ამაღლების დღესასწაულის ღვთისმსახურება
ამაღლების დღესასწაულის ღვთისმსახურება
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა. ჯვარცმული იესო ქრისტე მჯდომარეა მარჯვენით მამისა. იგი ამაღლდა, რათა მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი, მან თვით უქადაგა მოციქულებს, რომ სულიწმიდის გარდამოსვლას დალოდებოდნენ. უფლის ამაღლებასთან დაკავშირებით ეკლესიამ დააწესა დღესასწაული, რომელსაც აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს ყოველწლიურად აღასრულებს.

ამაღლება არის ერთ-ერთი უდიდესი სასწაული, რომელიც განხორციელდა კაცობრიობის გადასარჩენად: უფლის განკაცება - უქორწინებელი შობა, მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება.

ამაღლების დღესასწაულის შემდგომ ქრისტიანები უკვე აღარ წარმოსთქვამენ და აღარ ესალმებიან ერთმანეთს ამ სიტყვებით: "ქრისტე აღსდგა". ხოლო მუხლთადრეკა და დიდი მეტანიები განახლდება სულთმოფენობის დღესასწაულიდან (აღდგომიდან 50-ე დღეს).

ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღვთისმსახურება აღევლინება "ზატიკიდან". (სააღდგომო საგალობელთა კრებული, გაგრძელება დიდი მარხვის საგალობლებისა - "მარხვანისა")

ამაღლების დღესასწაულისადმი მიძღვნილ საგალობლებში და სძლისპირებში გამოხატულია უფლის ამაღლებით გამოწვეული სიხარული: "ფრთეთა ქერუბინთასა მჯდომარე ხარ, ამაღლდი ღრუბლითა ცად აღმოსავალით და მოწაფეთა შენთა ეტყოდე, მაცხოვარ: არა დაგიტევნე თქუენ ობლად, მოვიდე სულითა თქუენ შორის და ვიყო მე განუშორებელ თქუენგან, რომელმან მოანიჭე სოფელსა დიდი წყალობა".

"ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყვენ მოწაფენი აღთქუმითა მით სულისა წმიდისაითა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა" (ტროპარი).

აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ორმოცი დღის მანძილზე მიწაზე იმყოფებოდა და მოწაფეებს ათჯერ გამოეცხადა. ამქვეყნად ხილული ყოფნის უკანასკნელ დღეს მან მოციქულებსა და მოწაფეებს უბრძანა, იერუსალიმს არ განშორებოდნენ. ელეონის მთაზე გაუძღვა მათ, იქ უქადაგა და სასწაულებრივი ძალის მოვლინება აღუთქვა: "მიიღოთ სული წმიდაი". ელეონის მთაზე ხელი დაასხა ყველას, აკურთხა და მათ თვალწინ ცად ამაღლდა. ამაღლების დროს იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. ეკლესია ამგვარად უგალობს ამ სასწაულებრივ მოვლენას:

"სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩვენი და ზეცისათა შეაერთნენ ქვეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყვარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ-არს ვნებად თქვენდა" (კონდაკი).

ბეჭდვა
1კ1