დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
 დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი - კატეხიზმო. დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი
"ვრცელი კატეხიზისის" თანახმად, ღვთაებრივი გამოცხადების შენახვისა და გავრცელების ორი ხერხი არსებობს, ესენია: წმინდა გადმოცემა და წმინდა წერილი.

1. წმინდა გადმოცემა
"სახელწოდებაში, "წმინდა გადმოცემა", იგულისხმება ის, რასაც ჭეშმარიტი მორწმუნეები და ღვთის თაყვანისმცემლები: სარწმუნოებრივი სწავლების, საღვთო სჯულის, საიდუმლოებებისა და წმინდა წესების სახით, როგორც სიტყვით, ისე პირადი მაგალითით ერთმანეთს და შთამომავლობას გადასცემენ".

სიტყვა "გადმოცემა" გულისხმობს გადაცემას, მემკვიდრეობით დატოვებას. ის, უწინარეს ყოვლისა, მიუთითებს მოქმედებაზე, ანუ გადაცემის პროცესზე. სწორედ ამგვარად ინახება და ვრცელდება ადამიანთა შორის ღვთაებრივი გამოცხადება.

"...მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით" (1 კორ. 11:23), - ბრძანებს მოციქული პავლე.

1.1. წმინდა წერილი წმინდა გადმოცემის შესახებ. როგორ ესმოდათ ადრეულ ქრისტიან ავტორებს წმინდა გადმოცემა
ახალი აღთქმის წიგნების მიხედვით "წმინდა გადმოცემაში" პროცესი კი არა, უწინარეს ყოვლისა, თვითონ ის სწავლება იგულისხმება, რომელიც გადმოსაცემია:

"მაშ, მტკიცედ იდექით, ძმანო, და ხელთ გეპყრათ სწავლა, სიტყვით თუ წერილით რომ გადმოგეცით" (2 თეს. 2:15);

"...გაქებთ, ძმანო, რომ ჩემი ყველაფერი გახსოვთ და, როგორც გადმოგეცით, ისე ინახავთ გადმოცემას" (1 კორ. 11:2).

ასეთივე აზრია ნაგულისხმევი ადრეული ეკლესიის წმინდა მამების და კერძოდ, წმინდა მღვდელმოწამე პოლიკარპე სმირნელის (+156) სიტყვებში "დასაბამიდან გადმოცემული სიტყვის შესახებ" და წმინდა მღვდელმოწამე ირინეოს ლიონელის (+202) სიტყვებში, როდესაც იგი ბრძანებდა "გადმოცემა, რომელიც მომდინარეობს მოციქულებისგან და პრესვიტერების მიმღეობის საშუალებით ინახება ეკლესიაში" ან "მოციქულთა გადმოცემის" და "მოციქულთაგან ეკლესიური გადმოცემის" შესახებ.

გადმოცემის მთავარი წყარო თავად ღმერთია. უფალი იესო ქრისტე სამღვდელმთავრო ლოცვაში თავის მამას, ანუ მამა ღმერთს ასე მიმართავს:

"...შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად" (იოან. 17:8).

ტერტულიანე წერდა, სარწმუნოებრივი სწავლება "ეკლესიებმა მოციქულებისგან მიიღეს, მოციქულებმა იესო ქრისტესგან და იესო ქრისტეთი ღმერთისგან".

ამრიგად, გადმოცემა თავისი შინაარსით მთლიანად ემთხვევა იმ ქადაგებას, რომელსაც მოციქულები ეწეოდნენ და, შესაბამისად, წარმოადგენს ღვთივგანცხადებულ სწავლებას, რომელიც იესო ქრისტეში სრულად არის გამოვლენილი.

1.2. ღვთაებრივი გამოცხადება - წმინდა გადმოცემის ერთიანობის პრინციპი
მიუხედავად იმისა, რომ ახალ აღთქმაში (2 თეს. 2:15) და წმინდა მამების თხზულებებში (მაგალითად, წმინდა ბასილი დიდის "სულიწმიდის შესახებ", 27 თავი) ცალკეულ შემთხვევებში საუბარია მრავლობით რიცხვში, ანუ "გადმოცემების" შესახებ, გადმოცემა მაინც არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც თავისი შინაარსით განსხვავებული ცალკეული ჭეშმარიტებების ერთიანობა.

გადმოცემის ერთიანობის პრინციპი აგებულია ღვთაებრივ გამოცხადებაზე. სწორედ გამოცხადება განაპირობებს, მისი საგნის როგორც გარეღვთაებრივ წარმომავლობას, ისე მის შინაგან, ანუ შინაარსობრივ მთლიანობას. ღვთაებრივი გამოცხადების ამოცანა არ არის ზნეობრივი, ისტორიული, სარწმუნოებრივი, კანონიკური და ა. შ. ჭეშმარიტებების გავრცელება. მისი მთავარი მიზანია: ყველამ ირწმუნოს, "რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით" (იოან. 20:31). გადმოცემის პირველი და ცენტრალური ჭეშმარიტებაა იესო ქრისტეში ღმერთის გამოცხადებისა და ადამიანის მოდგმის გადარჩენის საიდუმლო. ეს "საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის" (კოლ. 1:26) მოქმედებს, როგორც წყარო და მისი შინაგანი ერთიანობის საფუძველი.

1.3. წმინდა გადმოცემის სამი დონე
წმინდა გადმოცემა არ შეიძლება თაობიდან თაობას გადასაცემ ერთგვარ სწავლებად ან იმ მატერიალური ძეგლების ერთობლიობად მივიჩნიოთ, რომელშიც ეს სწავლებაა დაფიქსირებული. წმინდა გადმოცემა გაცილებით უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე უბრალოდ რაიმე ინფორმაციის ან ცოდნის გადაცემა. გადმოცემა ჩვენ გვესაუბრება ღმერთისა და მისი შემეცნების შესახებ. მაგრამ მსგავსი, როგორც ჯერ კიდევ პლატონი იტყოდა, მხოლოდ მსგავსით შეიცნობა, და იმისათვის, რომ შევძლოთ და სათანადოდ გავითვალისწინოთ, რა ცოდნის მიღებას უნდა ველოდეთ გადმოცემის საშუალებით, საჭიროა თავად ღმერთისა და მისი შემეცნების შესახებ გარკვეული წარმოდგენა და ღმერთთან ურთიერთობის პირადი გამოცდილება გაგვაჩნდეს. პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი (+1992) წერდა: "წმინდა გადმოცემაში, არა მხოლოდ იდეები, არამედ გამოცდილებაც თანმიმდევრულად არის მოწოდებული. ჭეშმარიტების წვდომის გზაზე გადმოცემა არა მხოლოდ ინტელექტუალურ ერთობას, არამედ ცოცხალ ურთიერთობასაც გულისხმობს" (Meyendorff J. Crist in Eastern Christian Thought. Crestwood. New York. 1987. p. 10.).

"გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით" (1 კორ. 4:6), ანუ მომბაძეთ მე, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს, მოუწოდებს კორინთელებს მოციქული პავლე. ამრიგად, "გადმოცემა" არა მხოლოდ სწავლების შინაარსს გულისხმობს, რომელიც სიტყვით გადაიცემა, არამედ ამ სწავლების შესაბამისი სულიერი ცხოვრების გამოცდილებასაც, რაც შეიძლება მხოლოდ პირადი მაგალითით გადაიცეს.

თუმცა უფალმა იესო ქრისტემ არა მხოლოდ თავისი პირადი მაგალითი უჩვენა და ღვთივგანცხადებული სწავლება გადასცა მოწაფეებს, არამედ ღმერთში ცხოვრების გამოცდილებაც გაუზიარა და სულიწმიდასთან ზიარების მადლი და ძალა მიჰმადლა, რაც ღვთაებრივი ჭეშმარიტების წვდომისათვის ერთადერთი და აუცილებელი საშუალებაა.

"მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი... ქვეყნის კიდემდე" (საქმ. 1:8), ეს უთხრა უფალმა თავის მოწაფეებს ამაღლებამდე. უფალი იესო ქრისტეს სწავლება მხოლოდ ღვთის მადლით შეიმეცნება და თავად ქრისტეში ცხოვრების გამოცდილება მადლმოსილი გამოცდილებაა.

"წმიდა გადმოცემა არ წარმოადგენს დასამახსოვრებლად განკუთვნილ, რაიმე აბსტრაქტულ სწავლებათა კრებულს. მის წიაღში ცოცხალი, წრფელი გულით მისაღები ცოდნაა დაუნჯებული. ამ ცოდნას მხოლოდ ღვთის მადლის დახმარებით, ანუ ახალი გამოცხადების წყალობით შეიძლება ეზიარო".

როგორც მოციქული პავლე ბრძანებს:

"არავის ხელ-ეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა" (1 კორ. 12:3).

ესე იგი, იესო ქრისტეს თავის ღმერთად აღიარება მხოლოდ მას შეუძლია, ვის გულსაც უწინარესად სულიწმიდა შეეხება. ამიტომ წმინდა ფილარეტ მოსკოველის სიტყვებით რომ ვთქვათ: "წმინდა გადმოცემა - ეს არა მხოლოდ სწავლების, წესების, კრებების დადგენილებების, წეს-ჩვეულებების ხილული და სიტყვიერი გადაცემა, არამედ უხილავი და მომქმედი მადლის მიღება და მადლით კურთხევაა".

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ წმინდა გადმოცემის განუყოფელ მთლიანობაში გადმოსაცემი მასალის სამი დონე გამოირჩევა:

ა) გამოცხადებით მოცემული სწავლებისა და იმ ისტორიული ძეგლების გადმოცემა, რომელიც ამ სწავლებას მოიცავს;

ბ) გამოცხადების შედეგად მიღებული სწავლების შესაბამისი სულიერი გამოცდილების პირადი მაგალითის სახით გადაცემა;

გ) ღვთივკურთხეული მადლის უწინარეს ყოვლისა განხორციელებული საეკლესიო საიდუმლოებების საშუალებით გადაცემა.

და ბოლოს: "წმინდა გადმოცემა - ეს არა მხოლოდ უამრავი წერილობითი დოკუმენტის კრებულია, არამედ, ის არის სულიწმინდით შთაგონებული და ხილული პირადი ცხოვრებისა და ეკლესიური გამოცდილების ერთობლიობა".

ბეჭდვა
1კ1