"მე და ჩემნაირები მიწაში ჩამარხულ ზარებს ვგავართ, რომლებიც, სადაცაა, დასკდებიან..."
"მე და ჩემნაირები მიწაში ჩამარხულ ზარებს ვგავართ, რომლებიც, სადაცაა, დასკდებიან..."
სისხლის წვიმები რომ გადაივლის და ერთმანეთის გულის ენას უკეთ გავიგებთ , ოსებიც, აფხაზებიც და ქართველებიც ცხადად დავრწმუნდებით პატრიარქის მოწოდების სიმართლეში: - ოსებიც და აფხაზებიც მხოლოდ ქართული სახელმწიფოს წიაღში თუ გადარჩებიანო.

მართლაც, ვისაც ყური აქვს, ისმინოს!

დროს ჯერ კიდევ ომის სუნი და ალმური ასდის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოსთა და აფხაზთა უმრავლესობა გონებით თუ არა, სინდისით მაინც ეთანხმება უწმინდესს. ხილული თუ უხილავი, ცეცხლოვანი საზღვრის "აქეთ" დარჩენილი ოსები, რომლებსაც ხშირად მოღალატეებად და ეროვნებადაკარგულებად ნათლავენ, ასე ფიქრობენ:

მზია ხეთაგური, პოეტი: - ამ ყველაფერს მასშტაბურად უნდა შევხედოთ, რადგან ის, რაც ყოველი ჩვენგანისთვის პირადი და ძალზე ტრაგიკულია, ისტორიისთვის ხშირად ერთი სტრიქონია ხოლმე.

თუ მომხდარს საღად დავაკვირდებით, არ მგონია, რამე ოსის, ქართველის, რუსის, აფხაზის... ბრალი იყოს. თავად დრომ მოიტანა ასეთ ხელისუფალთა, ხელქვეითთა, რიგითთა, შემთხვევითთა და არაშემთხვევითთა არსებობა... თუ ისინი არა, სხვები მოვიდოდნენ და სწორედ ასე მოიქცეოდნენ. რატომ? იმიტომ, რომ დიდი ხნის მანძილზე ურწმუნოებას მოვუხარეთ ქედი.

იმის იმედი ნუ გვექნება, რომ ყველაფერი მოკლე ხანში დალაგდება, რადგან ადამიანთა სულებში ჩაიბუდა ისეთმა უცხო ძალამ, რომელიც შინაგანად ღრღნის მთელ თაობებს...

როგორ ფიქრობთ, ოციოდ წლის წინ ოს ბავშვებს რომ ჩაუნერგეს ქართველთა სიძულვილი, დღეს ისინი შეძლებენ ქართველთა სიყვარულს?!

ჩვენ აივაზოვსკის "მეცხრე ტალღის" პერსონაჟებს ვგავართ... ხომ შეუძლებელია, ტალღას უბრძანო, - არ ჩაიძიროო?! რაც ახლა ხდება, ესეც სტიქიური უბედურებაა, ოღონდ - სულიერი სტიქიური უბედურება, რომელიც წლებმა, საუკუნეებმა, გარკვეულმა შეცდომებმა, ცოდვებმა და კიდევ ათასმა რამემ მოგვიტანა... ამიტომ, რაც მოხდა, ლოგიკურად მეჩვენება და, სამწუხაროდ, ამ სირთულეთა დაძლევას დიდი დრო სჭირდება.

რუსი ხალხი ვახსენე... ისიც მსხვერპლია თავისი იმპერიისა და ყველაზე მეტად მებრალება, რადგან, ჩვენგან განსხვავებით, პატივს თითქმის აღარავინ სცემს.

რუსეთის იმპერია რომ ოსს ეხმარება, ამას იმიტომ კი არ სჩადის, რომ ან ოსი ადარდებს და ან აფხაზი - მას ეს მიწა პოლიგონად სჭირდება და საამისოდ ნებისმიერს გაწირავს - ოსსაც, აფხაზსაც, ქართველსაც და თავად რუსსაც.

მინდა, ჩემმა ოსებმა გაიგონ, რომ მათ ყოველთვის გამოიყენებენ მავანნი, ვიდრე ისევ კავკასიურ სახლს არ დავუბრუნდებით. სხვა შემთხვევაში ცალ-ცალკე ყველა წავაგებთ.

დღეს ყველას, ვინც საქართველოში ვცხოვრობთ, განსაკუთრებული ჭკუა გვმართებს.

- პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ ბრძანა, ოსებიც და აფხაზებიც მხოლოდ საქართველოს წიაღში გადარჩებიანო...

- რაღა თქმა უნდა... ჩვენ შორის იმდენია საერთო, იმდენი სისხლია ჩვენს ძარღვებში ერთმანეთის, რომ ეს დაპირისპირება აბსურდამდე მისულ წინააღმდეგობებს შობს.

ოსებს რუკები და სრულიად გაუგებარი ისტორია რომ დაუბეჭდეს რუსეთში, შემთხვევითი გგონიათ?! საკუთარი ისტორია (რომელიც ძალიან მდიდარია) ოსმა არც იცის, თორემ არც მისი შერცხვებოდა და არც სხვისი ისტორიის მითვისებას შეეცდებოდა. რად სჭირდება? ეს ხომ ჭეშმარიტებას თანდათან წაშლის და დროის შემდეგ ერთი სახელმძღვანელოც აღარ დარჩება, რომელიც მის ნამდვილ ისტორიასა და ღირსებაზე მიუთითებს. ქართველებისკენ ზურგით დგომით საკუთარ ისტორიას ვასამარებთ. ჩემი საქართველოსადმი ერთგულებით ოსს ვიცავ, რადგან არ მსურს გადავგვარდეთ. სამწუხაროდ, თუ ასე გავაგრძელეთ, მართლაც გადავშენდებით.

ია ხეთაგური-დავითაია, ექიმი: - ახლა დუმილი დანაშაულია და უნდა ვთქვა, რომ ჩემი ერი უფსკრულისკენ მიექანება, ჩვენი გადარჩენა კი, დარწმუნებული ვარ, მხოლოდ საქართველოსთან ერთად არის შესაძლებელი.

დამნაშავე, ჩემი აზრით, არც ოსია და არც ქართველი. ამ განხეთქილებისა და ტრაგედიის მიზეზი ის იდეოლოგია გახლავთ, წლების მანძილზე რომ უჩიჩინებდნენ ოსებს.

ადამიანები, რომელთა გვერდითაც ცხინვალში ბავშვობა გავატარე, დღეს რომ ცოცხლები იყვნენ, ავ სიზმარშიც ვერ ნახავდნენ იმას, რაც მოხდა. 16 წელი ვიცხოვრე იქ, თითოეული მისი ხე და კენჭი მიყვარს. ათიოდე წლის წინ, მამაჩემის 100 წლის იუბილეზე ჩასულს, აყვავებული, გამწვანებული, თბილი ცხინვალის ნაცვლად დანგრეულ-გაპარტახებული ქალაქი და გასაცოდავებული იქაურები დამხვდნენ.
ეს ტრაგედია ოსი ხალხის უფროა, ვიდრე ქართველის. ოსები ქართველებზე მეტად მებრალებიან, რადგან მცირერიცხოვან ერს გადაშენების მეტი საფრთხე აქვს, საქართველო კი სახელმწიფოებრიობას შეინარჩუნებს და არ დაიღუპება. დარწმუნებული ვარ, ოსთა ჯანსაღი ნაწილი ჩემსავით ფიქრობს და მშვენივრად აცნობიერებს, რომ ქართველების გარდა გულშემატკივარი არავინ გვყავს.

KARIBCHEნაირა ბეპიევა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოსური "მოამბის" რედაქტორი: - კავკასიელებს უამრავი რამ გვაერთიანებს, ყველაზე მეტად კი - მართლაც ძვალ-რბილში გამჯდარი ურთიერთსიყვარული და ძმობა... კავკასია, მიუხედავად სიჭრელისა და სირთულისა, ტრადიციულად, კონსოლიდირებული იყო, თბილისი კი - მისი ცენტრი... აქ ბევრი რამ ერთიანდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თბილისს ეს ფუნქცია დააკარგვინა.

კავკასიური სივრცე ბუნებრივად იტევდა ამ რეგიონის მკვიდრთა მშვიდობიან თანაცხოვრებას და თანამშრომლობას. ვიმედოვნებ, გონივრული პოლიტიკის შედეგად კავკასია კვლავ აღიდგენს ძველ კავშირებს.

მართალია, ჯერაც მძიმე ვითარებაა და ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ, მჯერა, ყველაფერი მშვიდობიანად მოგვარდება. ჩემთვის და ჩემნაირებისათვის, რომელთათვისაც მომხდარი უდიდესი ტრაგედიაა, ეს უპირველესი ამოცანაა.

ყოველთვის მქონდა კავშირი ქართველებთანაც და ოსებთანაც. ამდენი შერეული ოჯახი ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ორ ერს ერთმანეთი ძალიან უყვარს! ჩვენ ერთმანეთის გარეშე გზა არ გვაქვს. საბედნიეროდ, ეს კავშირი ხელოვნური კი არა, ბუნებრივია.

ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საშინელი ტრაგედია ოსებისთვისაც და ქართველებისთვისაც ოდნავ მაინც ასატანი გავხადო.

ერნა ჯიოევა, დიასახლისი: - მე და ჩემნაირები მიწაში ჩამარხულ ზარებს ვგავართ, რომლებიც, სადაცაა, დასკდებიან... ორმაგი ვარამი გვაქვს, ჩვენ ხომ კავკასიელები ვართ, უპირველესად კი - ქრისტიანები, რომლებიც ყურს უნდა უგდებდნენ დედაეკლესიას. რაც პატრიარქმა ბრძანა, ეს არის ჩემი და ჩემნაირების სათქმელი... ან ვახსოვდით ვინმეს საერთოდ "გაღმელებს", ახლა რომ გვემდურებიან, - ხმას რატომ არ იღებთო?! ხეობაში ხშირად შევსულვარ, იქაური სოფლების ოსებთანაც მისაუბრია და ვერ წარმოიდგენთ, რა საღად აზროვნებს უბრალო ოსი მოსახლეობა, მაგრამ ეს ხმა ისევ ომის კაკაფონიამ ჩაახშო...

მოღალატეები ხართო, - კოკოითისნაირები გვეუბნებიან, მაგრამ ვის ვუღალატეთ? მათ რომ არ ვუკრავთ კვერს და ბრმებივით არ მივყვებით გზას არსაით, იმიტომ ვართ მოღალატეები?! შეცდომა ქართველებსაც ბევრი ჰქონდათ და ოსებსაც, მაგრამ ამას უნდა გადავაყოლოთ ერთმანეთი? მართლაც, ვისაც ყური აქვს, კარგად გაიგონებს უწმინდესის მოწოდებას და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.

მენატრება დრო, რომელიც მოვა...
9-1. ინტერვიუ სულიერ საკითხებზე.
ბეჭდვა
1კ1