ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
რა არის ჟამნი
ძველ აღთქმაში დღე იყოფოდა ოთხ ნაწილად, ოთხ ჟამად (დროდ), რომელშიც შედიოდა I, III, VI და IX ჟამნები. თითოეულ მათგანზე ადამიანი ვალდებული იყო, შეესრულებინა გარკვეული ლოცვები. ჟამნები სრულდება დღესაც, ოღონდ სხვა მნიშვნელობით.

ძველი აღთქმის ღვთისმსახურება ძირითადად ფსალმუნების კითხვა-გალობისგან შედგებოდა, ამიტომ ქრისტიანული ჟამნებიც თავდაპირველად მხოლოდ ფსალმუნებს შეიცავდა. ჟამნებში ქრისტიანული ლოცვები და საგალობლები შედარებით გვიან შევიდა.

ამრიგად, ჟამნი არის ლოცვა, რომელიც ეძღვნება დღე-ღამის განსაზღვრულ მონაკვეთს, შედგება სამი ფსალმუნისგან, რამდენიმე მუხლისა და ლოცვისგან, რომლებიც შერჩეულნი არიან დღე-ღამის განსაზღვრული მონაკვეთისა და მაცხოვრის ვნების განსაკუთრებული მომენტების შესაბამისად.

I ჟამნი მოიცავს ჩვენი დროის 7, 8, 9 საათს. ეს ის დროა, როდესაც იესო ქრისტე კაიაფასგან პილატესთან მიიყვანეს და მის მოსაგონებლად არის დადგენილი. I ჟამნი სრულდება ცისკრის შემდეგ.

III ჟამნზე (10, 11, 12 საათი) ხდება გახსენება პილატეს მსჯავრისა და მაცხოვრის ვნებისა, ასევე მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებზე სულიწმინდის გარდამოსვლისა.

VI ჟამნზე (1, 2, 3 საათი) იკითხება გოლგოთის გზით ჯვარცმისკენ მიმავალი მაცხოვრის შესახებ.

IX ჟამნი (4, 5, 6 საათი) ეს ის დროა, როდესაც ჯვარცმულმა იესო ქრისტემ განუტევა სული და, შესაბამისად, ამ ჟამნზე იკითხება ღმერთკაცის უდიდესი ვნებებისა და სიკვდილის შესახებ.

ჟამნები იკითხება ყოველდღიურად და ამიტომაც იწოდება სადაგ მსახურებად.Mმსახურების უკეთ ჩასატარებლად ჟამნების კითხვას უერთებენ სხვადასხვა ღვთისმსახურებას: მაგალითად, IX ჟამნს - მწუხრს, I ჟამნს - ცისკარს, III და VI ჟამნს - საღმრთო ლიტურგიას.

საღვთისმსახურო საკითხავები და ლოცვები
ღვთისმსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში შედგება ერთმანეთთან გარკვეული წესით დაკავშირებული სხვადასხვა საკითხავების, ლოცვებისა და საგალობლებისგან.

საკითხავები შემდეგი სახისაა:

- სახარების საკითხავი,

- სამოციქულო საკითხავი,

- საწინასწარმეტყველო (საკითხავები ძველი აღთქმის წიგნებიდან),

- წმინდა მამათა ქადაგებანი.

რა არის ასამაღლებელი
ასამაღლებელი ეწოდება იმ მოკლე ლოცვას, რომელსაც მღვდელი ან მღვდელმთავარი ხმამაღლა ამბობს. მაგალითად: "რამეთუ შენი არს სუფევა ძალი და დიდება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე", "ზე გვაქვნდინ გულნი", "ვმადლობდეთ უფალსა", "ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით აღვიარებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა..." და ა. შ. ასამაღლებლების დიდ ნაწილს მოსდევს გუნდის "ამინ" ან რომელიმე საგალობელი.

რა არის ტროპარი
ტროპარი კონდაკთან ერთად არის ამა თუ იმ დღესასწაულის (ან წმინდანის) ძირითადი ლოცვა, რომლითაც ვითხოვთ წმინდანთა მეოხებას (დახმარებას, შუამდგომლობას) ღვთის წინაშე. ტროპარს ქართულად ეწოდება ,,ოხითა". მათი საძიებელი მოთავსებულია წიგნში, რომელსაც ეწოდება ჟამნი. ტროპარები ჰქვია აგრეთვე კანონის ზოგიერთ მუხლს.

რა არის კანონი
კანონი არის საზეიმო გალობა, ცხრა გალობის ერთობლიობა. თითოეულ გალობაში შედის ხუთი მუხლი. კანონი ეძღვნება ამა თუ იმ დღესასწაულს ან წმინდანს.

რა არის კვერექსი
კვერექსი არის დიაკვნის სათქმელი მოკლე-მოკლე ლოცვების წყება, რომელზეც გუნდი პასუხობს ხან "უფალო, შეგვიწყალენ", ხან "მოგვმადლე, უფალო", ხანაც "შენ, უფალო". შინაარსის მიხედვით კვერექსი ორგვარია: მრჩობლი და თხოვნითი. მრჩობლი კვერექსი არის გაძლიერებული ლოცვა და თხოვნა ცალკეული პირებისთვის. თხოვნითი კვერექსი კი ვედრებაა სხვადასხვა საჭიროებაზე - ცალკეულ პირთა მოხსენიების გარეშე.
ბეჭდვა
1კ1