეოცე საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველი, მამა გიორგი ფლოროვსკი კი შეგვახსენებდა: "ევქარისტია ჰიმნი უფროა, ვიდრე ლოცვა და აქედან მომდინარეობს მისი განმარტებაც - მადლობა. დიახ, ეს გოლგოთაა. საკურთხეველში, ტრაპეზზე დასვენებულია უმანკო ტარიგი, სხეულგაკვეთილი და სისხლმდინარე, მაგრამ, ამასთან, გოლგოთა არის საიდუმლო სიხარულისა, სიყვარულისა და დიდებისა... აქ განდიდდება ძე კაცისა და ცხადდება უფლის სიყვარული სამყაროს მიმართ. ასე რომ, ევქარისტიაზე ფიქრი გოლგოთის გარეშე შეუძლებელია. წმინდა სწავლებით, ზიარების საიდუმლო და გოლგოთის მსხვერპლი და მაცხოვრის ჯვარზე აღსრულება - ერთი და იგივე მსხვერპლია".

გოლგოთის შემდგომ ყველაზე აღმატებულით შევიმოსეთ: გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხსნის საქმე აღვასრულოთ და შევუერთდეთ უფალს და ნაყოფს მაცხოვრის მსხვერპლისას.

მთელ ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებებს და წმინდა მემკვიდრეობას ევქარისტიისკენ მივყავართ. ერთ სასულიერო მწერალს თუ მოვიხმობთ, "ქრისტიანობა - ეს საიდუმლო სერობაა", ანუ ეს გახლავთ თანაყოფნა უფალთან და მის მოწაფეებთან ახალაღთქმისეულ სიონზე, პასექის სადღესასწაულო ვახშამზე. ქრისტიანობა - დაუსრულებელი პასექის საღამოა, რადგან ეკლესიაში დრო ისე არ გადის, როგორც მიწაზე... ეს არის შესვლა საღვთო რეალობაში, რომელიც დროს აღემატება.

ევქარისტიაზე საუბრისას ისევ პავლე მოციქულის სიტყვა მახსენდება ქრისტეს ხორცზე, "რომელ არს ეკლესიაი". ევქარისტიაც სხეულია ეკლესიისა და თავად ეკლესიის ბუნებაც ევქარისტიულია, რაზეც კირილე ალექსანდრიელი ღაღადებს - ეს ბუნება და განსაკუთრებული ერთობა იმაში ცხადდება, რომ ზიარების ყოველი ნაწილით სასწაულებრივად, მთელი სისრულით გეძლევა ქრისტეს სხეული - არსებითად განუყოფელი, უცვლელად ერთიანი და ყოველი ლიტურგიისას მრავალ ქრისტიანზე განაწილებული. ჩვენ ამ დროს ღმერთთან და ერთურთთან ერთობაში შევდივართ, მოციქული პავლე კი ბრძანებს: "რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს... თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესი და ასონი ასოთა მისთაგანი".

ეკლესია ასწავლის და ამოწმებს ქრისტიანულ სიმბოლოებს, მაგრამ საიდუმლო სიმბოლო არ არის, არამედ ყველაზე რეალური ერთობაა ღმერთთან.

მას, რაც ჩვენს თავს ზიარებისას ხდება, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი სახეობრივად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უქორწინებლად მუცლადღებას ამსგავსებს.

ევქარისტია ჩვენი არსებითი კავშირია გარდაცვლილებთანაც. ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებისას მჭიდროდ ვუერთდებით მასთან უკვე ნაზიარებ მიცვალებულებს - სეფისკვერიდან ნაწილების ამოღებისას და შემდეგ წმინდა სისხლით სავსე ბარძიმში ჩაშვებისას, როდესაც წარმოვთქვამთ: "მიუტევე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა პატიოსანითა სისხლითა შენითა..." - განსაკუთრებულად ცხადად ჩანს ეს ყოველივე.

მღვდელმაც და ლოცვითმა კრებულმაც ევქარისტიაში თავი უნდა მოუყაროს მთელ ლოცვით ცხოვრებას. წმინდა ბარძიმთან მიიტანება ყოველი მწუხარება და სიხარული... ისინი მასში უნდა განზავდეს. ზიარებამ ქრიატიანთა მთელი ცხოვრება, საქმეები და სწრაფვანი უნდა აკურთხოს. ამიტომ ლიტურგია და ევქარისტიული ცხოვრება მხოლოდ ტაძარში დგომა და ადამიანთა მოხსენიება როდია.

კვლავ წმინდა იოანე ოქროპირს მოვუხმოთ: "იმისთვის, რომ არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც შევუერთდეთ ქრისტეს, მის სხეულსაც უნდა შევერთოთ, რაც იმ საზრდელის მეშვეობით ხდება, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა, რათა ჩვენდამი თვისი უდიდესი სიყვარული გამოეხატა. საკუთარი თავით შეგვმოსა, რათა ერთობა შეგვედგინა, როგორც სხეულს, რომელიც თავთან არის შეერთებული და სწორედ ეს არის ნიშანი დიდი სიყვარულისა. უფრო მეტად რომ დაგვმეგობრებოდა და სიყვარული ეჩვენებინა, მსურველთ არა მხოლოდ თავისი ხილვის საშუალება უბოძა, არამედ შეგრძნებისაც და მიღებისაც, რათა შეერთებოდა მათ და აღევსო".
ბეჭდვა
1კ1