დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
2.5. წმინდა წერილის კითხვის შესახებ
"ვრცელი კატეხიზისი" წმინდა წიგნების კითხვის პროცესში სამი ძირითადი წესის გათვალისწინებას გვთავაზობს.

ა) "უნდა ვიკითხოთ რიდით, მოკრძალებით, მლოცველი გულით და მჭვრეტელი თვალით, ისე, როგორც ეს ღვთის სიტყვას შეეფერება".

წმინდა წერილის სწორად გააზრებისათვის საჭიროა გვჯეროდეს, რომ უფალს სურს თავის სიტყვაში გამოგვეცხადოს. გარდა ამისა, აუცილებელია ლოცვა, რადგან წმინდა წერილის შინაარსის შეცნობისათვის მხოლოდ ადამიანის გონის ბუნებრივი შესაძლებლობები სრულიად არ არის საკმარისი, აქ საჭიროა ღვთის თანადგომა. ღირსი ისააკ ასური (VI-VII სს.) გვასწავლის:

"არასოდეს შეეცადო, ჩასწვდე წმინდა წერილში დაუნჯებულ საიდუმლოს ლოცვისა და ღვთის შეწევნის თხოვნის გარეშე. წარმოთქვი: უფალო, მომეც მე ძალა შევიმეცნო წერილის სიღრმე და სიდიადე. მუდამ გეპყრას ლოცვა იმ გასაღებად, რომელიც გაგიხსნის ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტ შინაარსს".

განსაკუთრებით სასარგებლოა წმინდა წერილის მოსმენა ტაძარში, რადგან აქ, ღვთის სიტყვის კითხვა ლოცვასთან არის გაჯერებული და თავად წმინდა წერილის კითხვა საგანგებო ლოცვით იწყება, რომელშიც უფალს, წერილში დაფარული საიდუმლოს შეცნობას შევთხოვთ. ღვთის სიტყვის კითხვა ეკლესიაში ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ ფორმად არის მიჩნეული.

"წმინდა წერილის მოკრძალებული კითხვა, არა მხოლოდ ცოდნას გვაძლევს ღმერთის შესახებ, არამედ, ამ გზით ნაწილობრივად ღმერთსაც ვეცნობით, გარკვეული თვალსაზრისით მასთან ურთიერთობაშიც კი შევდივართ".

ბ) "უნდა ვიკითხოთ რიდით, მოკრძალებით, მლოცველი გულით და მჭვრეტელი თვალით, რწმენაში ჩვენი და კეთილი საქმეების კეთების სურვილის გაძლიერებისათვის".

სხვაგვარად რომ ვთქვათ, წმინდა წერილის კითხვა ჩვენთვის მოქმედი იმ შემთხვევაში გახდება, თუ წერილის კითხვის თანმდევი ჩვენი სულიერი ამოცანები აქ რაიმე სხვა მიზნებით არ არის გამოწვეული, მაგალითად ისეთით, როგორიც არის: გამოცდების ჩაბარება, ქადაგების ან სტატიის დაწერა, მსოფლმხედველობის გაფართოება და ა. შ.

გ) "წმინდა წერილი უნდა გვესმოდეს ისე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესია და წმინდა მამები გვასწავლიან".

"ეკლესიისათვის მრავალი ისეთი წმინდანია ცნობილი, რომლებიც, როგორც ღვთისმეტყველები და სულიერი მასწავლებლები მუდმივად განმარტავდნენ და იცავდნენ მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. ამ ადამიანებს ეკლესიის წმინდა მამებს, ხოლო მათ სწავლებას "პატრისტიკას", ანუ მამათა სწავლებას უწოდებენ... ყველა წმინდა მამაში ბრწყინვალე გონება განწმენდილ სულთან და მართალ ცხოვრებასთან იყო შერწყმული, ამიტომ მივიჩნევთ მათ ეკლესიის წმინდა მამებად".

შეიძლება გაჩნდეს კითხვა: რატომ უნდა გვესმოდეს წმინდა წერილი ისე, როგორც მას მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა მამები განგვიმარტავენ? სადღეისოდ, უმეტესწილად პროტესტანტულ წრეებში, გავრცელებულია აზრი, რომლის მიხედვითაც არსებობს წმინდა წერილის რაღაც გამორჩეული - წმინდა გაგება. მათ მიაჩნიათ, რომ ამ გაგებამდე მისვლისათვის წმინდა წერილის შესწავლის პროცესში საჭიროა უარი ითქვას ყოველგვარ გარე ავტორიტეტზე და მიკვლეულ იქნას ბიბლიური ტექსტის ბუკვალური, შეურეველი ვარიანტი. მაგრამ საქმე ის არის, რომ წმინდა წერილის სწორედ ასეთი თავნებური და გამარტივებული ინტერპრეტირების საშიშროების შესახებ მრავალგზის მიუთითებდნენ წმინდა მამები. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ნოსელი წერდა: "ერთი შეხედვით, იმან რაც წმინდა წერილის განმარტებად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუ არ არის სიტყვის სწორად გაგებაზე აგებული, ხშირად შეიძლება სულიწმიდის მიერ ბოძებული ცხოვრების საპირისპირო შედეგი მოგვცეს".

ამიტომ, საჭიროა, "მოკრძალებით მოვეპყრათ სულით განმტკიცებულ სანდო სწავლებას და მუდამ ვიყოთ სულიწმიდით ბოძებული ცოდნის საზღვრებში".

სინამდვილეში წმინდა წერილის არანაირი გამორჩეული და წმინდა გაგება არ არსებობს, ყოველ ადამიანს ყველაფერი, მათ შორის წმინდა წერილიც, თავისი სულიერი და კულტურული დონის, ცხოვრებისეული გამოცდილების შესაბამისად ესმის. ნებისმიერი აღქმა და გაგება სუბიექტური ხასიათის მატარებელია. შეიძლება ითქვას, რომ გესმოდეს და ინტერპრეტირებდე, ერთი და იგივეა. გესმოდეს - ნიშნავს შენთვის მისაღები თვალსაზრისით განმარტავდე. ამიტომ, საქმე ის კი არ არის განმარტავ თუ არ განმარტავ, ინტერპრეტირებ თუ არ ინტერპრეტირებ, არამედ ის, ამას რა კრიტერიუმებით ვაკეთებთ: ბიბლიის ჩვენეული გაგების საფუძვლად ეკლესიის მიერ აღიარებული წმინდა მასწავლებლების განმარტებებს გამოვიყენებთ, თუ უნდა ვენდოთ მქადაგებლებს, რომლებიც ერთმანეთის საპირისპირო შეხედულებებს გვთავაზობენ?

მაგრამ აქვე ისმის კითხვა: როგორ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან წმინდა მამათა ჭეშმარიტი სწავლება ამა თუ იმ მასწავლებლის კერძო შეხედულებებისგან, რომლებიც შესაძლებელია მცდარი აღმოჩნდეს? ამისათვის არსებობს სპეციალური გაგება: "მამათა თანხმობა" (ცონსენსუს პატრუმ). წმინდა მამათა სწავლებად, განმარტებების მხოლოდ ის ნაწილი მიიჩნევა, რომლის შესახებაც მიღწეულია ყველა ან უკიდურეს შემთხვევაში, წმინდა მამათა დიდი უმრავლესობის თანხმობა. დოგმატური ხასიათის პრინციპულ საკითხებში წმინდა მამათა შორის აზრთა სხვადასხვაობა პრაქტიკულად არ არსებობს.

წმინდა მამა არ უპირისპირდება სხვა წმინდა მამას, რადგან ყველა წმინდა მამა ერთიანია სულიწმიდაში, - წერდა წმინდა იოანე დამასკელი.

ამა თუ იმ საკითხზე მამათა შეთანხმება უკვე თავისთავად ისეთ საღვთისმეტყველო აზრს წარმოადგენს, რომელსაც, თუ გსურს ეკლესიური სწავლების ერთგული დარჩე, არ შეიძლება ანგარიში არ გაუწიო. ნეტარი ავგუსტინე გვაფრთხილებს: "ვინც მამათა ერთიან აზრს უგულებელჰყობს, ის საერთოდ უარს ამბობს ეკლესიაზე".

მეხუთე-მეექვსე ტრულის კრების 691-692 წწ. მე-19 კანონი ადგენს: "ნუმცა სხუებრ თარგმნიან მას, თვინიერ ვითარ-იგი მნათობთა ეკლესიისათა და მოძღუართა აღწერილთა თვისთა მიერ გარდამოსცეს, და უფროისღა ამათ შინა აჩუენებდინ კეთილადგამოცდილებასა თვისსა, ვიდრეღა თვისთა სიტყუათა შეწყობასა ზედა", ანუ საღვთო (წმინდა) წერილი ახსნილი და განმარტებული უნდა იყოს წმინდა მამათა და ეკლესიის მასწავლებელთა ნაწერებთან შეთანხმებით.

ბეჭდვა
1კ1